ლონდონი. სტინგი.

პოსტის ავტორია Tinita

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

წინათქმა

Cardპოსტი სიამოვნებით მოვამზადე ლორდისთვის, რომელსაც 90-იანებიდან ვიცნობ. გვარის გარდა საერთო ბევრი გვაქვს: აშშ-ში მივლინების მოგონებები, ლიტერატურის და კინოს სიყვარული, ჰო, კიდევ რამდენიმე საყვარელი ბრენდი, მაგალითად, „ფლეშმენ ბლეშმენი“. საკონსულომ გამგზავრების წინ შეცდომით ერთმანეთის ვიზები ჩაგვიკრა. სემინარებზე მრავალმნიშვნელოვნად დუმდა, თუმცა შეუმჩნეველი არაფერი რჩებოდა, მაღაზიებში რელევანტურ რჩევებს მაძლევდა, ბროდვეიზე განმარტოებით ხეტიალისას გონებაში ბლოგის კონცეფციას ამუშავებდა. სასტუმროში, მის გვერდითა ნომერში დილით რომ პოლიციამ მკვდარი კაცი იპოვა, ეს ფაქტი სრული სიმშვიდით აღიქვა. ამერიკელებს თავი მოსმენის უნარით და განსწავლულობით დაამახსოვრა. მოკლედ, რადგან ჩვენი მეგობრობა მოგზაურობით დაიწყო, ჩემს გესთპოსტშიც ერთი მოგზაურობის ამბავს მოვყვები.

ჩემი შეხვედრა სტინგთან

Stingმაშინ სტინგი ისე მიყვარდა, sweet seventeen-ს რომ ახასიათებს: დაქალები ჟურნალებიდან ამოჭრილ ფოტოებს მჩუქნიდნენ, ტელევიზორში ხმას რომ გავიგონებდი, ის დღე ზეიმი იყო, ფირფიტებს და მეკობრულ კასეტებს ვაგროვებდი, სიმღერის სიტყვებს ბლოკნოტებში ვიწერდი… (უცნაური და სასაცილოა: no mp3, Google, YouTube…) ერთხელ, მეგობარმა მისი ორიგინალი კასეტის შიდა ფურცლიდან ამოწერილი ფანკლუბის მისამართი მომცა. სრულიად აუტანელი, რომანტიკულ–იდეალისტური წერილი მივწერე. პასუხად ნიუსლეთერი, კლუბის წევრობის პირობები და გასაყიდი სუვენირების სია მივიღე. ქუთაისის ფოსტის სერვისს არ ვენდობოდი და ჩემი უნივერსიტეტის პრორექტორის მისამართი მივეცი. პრორექტორის ცნება ალბათ უცხო იყო და ასეთწარწერიანი კონვერტები მომდიოდა: “Protector for International Relations”. სწავლასთან ერთად ერთ ბრიტანულ პროექტში ვმუშაობდი. იქ მიწვეული ექსპერტები ლონდონში ხშირად დადიოდნენ, ამიტომ ჩემს წერილებს მათ ვატანდი, საწევრო გადასახადი კონვერტში ნაღდი ფულით მედო. ვიწერდი მაისურებს, სხვადასხვა სუვენირებს, ნიუსებს ვყლაპავდი: ზეპირად ვიცოდი, როდის რომელ ქვეყანაში ჰქონდა კონცერტი. ბაინდერში სათუთად ვინახავდი ფერად–ფერად, A4 ფორმატზე დაბეჭდილ ნიუსლეთერებს. კლუბიდან მეგობრებიც გავიჩინე: თავიანთ საფოსტო მისამართს აქვეყნებდნენ და ითხოვდნენ, მეგობრობის მსურველები Card2გამოხმაურებოდნენ. სტინგის იშვიათ ჩანაწერებს უკვე კლუბელი მეგობრებისგან ვიღებდი საჩუქრად. ასეთ დღეში ვიყავი. უნივერსიტეტში სულ სტინგის მაისურით დავდიოდი. ქვემოთ მეცვა ვიწრო ჯინსი და საშინელი სქელძირიანი ფეხსაცმელი. „აი ის გოგო, სტინგი რომ უყვარს“ – ასე მახსენებდნენ. ბროში მქონდა სტინგის გამოსახულებით, შავ ჟაკეტზე მეკეთა. ერთს ჰგონებია, გარდაცვლილი ახლობლის ფოტო იყო, მოვიდა და უხერხულად მომისამძიმრა, მერე ბროშს კარგად დააკვირდა და გულზე მოეშვა.

Continue reading “ლონდონი. სტინგი.”