უფლის ცხრა მილიარდი სახელი

ართურ ქლარქი

– თქვენი თხოვნა ცოტა არ იყოს უჩვეულოა, – უთხრა დოქტორმა ვაგნერმა, თან ხმაში გამოურია (ყოველ შემთხვევაში, ასე იმედოვნებდა) ღირსი სიდარბაისლე, – არ ვცდები, მგონი, პირველი შემთხვევაა, როდესაც ვინმეს ტიბეტური მონასტრის კომპიუტერით აღჭურვა სთხოვეს. არ მინდა, მეტისმეტად ცნობისმოყვარე გამოვჩნდე, მაგრამ მიჭირს წარმოდგენა, ასეთ მანქანას რა სარგებლობის მოტანა შეუძლია თქვენი… როგორა ვთქვა – დაწესებულებისთვის… იქნებ ამიხსნათ, რისთვის უნდა გამოიყენოთ?

– სიამოვნებით, – უპასუხა ლამამ, აბრეშუმის სამოსი შეისწორა და გვერდით გადადო ლოგარითმული სახაზავი, ვალუტის კურსის გამოთვლისთვის რომ იყენებდა, – თქვენი მანქანა, Mark V იოლად ახორციელებს ნებისმიერ არითმეტიკულ გამოთვლას მილიარდების ფარგლებში. თუმცა, ჩვენ გვაინტერესებს ასოები და არა ციფრები, ამიტომ, გთხოვთ, სახე უცვალოთ პროგრამას იმგვარად, რომ მანქანამ ციფრების ნაცვლად ასო-ნიშნების დათვლა შეძლოს. Continue reading “უფლის ცხრა მილიარდი სახელი”

შემდეგი მოიჯარენი

ართურ ქლარქი

– შეშლილი მეცნიერების რიცხვი, რომელთაც მსოფლიოს დაპყრობა სურთ, ერთობ გაზვიადებულია, – ასე თქვა ჰარი ფარვისმა და ლუდის კათხას ჩააცქერდა, – ყოველ შემთხვევაში, მე მხოლოდ ერთ ასეთს გადავეყარე.

– რაკი ასეა, ბევრი ვერ იქნება, – ბილ თემფლმა გახედა მჟავედ, – ეგეთ ვინმეს იოლად ვერ დაივიწყებ.

– ეგრეა, თან ის მეცნიერი, მე ვიზეც ვამბობ, სულაც არ მომეჩვენა შეშლილად… – უთხრა ჰარიმ გულმართალი კაცის იმ შეუვალი იერით, რომელიც მის სიტყვებში ეჭვის შეტანის სურვილსაც კი გაგიქრობდა, – შეშლილი არ იყო, მაგრამ მსოფლიოს დასაპყრობად კი ემზადებოდა… ან, ასე გეტყვით, – მზად იყო, ნება დაერთო მსოფლიოს დაპყრობისთვის.

– ნება დაერთო ვისთვის? – ჩაიფრუტუნა ჯორჯ უითლიმ, – მარსელებისთვის? თუ პატარა მწვანე კაცუნებისთვის ვენერიდან? Continue reading “შემდეგი მოიჯარენი”