Pepsi-სთან ერთად უფრო გემრიელია

პოსტი ლადოს, რომელიც პეპსის ცოცხალი თავით არ სვამს 🙂

PepsiCo-ს ხშირად ჰქონია სარეკლამო კამპანიები, რომელსაც შემდეგ რეკლამის, მარკეტინგის სალექციო კურსების, პრაქტიკული მეცადინეობებისა და სახელმძღვანელოებისთვის დაიტაცებდნენ ხოლმე. Pepsi vs Coke სარეკლამო ფრონტებზე ბრძოლის ამბები ამ ბლოგზეც მაქვს აქა-იქ გაბნეული…

წელს, ჰამბურგერის დღეს, რომელსაც ამერიკა 28 მაისს აღნიშნავს, PepsiCo-მ ახალი სარეკლამო კამპანია წამოიწყო “პეპსისთან ერთად უკეთესია” (Better With Pepsi) პოსტერების არაჩვეულებრივი სერიით.

Burgers go better with Pepsi

Continue reading “Pepsi-სთან ერთად უფრო გემრიელია”

How-To: ფრანგული ნასკვი

არის ამბები, მთელი ცხოვრება რომ არასწორად ვიმეორებთ. იმიტომ რომ ბავშვობაში გვასწავლეს არასწორად. ან ჩვენ თავად ვისწავლეთ. ასეთი ამბავია.

დროა, გამოვასწოროთ.

მაგალითად – თასმები. თასმებს ფეხსაცმელზე არასწორად ვიკრავთ. ყველა არა, მაგრამ – უმრავლესობა. დამოუკიდებლად შეთასმვა ჯერ რომ არ ვიცოდით, მშობლები ან ბებია-ბაბუები გვითასმავდნენ და ასე გვასწავლეს და ვაგრძელებთ დიდობაშიც – საბავშვო ნასკვით.

ფეხსაცმლის თასმის საბავშვო ნასკვი იოლად იკვრება, მაგრამ იოლადვე იხსნება წამდაუწუმ, ამასთან, მოღრეცილია, ოკრო-ბოკრო და ასიმეტრიული.

დროა, ჩაანაცვლო ფრანგული ნასკვით.

ფრანგული ნასკვი არის ორი სახის. ორივე ელეგანტურია, სიმეტრიული, უხდება ფეხსაცმელს და არ გაგეხსნება უდროო დროს.

Continue reading “How-To: ფრანგული ნასკვი”

ფრანგი ქალღმერთი

ამასწინათ მეგობარმა, რომელსაც დეტექტივები არ უყვარს დიდად და არც “ნამდვილი დეტექტივი” აქვს ნანახი, არც – “ფარგო”, არც – “ხიდი”… (ჰო, “ფარგო” მთლად დეტექტივი არაა, მაგრამ მაგარია (ფილმიც და სერიალიც) ძალიან)… მოკლედ, ვისხედით, ვსვამდით ყავას შოკოლადის ტარტალეტითა და ვაფლით, ვლაპარაკობდით აქეთურზე და იქეთურზე და “მენტალისტი” მირჩია. რაკი კარგი დეტექტივი ჭირს და კარგა ხანია არაფერი მინახავს, ცდა გადავწყვიტე.  “ფარგო” ვერაა. ვერც – “ხიდი”. მაგრამ ახლა ამ სერიალზე არ ვწერ. ეს დეტექტური სერიალი იქცა ინსპირაციად პოსტისა ფრანგ “ქალღმერთზე”.

“ქალღმერთს” პირველად ბევრი წლის წინ მოვკარი თვალი ფრანგულ კომედიურ-კრიმინალურ-ფანტასტიკურ ფილმში “ფანტომასი”. არ ვიცი, დღეს როგორაა, მაგრამ მაშინ, როდესაც “ფანტომასი” საბჭოთა ეკრანზე გამოუშვეს, ამ ავტომობილის კადრში “შემოსვლა” სუნთქვის შეკვრა, აღტაცება, ფურორი და შოკი იყო.

Fantomas DS

თეთრი ფერის “ქალღმერთით” ფანტომასი გარბის, შავი ფერის “ქალღმერთით” კი კომისარი ჟიუვი მისდევს. თუმცა, ეს მეორე, კი ხედავთ, მთლად წარმატებული ვერაა.

“ქალღმერთი” სიტროენის ფირმის ავტომობილია. Citroën DS (Déesse – ფრანგულად “ქალღმერთია”). კომპანიამ 1955 წელს წარადგინა პირველად და მისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური დიზაინისა და ტექნოლოგიურად დახვეწილი ავტომობილი იყო. 1975 წლამდე აწარმოებდნენ მცირე მოდიფიკაციებით (DS19, DS21, DS23). დღესაც არაერთია შემონახული თაყვანისმცემელთა და კოლექციონერთა ავტოფარეხში.

Continue reading “ფრანგი ქალღმერთი”

დიუსელდორფში – ფინჯანი ყავისთვის

Dritan Alsela Coffee 2დიუსელდორფში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ რისთვის ღირს იქ ჩასვლა, კარგად ვიცი. ისე კარგად, რომ, კეჟერაძის თქმის არ იყოს, კაცი ვერ იტყვის, თუ ვინაა ჭეშმარიტად ნამყოფი დიუსელდორფში, მე, თუ რომელიმე ჩიბუხგაჩრილი ლოცმანი, რომელმაც გემით მთელი მსოფლიო შემოიარა.

რატომ უნდა ჩახვიდე დიუსელდორფში? შეგიძლია, მოინახულო რაინშტადიონი, სადაც ქართულმა ფეხბურთმა ყველაზე დიდი გამარჯვება იზეიმა – თბილისის “დინამომ” ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა… მაგრამ დღეს აღარც ეგ ტურნირი ტარდება და ის სტადიონიც დაანგრიეს. შეგიძლია, ბლოგერ ქეითს ესტუმრო, თუ დაბლოკილი არ ყავხარ და კარი გაგიღო. Smile მაგრამ ყველაფერს სჯობს, აეროპორტიდან პირდაპირ Schlüterstraße 3a-სკენ აიღო გეზი, სადაც დიუსელდორფის საუკეთესო ყავახანაა. სად გერმანია და სად ყავა, რატომ ლუდხანა არო – იტყვით. დანარჩენ გერმანიაში, კიბატონო – ლუდი, მაგრამ დიუსელდორფში – ყავახანა. დიუსელდორფში გერმანიისა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბარისტაა. დრიტან ალსელა (Dritan Alsela). ალბანელია წარმოშობით და გერმანიაში იტალიური კაფე აქვს. Smile ასეთებიც ხდება. მაგრამ იტალიელი თუ არაა, სულაც არ ნიშნავს, რომ ყავის ავან-ჩავანი არ იცის. მისი ყავა ერთდროულად კულინარიული შედევრიცაა და ხელოვნების ნიმუშიც. პირველი – ვინც გასინჯა, მათგან ვიცი, მეორე კი… აგერ ნახეთ:

Continue reading “დიუსელდორფში – ფინჯანი ყავისთვის”

დავითი და ჯენიფერი

David Komaვინც დემნა გვასალია ორიენტაციის გამო დაიწუნა, სხვა გმირი მსურს შევთავაზო – დავით კომახიძე, ნატურალი, კაი პურის მჭამელი (ქართული სუფრა მენატრება ყველაზე მეტადო, ამბობს) მაგრამ – ცუდი კულინარი: კვერცხის შეწვაც არ იცის და უგემურ ყავას ხარშავს, უფლის სწამს, მოსწონს მონიკა ბელუჩი და სოფია ლორენი, სანკტ-პეტერბურგელი ქალი ყავს ცოლად და ტიერი მიუგლერის მოდის სახლის არტ-დირექტორია.

დავიდ კომა (David Koma) თბილისში დაიბადა. 8 წლის იყო, ოჯახი რომ რუსეთში გადაბარგდა საცხოვრებლად. იქ დაამთავრა კუსტოდიევის სამხატვრო სასწავლებელი და სანკტ-პეტარბურგის შტიგლიცის სახელობის სამხატვრო-საწარმოო აკადემია. პირველ ჩვენებებსაც პეტერბურგში მართავდა, ბოლოს, ლონდონს მიაშურა და, როგორც ამბობს, ბავშვობის ოცნებაც აიხდინა – Central Saint Martins College of Art&Design-ის მაგისტრატურაში განაგრძო სწავლა. პირველივე ნამუშევრებმა (ჩვენ რომ სადიპლომოს ვეძახით) წარმატება მოუტანა – ორი ჯილდო Harrods Design Award და  Vauxhall Fashion Scout Merit Award და კონტრაქტი ქსელ Harrods-თან.

დავიდ კომამ ბრიტანეთის მოდის საბჭოს ახალგაზრდა დიზაინერთათვის განკუთვნილი ფულადი პრემიაც მოიპოვა და ბრენდი David Koma დააფუძნა.

Continue reading “დავითი და ჯენიფერი”

დემნა გვასალია და ჯოანის ოჯალეშური

ალექსანდრ დიუმა, რომელსაც ბევრი ქვეყანა ჰქონდა მოვლილი და პარიზში ნაცხოვრება ბოლო-ბოლო და იქაურ პერო-ბომონდსაც არ მოკლებია, ქართველების ჩაცმულობით მოიხიბლა განსაკუთრებით (დიუმაზე და მის ქართულ შთაბეჭდილებებზე ადრე დავწერე უკვე კაი უშველებელი პოსტი), მაგრამ ტანსაცმლის დიზაინერი, ისეთი, მსოფლიოში რომ გაეტანა სახელი, ქართველებს არ გვყოლია. უცნაური კია. მაგრამ არც გასაკვირი. ბოლო-ბოლო ზღვისპირა ქვეყანას ნაოსანი არ გვყოლია და ზღვით ჩვენი გატაცება ნავის ფორმის ხაჭაპურით ამოიწურება. მაგრამ ეს იქეთ იყოს.

Demna Gvasalia BoF Coverმოკლედ, ტანსაცმლის დიზაინერი არ გვყოლია და მოდაში მეტწილად სხვებს ვუყურებდით – ახლა მოდელებსა და მსახიობებზე მექორწილე მდივნები და პრინცი მაჩაბელი სათვალავში მოსატანი მხოლოდ იმადაა, რომ სხვა არავინ გვყავს… არვინ გვყავდა, სანამ დემნა გვასალია გამოჩნდებოდა. დემნა გვასალია, ეჭვიც არ მეპარება, იცით. მისი სახელი ასე სამი-ხუთი წელია ძალას იკრებს და 2015 წლის შემოდგომაზე, როდესაც Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის თანამდებობა ვაკანტური გახდა, მოდის ამ ერთ-ერთმა ყველაზე ძველმა და პატივცემულმა მოდის სახლმა ეს პოსტი სწორედ ჩვენ თანამემამულეს შესთავაზა.

Continue reading “დემნა გვასალია და ჯოანის ოჯალეშური”

კულინარი და სკულპტორი

Chocolate-snails

Maggot-cupcakeChocolate-Stag-Beetle

ის არაა, რაც გეგონათ. Smile

უცნაურ და ეგზოტიკურ კერძზე ადრეც  დამიწერია, შემწვარ-მოხრაკულ ჭია-ღუაზეც, მაგრამ ახლა ფოტოებზე ნამდვილი დელიკატესია. ყველას რომ უყვარს ის დელიკატესი – მასაც რომ უყვარს, ვისაც ჰგონია, რომ არ უყვარს.

შოკოლადი!

სარა ჰარდის (Sarah Hardy) არ ვიცი, კულინარი ვუწოდო თუ სკულპტორი. შოკოლადით სხვადასხვა ფიგურებს აქანდაკებს. პირველად მაინც კულინარია იყო. აკადემიის კურსდამთავრებულმა რესტორანში დაიწყო მუშაობა. მისი საფირმო კერძები იყო ტკბილეული: სხვადასხვა სახის ნამცხვრები, ორცხობილა, ხრაშუნები და ფუმფულები. თუმცა, ხატვითაც ბავშვობიდან ხატავდა – დედამისი ხელოვნებათმცოდნე და ანტიკვარია, და ხელოვნების ნიმუშებს შორის გაიზარდა. მაშინვე ცდილობდა მათ კოპირებას. ხან ხატავდა, ხან – ძერწავდა. პლასტელინით, თიხით, თაბაშირით. შემდეგ – ფქვილითა და კრემით.

Continue reading “კულინარი და სკულპტორი”

მურვან-მელომან-ყრუ

მე-19 საუკუნეში მისალმების ნიშნად კაცი ცილინდრს მოიხდიდა ხოლმე, დღეს ყურსასმენს იღებს ყურიდან… განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად – მეორე ყურიდანაც.

როდესაც დროის დიდ ნაწილს ვატარებთ გარეთ – ქუჩაში, საცობში, ჯიმში, მოლში ყურსასმენი ბევრს მუდამ თან აქვს. ასე ვარ მეც. რამდენ ყურსასმენს გაუვლია ჩემი ყურის ნიჟარებში, ვერც დავთვლი. ბოლო ხანებია უსადენო – wireless მოდელებზე გადავედი. ვინც ტრადიციული, სადენიანი ყურსასმენის უსადენოთი ჩანაცვლებას ფიქრობს, სამ მათგანზე დავწერ, მთელი მათი შუქ-ჩრდილებით.

NB! მხოლოდ სტერეო-ყურსასმენებს ვგულისხმობ. მუსიკის მოსასმენადაც რომ გამოდგება. ლინკზე გადასასვლელად – დაკლიკეთ ფოტოზე.

იაფი.

სამწუხაროდ, სასწაული არ ხდება. იაფ უსადენო ყურსასმენს ხარისხიან ჟღერადობას ვერ მოვთხოვთ. აკუმულატორიც სუსტი აქვს და კონტაქტიც ყოველთვის ვერაა სტაბილური.

Continue reading “მურვან-მელომან-ყრუ”