გესთ-პოსტი by Molly Bloom’s Day
მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
სულ მგონია, რომ ამ ქალაქთან ვალში ვარ.
სულ მინდა, ვილაპარაკო და ვწერო და ვწერო ყველგან, სადაც ვწერ. რამე განსაკუთრებული, რამე ისეთი, ღირსეული, ორი წლის მერეც რომ გადახედავ და კმაყოფილი დარჩები, კარგი გამოსულაო.
სათქმელი მაქვს იმდენი, ერთ წიგნს აიწონის.
მომაწვება ეს სათქმელი და მონატრება ყელში, გამეჩხირება ბურთივით, დავჯდები საწერად და ჩვეულებრივი ამბავი გამოდის. ჩვეულებრივი ამბები არაჩვეულებრივ ქალაქზე.
ბათუმი პატარაა. თბილისურ მანძილებს შეჩვეულთათთვის – მითუმეტეს. ახვალ ავტობუსში, აიღებ ბილეთს, მიიხედავ, მოიხედავ და უკვე შენი გაჩერებაა. აბაშიძის დასაწყისში რომ ჩაფიქრდები, თავს აწევ და უკვე პიონერთა პარკთან ხარ. ისე გაივლი მთავარ ქუჩას, ვერც შეამჩნევ. ოღონდ ბათუმელ მეგობართან ერთად თუ გამოხვედი სასეირნოდ, შეიძლება, ათი წუთის გზისთვის ორი საათი დაგჭირდეს. ასჯერ გააჩერებენ, მიესალმებიან, მოიკითხავენ, შენც მოგიკითხავენ, მერე რა, რომ არ გიცნობენ. აქ სტუმარიც ღვთისაა და სალამიც.