PAUL
ქალაქ კრუაში პატარა საფუნთუშეს იმ დილით კლიტე რომ ჩამოხსნა და პირველად შეუღო კარი მყიდველებს, ფრანგი ხაბაზი შარლემან მაიო ნამდვილად არ იფიქრებდა, რომ 127 წლის შემდეგ, თბილისში 3-ჯერ მომიწევდა მის კაფეში მისვლა, იმისთვის რომ შევკვეხებულიყავი ძლივს და ორი თავისუფალი ადგილი მომეგდო გაჭირვებით.
“დონათები გაგვითავდა”-ო გამახსენდა. თუმცა, PAUL-სა და Dunkin’ Donuts-ს ვერ შევადრი. ფასთ-ფუდისა და დონათების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ “პოლი”-ს რეცეპტურა და ტკბილეული “ჟანრის კლასიკაა”. უგემრიელესი ბოლო ნამცეცამდე.
მაიოს საფუნთუშე PAUL დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა მცირე საცხობად, კრუას გარეთ ცოტა ვინმეს თუ გაეგონა. კრუა კი პაწაწკინტელა ქალაქია – 20’000 ადამიანი ცხოვრობს დღეს და 1889 წელს რამდენი იყო არ ვიცი. ალბათ, იმდენი, რამდენის დაპურებასაც შარლემან მაიო, მისი მეღლე და ორი შეგირდი გასწვდებოდა.
მაგრამ საფრანგეთში გურმან ხალხს რა დათვლის და თუკი მე აგერ, ვაკეში გავედი PAUL-ის ტკბილეულის დასაგემოვნებლად, ფრანგები ჯერ ლილიდან ეწვივნენ კრუას (7 კილომეტრია სულ), შემდეგ – სხვა ქალაქებიდან. მაიოს საფუნთუშის სახელმა პარიზამდეც ჩააღწია. მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან კი PAUL-ის პურ-ფუნთუშეული სუპერმარკეტების დახლებზეც გამოჩნდა (მათ შორის, “კარფურს” არ ეწყინოს და “აშანის” დახლებზე, რომლის ისტორიაც ასევე ქალაქ კრუადან იწყება).
დღეს PAUL – ესაა საცხობებისა და კაფე-რესტორნების ქსელი საფრანგეთსა და მსოფლიოს 30 ქვეყანაში. ახლა უკვე – საქართველოშიც. უგემრიელესი შოკოლადის ტარტლეტი (ტარტალეტკა – ჩვენებურად), შოკოლადის მაკარუნი (მაკარონი არა – მაკარუნი, ბისკვიტი), ფრანგული კულინარიის შედევრი – ეკლერი და, ცხადია, კრუასანი, რომელიც ვითომ ავსტრიელებმა კი მოიგონეს, მაგრამ კრემისა და შოკოლადის დამატებას სწორედ ფრანგები მიხვდნენ… აბა, რა იქნებოდა კრუასანი კრემისა და შოკოლადის გარეშე?