თომას ედისონის ბომბორა ძაღლი

ქართ ვონეგათი

იმ მშვენიერ დილას თამფა ბეიში ბაღის გრძელ მერხზე ჩამომჯდარიყო ორი მოხუცი და ფლორიდის მზეს ეფიცხებოდა. ერთი გატაცებით კითხულობდა წიგნს, თან ცდილობდა, წაკითხული არ გაჰბნეოდა, მეორე კი, სახელად ჰაროლდ ქეი ბალარდი, მისი ცხოვრების თავგადასავალს ჩაჰყვიროდა ყურში. ხმამაღლა, ვნებით და გამოთქმით, როგორც საჯარო გამოსვლისას იციან ხოლმე. იქვე წამოკოტრიალებულიყო ბალარდის ლაბრადორი და წიგნის მკითხველის კოჭებს ყნოსავდა ხანგაშვებით. სველი ცხვირის ყოველი შეხება ჟრუანტელს ჰგვრიდა მოხუცს.

ბალარდს ბევრი ჰქონდა მოსაყოლი – სანამ პენსიაზე გავიდოდა, ათასი საქმე გამოიცვალა და ყველგან წარმატება შეხვდა, ამიტომ საკუთარ დიდად საგულისხმო წარსულს რუდუნებითა და წვრილად მიმოიხილავდა ხოლმე.

მაგრამ ის გადააწყდა იგივე პრობლემას, რომელიც ასე კარგად იციან კანიბალებმა – ყოველი მსხვერპლი, სამწუხაროდ, ერთჯერადია და ხელმეორედ ვერ გამოიყენებ. ყველა, ვისაც თუნდაც ერთი საათის გატარება მოუხდა ბალარდთან, მისი და მისი ძაღლის დანახვაზე საგულდაგულოდ იმალებოდა და ვერაფრის დიდებით დაითანხმებდი ერთი მერხის გაზიარებაზე.

ამიტომაა რომ ბალარდი და მისი ძაღლი ყოველდღე გადიან პარკში და დაეძებენ ახალ სახეებს. ამ დილით ძალიან გაუმართლათ – მაშინვე იპოვეს ეს უცნობი, ჯერ კიდევ ბოლო ღილამდე შეკინძული პერანგით, გახამებული საყელოთი და ჰალსტუხით. აშკარაა, ახლახან ჩამოსულიყო ფლორიდაში და წიგნის გარდა, სხვა საქმე არ აჰქონდა.

Continue reading “თომას ედისონის ბომბორა ძაღლი”

ჰარისონ ბერჯერონი

ქართ ვონეგათი

ეს დღეც დადგა. იყო 2081 წელი და ყველა იყო თანასწორი. თანასწორი არამხოლოდ ღმერთისა და კანონის წინაშე. თანასწორი – ყველაფერში. თანასწორი – ყოველმხრივ. არავინ იყო სხვაზე ჭკვიანი. არავინ იყო სხვაზე ლამაზი. არავინ იყო უფრო ძლიერი სხვაზე ან უფრო სწრაფი, ვიდრე – ვინმე სხვა. ყველაფერი ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის 211-ე, 212-ე და 213-ე შესწორებების თანახმად და განტოლების ეროვნული ბიუროს – „განერბოს“ დაუღალავი მეთვალყურეობის ქვეშ.

თუმცა, სრულყოფილების დაცვა არ არის იოლი საქმე. და აპრილის ჭინჭყლი ამინდი ძველებურად მოქმედებს ზოგიერთზე, როგორც – უწინ. იმ წლის აპრილში იყო სწორედ, ბიუროს ფედერალურმა აგენტებმა ჯორჯ და ჰეიზელ ბერჯერონების თოთხმეტი წლის ვაჟი, ჰარისონი რომ დააპატიმრეს.

Continue reading “ჰარისონ ბერჯერონი”