ჩამოლაბორანტებული კოსტიუმი

როგორ ჩამოვალაბორანტოთ კოსტიუმი – ამ თემაზე დაწერილი პოსტი ერთ-ერთი პირველი იყო ბლოგზე. შორეულ 2009 წელს. Smile ახლახანს DMarge Magazine-ის რედაქტორის სვეტში მსგავს სტატიას გადავაწყდი და ბარემ იმ პოსტის ერთგვარ გაგრძელებას დავწერ. ცოტა ძველს გავიხსენებ და ცოტა ახალსაც დავუმატებ DMarge-იდან.

კოსტიუმი, ტრადიციულად, ფორმალურ ტანსაცმლად მიიჩნევა. ბევრი ოფისშიც აღარ იცვამს, თუკი რამე ძალიან ოფიციალური შეხვედრა არ აქვს დაგეგმილი და პიჯაკს ანიჭებს უპირატესობას. ფიქრობს, რომ კოსტიუმი ისეთი რამაა, ამგვარი იშვიათი შეხვედრების თუ საღამოს მიღებების დროს რომ ჩაიცვამ მხოლოდ. კიდევ ქორწილში და გასვენებაში. სხვა დროს გარდერობშია მოწყენილად. რა დაგიმალოთ და მეც ასე ვფიქრობდი.

მაგრამ 21-ე საუკუნემ ბევრი სიახლე მოიტანა. ფორმალური ჩაცმის სტილის გახალისება (როგორც იმ ძველ პოსტში დავწერე – ჩამოლაბორანტება), შეიძლება ისე, რომ კოსტიუმზე უარი არ ვთქვათ.

პირველი, ყველაზე იოლი და პოპულარული გზა კოსტიუმისა და ნაქსოვი სამოსის (სვიტერი, კარდიგანი) შეხამებაა.

Continue reading

Advertisements

ჰენრი მერვე, ცხენების ქურდი და დათუნია

ურბანული ლეგენდა ამბობს, კარლოს დიდის კანონთა კრებული მეფეთა გვარის ადამიანის ჩამოხრჩობას მხოლოდ და მხოლოდ ველვეტის ფაფუკ თოკზე განაჩინებდა კისერი რომ არ დაზიანებოდაო – აქედან მოდის სწორედ ამ ქსოვილის სახელწოდებაც Corduroy – corde du Roi, რაც ფრანგულად  “მეფის ბაწარს” ნიშნავს.

ეს მხოლოდ ლეგენდაა, მაგრამ ველვეტს მართლაც რომ მეფური ისტორია აქვს. უმაღლესი ხარისხის ბამბის ნართისგან ველვეტის მსგავსი ქსოვილის წარმოება ჯერ კიდევ მე-2 საუკუნეში დაიწყეს ეგვიპტის ქალაქ ფუსტატში. ევროპელთა გულის მოგებისთვის ველვეტს მთელი ათი საუკუნე დასჭირდა, ჩვენს კონტინენტზე ის გენუელმა ვაჭრებმა შემოიტანეს და სახელად, წარმოების ადგილის მიხედვით, ფუსტიანი შეურჩიეს. ქართული ყურისთვის მთლად კეთილხმოვნად ვერა ჟღერს, Portrait of Henry VIII by Hans Holbein the Youngerმაგრამ თავად ქსოვილი იმდენად მაღალი ხარისხისა იყო, რომ სწრაფად დაიპყრო გენუის რესპუბლიკაცა და მეზობელი ქვეყნებიც. არ ვიცი, ვინ იყო ის გამჭრიახი  ფაბრიკანტი, რომელმაც ეგვიპტიდან მომავალი გემების ლოდინით გადაღლილმა და კლიენტთაგან გულშეწუხებულმა, პირველმა შემოიკრა შუბლზე ხელი, თხა თხაზე ნაკლებიო და ფუსტიანის წარმოება იქვე, პორტის მახლობლად გამართა – ნილოსის ძალა მასა და მის მონაგარს. მე-14-მე-16 საუკუნეები ევროპული და ეგვიპტური ფუსტიანის ჭიდილის ხანაა, რაც, საბოლოოდ, ევროპელთა გამარჯვებით დასრულდა. ამ დროისთვის მას უკვე აწარმოებენ ყველგან, თუმცა, განსაკუთრებით მაინც იტალიური ქსოვილი ფასობს. სწორედ ნეაპოლური ფუსტიანისგან შეკერილ მოსასხამში იწონებს თავს მეფე ჰენრი VIII ჰანს ჰოლბეინ უმცროსის ტილოზე.

Continue reading

დავიკაპიწოთ მკლავები

შაბათის პოსტი

თუ შრომისმოყვარეობის გამო არა, სიცხის მიზეზით მაინც… Smile 

და გავაკეთოთ ეს ჟურნალ Esquire-ის მიხედვით.

Rollsleeves-1 Rollsleeves-2Rollsleeves-3

Rollsleeves

დავიკაპიწოთ და დავბრუნდეთ ბლოგზე. Winking smile

ესპადრილები კასტანიეთა მხარედან

– ასეთი ფეხსაცმელი თუ გაქვთ, ოღონდ – ქუსლიანი?

– ამ ფეხსაცმელს ქუსლი არ სჭირდება.

– მე კი მჭირდება! გაუკეთეთ ქუსლი და მთელ პარტიას შევიძენ.

ქალი განცვიფრებული მისჩერებოდა. ის. მისი მამა. მისი ბაბუა ყველანი ესპადრილების წარმოებით იყვნენ დაკავებულნი და ასეთი ახირებული კლიენტი ჯერ არ ენახათ. მაგრამ ერთ დროს წარმატებული ბიზნესი სულს ღაფავდა, კომპანია გაკოტრების პირას იყო, სტუმარი კი მთელი პარტიის ყიდვას ჰპირდებოდა და არც ფულს უჭერდა ხელს, ჰოდა, რა გაეწყობოდა – ბაბუის სულს პატიება სთხოვა და ქუსლიანი ესპადრილების კერვა დაიწყო. ეს ამბავი გასული საუკუნის 60-იანების მიწურულს მოხდა. ქალს იზაბელ კასტანიე ერქვა, ახირებული კლიენტის სახელი კი ივ სენ ლორანი იყო.

შემდეგ რა მოხდა, იოლად მიხვდებით – ივ სენ ლორანმა ისევე გააპოდიუმა ესპადრილები, როგორც ქელვინ ქლაინმა – ჯინსები და მაღალი მოდის ნაწილად აქცია.

Continue reading

საგრაფო ჟაკეტი

თბილა თუ არა, გვინდა თუ არა, ორ დღეში მაინც დაგვაზამთრდება.

Cardigan-Craigმე არ მინდა, მაგრამ ვინ მკითხავს – აცივდება, ალბათ და ყინვებიც იქნება. ჰოდა, გადავქექე ჩემი გარდერობი. საშემოდგომო რამეები იქეთ გადავკიდე, საზამთრო რამეები – აქეთ გადმოვკიდე. კარდიგანებიც.

კარდიგანი ისაა, ჟაკეტსაც რომ უძახიან ჩვენში. შეცდომით. სინამდვილეში კარდიგანი ჰქვია, უფრო ზუსტად თუ გამოვთქვამ – ქარდიგანი. ასე ეწოდება უელსის ქალაქ-საგრაფოს, რომლის რიგით მე-7 გრაფს, სერ ჯეიმს ბრადენელს (James Thomas Brudenell) უნდა უმადლოდეს ეს მშვენიერი, თბილი, მოხერხებული და ელეგანტური სამოსი თავის პოპულარობას. ამ ამბებს კი მთელი ორი საუკუნე გვაშორებს.

სად გენერალი და სად დიზაინერობაო, იფიქრებთ, მაგრამ სერ ჯეიმსი ერთი ახირებული, თავისნათქვამა და უცნაური კაცი იყო. დაუდგრომელი. ყველაფერი ეინტერესებოდა. ახალგაზრდობაში მრავალი ქვეყანა შემოევლო. რუსი ქალებით მოიხიბლა. შემდეგ – შვედი ქალებით. გემოვნებას – ვერ დავუწუნებ. 🙂 სხვათა შორის, მოგვიანებით ისიც კი მოახერხა, რომ ცოლი და საყვარელი ერთმანეთს დაუმეგობრა და ცხოვრობდნენ სამივენი ასე ტკბილად. ორგზის პარლამენტის დეპუტატი იყო და ორთავეჯერ გამოაგდეს იქედან, რაკი ხმას ისე აძლევდა, როგორც მოეპრიანებოდა და არა როგორც მისი პარტია, თორები მოითხოვდა. მესამედ რომ იყრიდა კენჭს, ერთ-ერთ უბანში ოპონენტი კანდიდატის მომხრეებმა ისე სცემეს, ძლივს გამოასწრო (კი, მაშინაც ხდებოდა ეგეთი რამეები)… ჰოდა, არ იკითხავთ, რა ქნა? მიბრუნდა უკან და 20’000 მაშინდელი ფუნტი (დღევანდელი კურსით მილიონზე მეტი) დახარჯა ამომრჩევლების მოსასყიდად და თავისი გაიტანა – არჩევნები მოიგო.

Continue reading

Vineyard Vines – ჰალსტუხიანი ვეშაპი

Our idea is to make products that people feel good in.
Ian Murray, “Vineyard Vines”

BLHOf2007_Shepherd_Ian Murray1998 წელს ძმებმა შეფ და იან მიურეიმ (Shep and Ian Murray) გადაწვიტეს ბაზრისთვის იმგვარი ტანსაცმლის შეთავაზება, რომელიც იქნებოდა სადღაც შუაში ყოველდღიურ (casual)  და ფორმალურ სტილს შორის – ამდენად, ორივე შემთხვევისთვის გამოდგებოდა.

მათი აზრით, საოფისე სამოსი ტრადიციულთან შედარებით, მეტად ხალისიანი უნდა ყოფილიყო – ისე, რომ სარკეში ჩახედვისას, ადამიანს გახსენებოდა, თუ რისთვის შრომობს.

თავად ახალბედა დიზაინერების შთაგონების წყაროდ – მათ მიერ კუნძულ მართას ვინიარდზე (Martha’s Vineyard) გატარებული არაჩვეულებრივი და მხიარული დღეები იქცა – აქედან დაიბადა კომპანიის სახელწოდებაც – Vineyard Vines (ქართულად ითარგმნება, როგორც ვენახის ვაზი). ხოლო, რაც შეეხება ლოგოს – ეს მათი მამის დამსახურებაა, რომელსაც ძალიან უყვარდა ვეშაპები და ჯერ კიდევ ბავშვობისას, ხშირად ხეზე კვეთდა მათ გამოსახულებას.

Continue reading

რა გვაჩუქა ამერიკამ?

საუბარი, რა თქმა უნდა, მსოფლიო მოდაში ამერიკის შენაწირზეა და, პირველ რიგში, ეჭვგარეშეა, ჯინსის შარვალი უნდა დავასახელოთ.

1. ლურჯი ფერის ხუთჯიბიანი ჯინსის შარვალი მეტალის მოქლონებით – ამერიკული კლასიკა, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო.

დღეს ჯინსის შარვალი დედამიწის ზურგზე, უდავოდ, ყველაზე პოპულარული casual სტილის ტანსაცმელია, რომელსაც მსოფლიოს ყველა წერტილში შეხვდებით. ის ნებისმიერი ასაკის, სქესის, რასის,  პოლიტიკური გემოვნებისა თუ რელიგიური აღმსარებლობის ადამიანს აერთიანებს. მეტიც, ყოველდღიური ცხოვრებიდან მან უკვე პოდიუმებზეც ააბიჯა (ამ საქმეშიც, გასაკვირი არაა, ამერიკელი დიზაინერები იყვნენ პირველები –კერძოდ კი ქელვინ ქლაინი, რომელმაც 1978 წელს  შექმნა ჯინსის შარვლების საავტორო კოლექცია).

Continue reading