ისინი, ვინც ტოვებენ ომელასს

ურსულა ქ. ლე გუინი

ზარების რეკვით, რომლებმაც დააფრთხეს მერცხლები, ზაფხულის ზეიმმა შეაბიჯა ომელასში, ქალაქში ზღვას რომ დანათის ცად აზიდული მზეში ელვარე კოშკებით. ნავსაყუდელში გემებმა აღმართეს ჭრელი დროშები. ომელასში სახლები წითელი კრამიტით არის გადახურული, კედლებს კი ლამაზ ფერებად ღებავენ. ეზოებში ხავსმოდებული ბებერი მუხები დგას, ქალაქში გრძელი ხეივნებია. საჯარო შენობებსა და საზოგადოებრივ ბაღებს შორის, ფართო ქუჩებში გამოფენილან მოქალაქეები. ვის აღარ ნახავთ აქ – დარბაისელ მოხუცებს ლილისფერი და ფერფლისფერი უხეში მაუდის სამოსში. ქვის მთლელ ოსტატებს, აუჩქარებლად რომ მოაბიჯებენ. ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც ეტლებით ჩვილებს მიაგორებენ და მხიარულად ლაქლაქებენ გაუჩერებლივ. ჟღერს მუსიკა, დოლისა და დაფდაფის ხმა ისმის და ჰანგს ფეხაყოლილი მოქალაქეებიც ცეკვა-ცეკვით აგრძელებენ სვლას. მწყობრ მსვლელობას მხოლოდ ბავშვები აფორიაქებენ. ხტიან წინ და უკან, დანავარდობენ და მათი კისკისი თან მიჰყვება მერცხლებს ღრუბლებში. ხალხს გეზი უჭირავს ქალაქის ჩრდილოეთისკენ, დიდი მდელოსკენ, რომელსაც „მწვანე ველს“ ეძახიან. სადაც ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები, ტანთ შიშვლები, ტალახში მოთხვრილი ტერფებით და თხელი წვივებით, ბედაურებზე შემომჯდარნი ელიან რბოლას. გრძელი, მოქნილი ხელებით ჩაფრენილან ულაგამო აღვირს – სხვა აღკაზმულობა ცხენებს არ აქვთ, მხოლოდ ფაფარში ჩაწნული ვერცხლის, ოქროსა და მწვანე ფერის აბრეშუმი. ნესტოები დაუბერავთ, ფრუტუნებენ, ყალყზე დგებიან აღელვებით, ერთმანეთს აწონებენ თავს და შეჯიბრში იწვევენ. ცხენი ერთადერთი ცხოველია, ვინც ადამიანთა ზეიმი თავისად დაიგულა.

Continue reading “ისინი, ვინც ტოვებენ ომელასს”