აქ, შესაძლოა, ვეფხვები იყვნენ

სთივენ ქინგი

ამაოდ იტყუებდა თავს, რომ სადაცაა შესვენების დროა. ან როგორ გინდა, თავი მოიტყუო, როდესაც შარდის ბუშტი გასკდომაზე გაქვს და ქალბატონი ბერდი ამჩნევს, სკამზე როგორ წრიალებ.

„ეიქორნ სთრითის გრამატიკის სკოლის“ მესამე კლასს სამი მასწავლებელი ჰყავდა: ახალგაზრდა, ქერა და მხიარული ქინი, ვისაც დღის ბოლოს მეგობარი ბიჭი აკითხავდა ხოლმე ცისფერი „კამაროთი“; თრასქი, რომელიც ფუმფულა ბალიშს ჰგავდა, თმას ბაფთით იკრავდა და ხმამაღალი როხროხა სიცილი იცოდა; მესამე იყო ბერდი.

ასეთი რამ ჩარლზს მხოლოდ ბერდთან თუ შეემთხვეოდა. ასეთია ბედისწერა – ეჭვიც არ შეჰპარვია. კარგა ხანია, ბერდმა ჩარლზს თვალი დაადგა და მისი განადგურება ჩაიდო გულში. ბერდმა ბავშვებს სარდაფში ჩასვლა აუკრძალა. სარდაფში გათბობის ქვაბია და კარგად აღზრდილი ბიჭები და გოგონები იქ არ დადიან. სარდაფები ძველმანების შესანახადაა და ყველაფერს თითის სიმსხო მტვერი დასდებია. ამიტომ ახალგაზრდა ქალბატონებისა და ბატონების ადგილი იქ არ არის. მათ საჭირო ოთახით უნდა ისარგებლონ, – ასე ამბობდა ბერდი.

ჩარლზი მოუსვენრად ცქმუტავდა სკამზე და ბერდმა თვალი თვალში გაუყარა, თან საჩვენებელი ჯოხი რუკაზე ბოლივიიდან არ აუღია.

Continue reading “აქ, შესაძლოა, ვეფხვები იყვნენ”

გრძნობა, რომელსაც მხოლოდ ფრანგული სახელი ჰქვია

სთივენ ქინგი

„ფლოიდ, რა ხდება? ფუი, შენი…“

მამაკაცის ხმა, რომელიც ამას ამბობდა, ბუნდოვნად ეცნო, მაგრამ თავად სიტყვები საიდანღაც ამოგლიჯესო, თითქოს, არც თავი ჰქონდა, არც – ბოლო. იმას ჰგავდა, პულტს რომ მოიგდებ ხელში და არხიდან-არხზე ხტი. ვინ არის ფლოიდი? ეგეთი ვერვინ გაიხსენა. ასე დაიწყო ყველაფერი. შემდეგ დაინახა პატარა გოგონა წითელ სარაფანში.

ჯერ იყო სიტყვები. მაგრამ გოგონას დანახვამ ის გრძნობა კიდევ გაუმძაფრა.

– აი, ის გრძნობა… – ჩაილაპარაკა ქერალმა.

სოფლის მაღაზია აბრაზე წარწერით Carson’s – ლუდი, ღვინო, საყასბო, თევზის სატყუარა, ლატარიის ბილეთები. და ზღურბლთან ჩაცუცქული გოგონა სარაფანში, ღია წითელი ფერის კაბის კალთები თეძოებს შორის ამოედო, თოჯინათი თამაშობდა. ხამი ქსოვილისგან შეკერილი, ჭუჭყიანი ტიკინა იყო, თივით გატენილი. ყვითელი დალალები ჰქონდა.

– რა გრძნობა? – ჰკითხა ბილმა.

– შენ იცი… რომელსაც ფრანგული სახელი ჰქვია… სიტყვა დამავიწყდა…

– Deja vu, – ბილმა შეახსენა.

– ჰო, ეგა, – თქვა და კიდევ ერთხელ გახედა გოგონას, – ახლა თოჯინას ცალ ფეხში ჩაავლებს ხელს… თავდაყირა, – ფიქრობდა ქერალი, – თავდაყირა დაიჭერს ცალი ფეხით და ყვითელი თმები მიწაზე დაეფინება.

მაგრამ გოგონამ თოჯინა მაღაზიის ნაცრისფერ კიბეებზე მიაგდო და ძაღლის სანახავად გაიქცა, რომელსაც ყურები დაეცქვიტა და ავტომობილის უკანა ფანჯრიდან იცქირებოდა.

Continue reading “გრძნობა, რომელსაც მხოლოდ ფრანგული სახელი ჰქვია”

მამაკაცი, რომელსაც უყვარდა ყვავილები

სთივენ ქინგი

1963 წლის მაისის ადრეულ საღამოს, ნიუ იორქის მესამე ავენიუს ახალგაზრდა მამაკაცი მიუყვებოდა. სწრაფი ნაბიჯით. ერთი ხელი ჯიბეში ჩაეყო. ჰაერი იყო მსუბუქი და კეკლუცი, ცა ნელ-ნელა იცვლიდა ფერს ლურჯიდან გრილ და ტკბილ იისფრამდე. ხომ არის ხალხი, ქალაქი რომ გამორჩეულად უყვარს – ესეც ისეთი საღამო იყო, ქალაქს რომ შეგაყვარებს. საყასბოს, ქიმწმენდის და რესტორნის კართან მდგარი იღიმოდა ყველა. მოხუც ქალბატონს საბავშვო მონჯღრეულ ეტლში ორი ფუთა ძეხვეული დაეტვირთა და მიაგორებდა. ახალგაზრდას თვალი ჰკიდა და მიესალმა:

– ჰეი, ლამაზო!

ახალგაზრდამაც გაუღიმა. ცერად. ხელიც დაუქნია.

ქალმა გზა განაგრძო. თან ფიქრობდა: შეყვარებულია. აბა, როგორ.

მართლაც, ასე გამოიყურებოდა – ღია ნაცრისფერი კოსტიუმი, საკინძეშეხსნილი საყელო. ვიწრო ჰალსტუხი ყელს ეფონებოდა. მუქი თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი. კანი ჰქონდა მკრთალი, თვალები კი – ღია ცისფერი. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ გაზაფხულის ამ თბილ საღამოს, იმ გამზირზე, 1963 წლის მაისში, ის მართლაც ლამაზი იყო და მოხუც ქალბატონს წამით მოგონებები აუშალა. თუმცა, გაზაფხულზე ვინ არ იქნება ლამაზი, როცა საღამოს პაემანზე მიეჩქარება. წინ, ალბათ, გემრიელი ვახშამი ელის და შემდეგ, ეგებ, იცეკვონ კიდეც. გაზაფხული წელიწადის ერთადერთი დროა, როდესაც მწარე მოგონებებიც დამტკბარია. ასე გაიფიქრა ქალბატონმა და გზა განაგრძო. რა კარგი ჰქნა, მას რომ გაესაუბრა და რა საამურია, მან რომ ღიმილი დაუბრუნა და – მისალმების ნიშნად აწეული ხელი.

Continue reading “მამაკაცი, რომელსაც უყვარდა ყვავილები”