სამყაროს უკანასკნელი ღამე

რეი ბრედბერი

– თუ გეტყვი, რომ ამ ღამეს სამყარო დასრულდება, რას გააკეთებ? – ჰკითხა კაცმა.

– რას გავაკეთებ? მართლა მეკითხები, თუ ხუმრობ?

– არ ვხუმრობ.

– არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია – ქალმა ვერცხლის ყავადანი სახელურით მამაკაცისკენ მიატრიალა და ორი ფინჯანი დადგა ლამბაქებზე.

კაცმა ყავა მოსვა. ოთახის სიღრმეში, ლამფების მწვანე შუქზე ორი პატარა გოგონა ხალიჩაზე თამაშობდა კუბურებით. მწუხრის ჰაერში მოხარშული ყავის სადა, ხალასი სუნი ტრიალებდა.

– დროა, დაფიქრდე, – უთხრა.

– მართლა ამბობ? – ჰკითხა ისევ.

თავი დაუქნია.

Continue reading “სამყაროს უკანასკნელი ღამე”

ფეხით მოსიარულე

რეი ბრედბერი

ნოემბრის ნისლიანი საღამო იყო. ლეონარდ მიდს ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და სიჩუმეს მიუყვებოდა, მიაბიჯებდა ბეტონის დაბრეცილ საფარზე, აქა-იქ თავამოწვერილ ბალახებს შორის. უყვარდა სეირნობა, როცა ქალაქი დუმდა. გზაჯვარედინთან შეჩერდებოდა ხოლმე და მთვარით განათებულ ქუჩებს გახედავდა, ფიქრობდა, ოთხი კუთხიდან რომელი აერჩია, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არცა ჰქონდა – 2053 წელი იდგა და ამ სამყაროში ის იყო მარტო… ან – თითქმის, მარტო. ბოლოს აედევნებოდა არჩეულ ქუჩას და სუსხიან ჰაერში პირიდან სდიოდა ორთქლი, როგორც სიგარის კვამლი.

აათობით სეირნობდა და შინ ბრუნდებოდა ხოლმე, როდესაც შუაღამე უკვე გადაწურული იყო. ათვალიერებდა სახლებსა და ჩაბნელებულ ფანჯრებს – უკაცრიელ სასაფლაოს რომ მოგაგონებდათ. ციცინათელების ციაგს ირეკლავდა შუშები, კედლებზე ხედავდა თალხ აჩრდილთა ლაციცს და უსმენდა ფარდების ჩურჩულს, აქა-იქ ღიად დარჩენილი სარკმლებიდან.

თუ დაიღლებოდა, ლეონარდ მიდი შეისვენებდა ხოლმე, თავს დახრიდა, ყურს უგდებდა და უყურებდა, შემდეგ ისევ განაგრძობდა გზას და მისი ფეხის ხმაც კი არ არხევდა მდუმარებას – რეზინის სპორტული ფეხსაცმელი ეცვა, როგორც ყოველთვის, როდესაც საღამოს გადიოდა სასეირნოდ. კარგა ხნის წინ დარწმუნდა – ასე უფრო უსაფრთხო იყო, რაკი ქუსლების ბაკუნზე ძაღლები აედევნებოდნენ ხოლმე ყეფით, შუქები ინთებოდა ყველგან და შეშფოთებული სახეები თვალს აყოლებდნენ მის ეულ სხეულს, რომელიც მიაბიჯებდა ნოემბრის ღამეში უკაცრიელი ქუჩით. Continue reading “ფეხით მოსიარულე”

მთელი ზაფხული ერთ დღეში

რეი ბრედბერი

– მზად ხარ?

– კი.

– იწყება?

– მალე.

– მეცნიერებმა ზუსტად გამოთვალეს? ნამდვილად დღეს არის?

– დაელოდე, დაელოდე… თავად ნახავ!

ბავშვები მიაწყდნენ ფანჯრებს, ყელმოღერებით, როგორც ბაღის სარეველებს შორის ამოკოკრილი ვარდები, ფეხის წვერებზე იწევდნენ ღრუბლებში დამალული მზის დასანახად.

წვიმდა.

წვიმდა უკვე მეშვიდე წელი, ათასობით და ათასობით დღე ნისლში იყო გახვეული, წვიმა გაუჩერებლივ უკრავდა დაფზე, წვეთები, როგორც ბროლის თვლები ფაიფურის ჯამში გორავდნენ და წყლის ტალღები, ქარიშხლის მიერ ატაცებულნი, დაუნდობლად ესხმოდნენ კუნძულებს თავს. დიდრონი ხეები ათასგზის მოგლიჯა და წააქცია გრიგალმა იმად, რომ ათასი ახალი ამოზრდილიყო და კვლავ შეკრულიყო ტყედ. ასე ცხოვრობდა ვენერა და სასკოლო ოთახი სავსე იყო ბავშვებით, ვისი მამები და დედები ჩამოფრინდნენ დედამიწიდან, იმ იმედით, რომ ამ წვიმიან პლანეტაზე დასახლდებოდნენ და დააფუძნებდნენ ადამიანთა ცივილიზაციას. Continue reading “მთელი ზაფხული ერთ დღეში”

ცათმფრენი

რეი ბრედბერი

ძველი წელთაღრიცხვით მე-400-ე წელს ჩინეთის დიდ კედელთან ტახტზე ნებივრობდა იმპერატორი იუანი. უხვი წვიმებით დანამული მიწა ბიბინებდა მწვანედ და კარგ მოსავალს ჰპირდებოდა. მის ქვეშევრდომებს სამყაროში ყველაზე ბედნიერად ვერ ვიტყოდით, მაგრამ არც ყველაზე უბედურები იყვნენ.

გათენდა ახალი წლის მეორე თვის პირველი კვირის პირველი დილა. იმპერატორი იუანი ჩაის წრუპავდა და მარაოთი ინიავებდა თბილ ნიავს, როდესაც ბაღში დაგებულ ალისფერ და ლურჯ ფილებზე ფეხები აატყაპუნა პირფარეშმა, სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა და შესძახა:

– ჰოი, იმპერატორო, იმპერატორო, სასწაული!

– დიახ, – უთხრა იმპერატორმა, – ჰაერი მართლაც უჩვეულოდ ნაზია ამ დილით.

– არა, არა, სასწაული! – გაუმეორა მსახურმა და წელში მოიხარა.

– ჩაით ვიტკბარუნებ პირს, რა თქმა უნდა, ესეც სასწაულია.

– არა, არა, მეუფეო!

– აბა, იქნებ, გამოვიცნო – მზე ამოიწვერა და ახალი დღე გაგვითენდა. ზღვა კი ლაჟვარდისფერია. ეს არის სასწაულთა სასწაული.

– მბრძანებელო, ადამიანია ცაში!

Continue reading “ცათმფრენი”

ღიმილი

რეი ბრედბერი

ქალაქის მოედანზე ნელ-ნელა თავს იყრიდა ხალხი. დილის ხუთი საათი იყო. შორს, სოფლის მხარეს, დათრთვილულ ველებს გაღმა ყიოდნენ მამლები და საკვამურებიდან ჯერ არსად ჩანდა კვამლი. მხოლოდ ნისლი ეხურა ჩამოშლილ შენობებს.

მზე ამოიწვერა და გადაყარა ბინდი. კიდევ მეტი ადამიანი გამოვიდა სახლიდან გარეთ. მოდიოდნენ მოედნისკენ. მოუყვებოდნენ გზას წყვილად თუ სამ-სამად. შვიდი საათი შეიქნა. დღეს ბაზრობის დღე იყო. ზეიმის დღე.

პატარა ბიჭი იდგა მარტო, ორი მამაკაცის ზურგს აფარებული. კაცები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, პირიდან ორთქლი სდიოდათ და მათ ხმას დილის სუსხში გაჰქონდა ჭახანი. ბიჭი ფეხიდან ფეხზე გადადიოდა. აწითლებულ, აქერცლილ ხელებს უბერავდა, ითბობდა. ხანდახან წინა კაცების ჭუჭყიან, ჯუთის ტანსაცმელს გახედავდა ხოლმე და კიდევ წინ რიგში მდგომ მამაკაცთა და ქალთა თვალუწვდენელ მძივს. Continue reading “ღიმილი”