ანდრიი დმიტრუკი
ახლახან ცხოვრებაში პირველად მივედი ფსიქიატრთან.
გრძნობა, რომელიც მისი კაბინეტის შესასვლელთან დამეუფლა, სულაც არა ჰგავდა იმ შფოთვას, ექიმთა მოსაცდელები რომ არის სავსე. ვეებერთელა გვიმრის ფოთლებიდან ასხლეტილი მწვანე შუქი ფაფუკ სავარძლებზე და თავად ექიმი, თვით ვალენტინ ვიშნევსკი, რომელიც ნათელ, ტროპიკულ კუთხეში იჯდა და საოცრად „ჩემიანი“ ჩანდა. ახალგაზრდა ასაკისა, თბილი მზერით, პირთხელი, ცხვირა, გრძელი კისერი, თეთრი პერანგშეხსნილი საყელო… საიდან იცის ძირისძირამდე ადამიანის სულის მაღაროები? მოგანდომებს, ვალიკი დაუძახო და დაპატიჟო სტუმრად, ვერანდაზე ჩაის დასალევად ღამის ტყის სიმღერის ფონზე…
– გამარჯობა, ჯირი მიხოვიჩი ბრძანდებით, ხომ?
– დიახ, ექიმო.
– უბრალოდ ვალიკი დამიძახეთ… რას შეყოვნდით? თამამად… ლიმონათი? კოლა?
– გავკადნიერდები და… ჭიქა კონიაკი შეიძლება?