ჯენტლმენი ბეიქერ სთრითიდან

ჩემი სახელია შერლოქ ჰოლმსი. ჩემი საქმეა ვიცოდე, რაც სხვამ არვინ იცის.
ართურ ქონან დოილი. ლურჯი კარბუნკული.

Holmes Jeremy Brettართურ ქონან დოილი მისი დროის ყველაზე პოპულარული მწერალი იყო. მან მოიფიქრა პერსონაჟი, რომელიც ლონდონის სავიზიტო ბარათად იქცა. როგორც ბიგ ბენი. როგორც თაუერი. ბაქინგემის სასახლე. ლიტერატურულ გმირს, მწერლის მიერ გამოგონილ, არარსებულ მისამართზე წერდნენ წერილებს, როგორც ცოცხალს. დღეს ეს მისამართი უკვე არსებობს და იქ ამ არარსებული ადამიანის სახლ-მუზეუმია. ჰოლმსი კერძო დეტექტივთა რამდენიმე ასოციაციის საპატიო წევრია. დეტექტივთა კიარა, ბრიტანეთის “ქიმიკოსთა სამეფო საზოგადოების” წევრიც არის. მიკვირს, რომელიმე სიმებიან ინსტრუმენტებზე დამკვრელთა დასის წევრიც რომ არ გახდა აქამდე… საუკეთესო კინოჰოლმსი კი ათეული წლების განმავლობაში ჰოლივუდელი იყო. არა, ბეიზილ რეთბოუნზეც ამბობდნენ ბრიტანელები – ჩვენიაო, როგორ არ ამბობდნენ, მაგრამ ის მაინც ჰოლივუდის ჰოლმსად რჩებოდა.

როგორც ებრაელები აღთქმულ ქვეყანას, ასე ეძებდნენ ინგლისელებიც თავიანთ იდეალურ კინოჰოლმსს – რეთბოუნის ჰოლმსიანის შემდეგ მთელი  40 წელი. 80-იანების დასაწყისში  Granada Television-მა დაიწყო დიდი პროექტისთვის მზადება – ქონან დოილის დეტექტივების სრული ეკრანიზაცია. პირველი ტელეფილმი 1984 წელს აჩვენეს, ბოლო 1994-ში. ჩანაფიქრის სრულად განხორციელება ვერ მოახერხეს (მიზეზებზე დავწერ) – 60 ამბიდან 42 გადაიტანეს ეკრანზე. მაგრამ ეს მაინც ყველაზე სრულყოფილი ეკრანიზაციაა იმათ შორის, რაც იქამდე იყო და იმათ შორისაც, რაც შემდგომ გვაქვს. ფრთხილი მოპყრობა პირველწყაროსთან, დიალოგების ზუსტად გადმოტანა, კოსტიუმები, ინტერიერი, მე-19 საუკუნის ინგლისისა და ეპოქის ზუსტი რეკონსტრუქცია. ეს ყველაფერი და ჯერემი ბრეთი (Jeremy Brett) – მსახიობი, რომელმაც სული და გული ჩადო მის კინოგმირში. კარიერა და ცხოვრება შესწირა. გადატანითი არა – პირდაპირი მნიშვნელობით!

Continue reading

ეტიუდი შავ-თეთრ ფერებში

 

Sherlock Holmes -  Basil Rathbone მისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო. ჰოლივუდის დიდების ხეივანში ერთბაშად სამი ვარსკვლავი აქვს: ერთი კინოროლებისთვის, მეორე ტელეროლებისთვის და კიდევ ერთი რადიოდადგმებში მონაწილეობისთვის. საუკეთესო ნამუშევრებად მიიჩნევდა რომეოს – თეატრალურ სცენაზე და ჰოლმსს – ფილმებში. მისი სახელია ბეიზილ რეთბოუნი (Basil Rathbone) და ის საუკეთესო ამერიკელი შერლოქ ჰოლმსია (მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკაში დაიბადა და ინგლისელი იყო Smile).

რას აკეთებს ინგლისელი თეატრალური მსახიობი ინგლისში? სწორია – თამაშობს შექსპირის პიესებში. და ვინ იცის, რამდენი ხანი მოუწევდა ბეიზილ რეთბოუნს, როგორც იმერეთში იტყვიან, სცენაზე ჯღანაობა, ყუფარაძე რაიყოდა, Metro-Goldwyn-Mayer-იდან რომ არ დაერეკათ.  30-იანებიდან მოყოლებული წელიწადში რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმში მონაწილეობდა და მას შემდეგ, რაც უკვე ბროდვეიდანაც მიიღო შეთავაზებები, საბოლოოდ აიკრა გუდა-ნაბადი და ნიუ იორქში გადაბარგდა.

— რა კარგი ბავშვია, — შესძახა ჰოლმსმა, — დახეთ, ამ ონავარს, რა ვარდისფერი ლოყები აქვს! გვითხარი, აბა, რას ინატრებდი ახლა?
— შილინგს, — უპასუხა ბიჭმა დაფიქრებით.
— ჰმ! სხვას არაფერს?
— ორ შილინგს! — კიდევ ცოტა დაფიქრდა და ისე მიუგო ბიჭმა.
ართურ ქონან დოილი. ოთხთა ნიშანი, თავი 8

Continue reading

სწორედ ის ხოლმსი

Holmes and Watson posterამ ფილმებში ლონდონური ბეიკერ სტრიტის როლს იაუნელას ქუჩა ასრულებს რიგაში, ტემზის როლს კი – მდინარე ნევა ლენინგრადში. პერსონაჟთა სამოსი – ანაქრონულია, ოთახების ინტერიერი და ავეჯი – ეკლექტური. ფაიფური – უცნობი წარმომავლობის. Twinings Earl Grey-ის ნაცვლად ჩვენებურ “კოლხეთს” სვამენ და ვირჯინიული Arcadia Mixture-ის ნაცვლად Ява – Золотое руно ხრჩოლავს 90 კაპიკად. მანერები არაბრიტანულია და სახელები – დამახინჯებული… და ვინ მოთვლის კიდევ სხვა რამდენი ნაკლი აქვს ამ ფილმებს, მაგრამ იქ არის მთავარი – ნამდვილი შერლოკ ხოლმსი. რომელიც ისე ჰგავს თავად ქონან დოილის მიერ მოწონებულ, მხატვარ სიდნი ფეჯითისეულ ილუსტრაციას, თითქოს პორტრეტიაო.

ხოლმსი: რესტორან “ფერარიში”  გპატიჟებთ. მივირთვათ მწყერი და შატო-როზი დავაგემოვნოთ. დღეს მდიდარი ვარ!
ვატსონი: გმადლობთ. ისედაც მაძღრად ვარ.
ფილმი 1. გაცნობა

ვასილი ლივანოვზე ვამბობ, “საბჭოთა ხოლმსზე” იგორ მასლენნიკოვის ტელესერიალიდან “შერლოკ ხოლმსი და დოქტორი ვატსონი”. მხოლოდ სახის ნაკვთებიც არაა. ის ძალიან მომხიბლავი ხოლმსია. ქონან დოილს ნამდვილად მოეწონებოდა. და თუკი მოუსმენდა – ხომ მითუფრო. ვასილი ლივანოვის უჩვეულო ხიბლი ხომ მისი უნიკალური ხმაცაა. არავისში რომ შეგეშლება, ისეთი. ეს ხმა “შეძენილია” – მას შემდეგ დაებზარა მსახიობს, რაც ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს (ხოლმსიანაზე ბევრად ადრე) გაცივდა და მძიმე ანგინით ჩაწვა.

Continue reading

ექიმი, მწერალი, პატრიოტი

1891 წლის 4 მაისს პროფესორმა მორიართიმ შერლოქ ჰოლმსი კლდიდან  რაიხენბახის ჩანჩქერში გადააგდო. დიდი დეტექტივი დაიღუპა… მართალია, 10 წლის შემდეგ ის მკვდრეთით აღდგა, მაგრამ 1891 წლის 4 მაისს ამის შესახებ ჯერ არც პროფესორმა მორიართიმ იცოდა, არც დოქტორმა უოთსონმა და, ასე განსაჯეთ, არც სერ ართურ ქონან დოილმა. Cona Doyle სერ ართურ ქონან დოილი (Sir Arthur Ignatius Conan Doyle, 1859 წლის 22 მაისი – 1930 წლის 7 ივლისი) შოტლანდიაში დაიბადა, წარმოშობით ირლანდიელი იყო და ცხოვრების დიდი ნაწილი ინგლისში გაატარა. იყო ექიმი და მწერალი, ფეხბურთელი და რაგბისტი, მდაბიო და რაინდი, მოკრივე და მეზღვაური, კათოლიკე და აგნოსტიკოსი, მკვლევარი და მისტიკოსი, გამომგონებელი და მოგზაური, მილიონერი და მფლანგველი… მოასწრო იმდენი, რომ ათი ადამიანის ცხოვრებას ეყოფოდა და, რაც მთავარია, შექმნა შერლოქ ჰოლმსი (თუმცა, უფრო ზუსტია – შერლოქ ჰოუმზი)  – მისი ყველაზე ცნობილი და ყველაზე საძულველი პერსონაჟი.
Continue reading