რვაფეხა პოსტი

ამდენი ფეხსაცმელი რად გინდა, რვაფეხა ხარ?
ჩემი მეგობარი

რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი უბედური? იმიტომ რომ ფეხშიშველა დატანტალებდა. ამიტომ, ეს პოსტი იქნება ფეხსაცმელზე.

ახალს, ალბათ, ვერაფერს აღმოაჩენთ, თუმცა ერთი-ორი ისეთი მწარმოებელიც შეიძლება, ვახსენო, აქამდე რომ არ გაგეგონათ. და აქვე ვიტყვი, იმ კომპანიებს, რომელთა ძირითადი ბიზნესი ტანსაცმლის წარმოებაა და სხვა დანარჩენთან ერთად ფეხსაცმელსაც კერავენ, აქ გვერდს ავუვლი. მხოლოდ იმათზე დავწერ, ვისთვისაც ფეხსაცმელია ძირითადი ბიზნესი და ამით გაითქვა სახელი.

Kenneth Coleპირველი ჩემს სიაში არის Kenneth Cole. ქენეთ ქოლი ამერიკელი დიზაინერია, დღეს მისი მოდის სახლი აწარმოებს ტანსაცმელს, საათებს, ქამრებს, სხვა აქსესუარებს, პარფიუმს… მაგრამ ქოლმა ბიზნესი სწორედ ფეხსაცმლის შეკერვით დაიწყო (ქოლის მიერ ბიზნესის დაწყება ერთი სახალისო ისტორიაა და მასზე ცალკე პოსტიც მაქვს დაწერილი). ეს საქმე მას გენებში აქვს – მამამისიც ფეხსაცმლის მწარმოებელ კომპანიას თავკაცობდა. ქენეთ ქოლის ფეხსაცმელი მაღალი ხარისხითა და სანდოობით გამოირჩევა, მოდელების და ფასების გამა ისეთია, რომ ყველა გემოვნების ადამიანი შეარჩევს სათავისოს. თუმცა, ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ქენეთ ქოლის ფეხსაცმელი ჩვეულებრივზე ვიწროა ხოლმე – მისი ზომა D (რაც საშუალოს, სტანდარტს აღნიშნავს ამერიკული ფეხსაცმელების ზომის შკალაზე), ოდნავ უფრო ვიწროა, ვიდრე ბევრი სხვა მწარმოებლის D.

Clarks. ბრენდი, რომელიც ძალიან მიყვარს. რომარა “ქლარქსი”, არ გვექნებოდა ისეთი არაჩვეულებრივი ფეხსაცმელი, როგორიც “უდაბნოს წაღაა” (Desert boot) და რომელიც ასე უყვარდა ჯორჯ ჰარისონს. “ქლარქსი” ინგლისური კომპანიაა, 1825 წლიდან კერავს ფეხსაცმელს და ამ საქმეში არაერთი კბილი აქვს მოცვლილი. მასზეც მაქვს პოსტი დაწერილი და აქ ბევრს აღარ გავაგრძელებ, შეგახსენებთ მხოლოდ, რომ “ქლარქს”-ის მაღაზია ჩვენთანაც არის, “თბილისი მოლში”.

Aldo კანადური კომპანიაა. რამდენიმე წლის წინ გადავაწყდი შემთხვევით “ამაზონზე” ვქექე, ვქექე და შევძინე ერთი ფეხსაცმელი. სასინჯად. ძალიან კარგი აღმოჩნდა. რბილია. გამძლე. მას შემდეგ “ალდო” ჩემს სიაშია და ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდები, რას გვთავაზობს ახალს. ეს კომპანია კანადურია და მონრეალში მდებარეობს. 1972 წელს დააფუძნა ფრანგმა ბიზნესმენმა ალდო ბენსადუნმა. დღეს მისი ჯგუფი ფრიად პატივდებულია კვებეკში. პროვინციის სახელის მსოფლიოში გატანისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის ბენსადუნი კვებეკის ეროვნული ორდენის კავალერიც გახდა. მისმა სახელმა კი ჩვენამდეც ჩამოაღწია – “ალდო”-ს მაღაზია “თბილისი მოლშია”.

Continue reading