პატარა დიდი ქალაქი ანუ ერთი დღე ბრიუსელში by თამარა

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

ბრიუსელამდე

ჩემი თერთმეტთვიანი ჰოლანდიური ცხოვრების მეთერთმეტე თვეს (დანარჩენი ათის უმეტესი ნაწილი ოთახში ჩაკეტილმა გავატარე) თავს უფლება მივეცი, ცოტა ირგვლივაც მიმომეხედა. სად უნდა წავსულიყავი უკეთეს ადგილას, ვიდრე მოსაზღვრე ბელგიაში. ავტობუსის ერთდღიანი ტური გამოვჩხრიკე და ჩემს მეგობარ ოლიასთან ერთად დავადექი გზას.

კომპაქტურ ჰოლანდიას მიჩვეულს მეგონა, ბრიუსელსაც რამდენიმე საათში შემოვირბენდი. ორი რამ ვერ გავთვალე: 1. ბრიუსელი არცთუ პატარაა; 2. ხალმხრავალ და ხმაურიან ცენტრში ველოსიპედით გადაადგილება მთლად კომფორტული არაა; 3. რომც მომენდომებინა, ოლია ველოსიპედს არ მართავს. თუმცა, რამდენიმე საათის პირობაზე ცოტა რამ ნამდვილად არ მინახავს.

ავტობუსის თავაზიანი მძღოლი მთელი გზა საგანგებოდ ჩვენთვის ლაპარაკობდა ორ ენაზე – ჰოლანდიურად და ინგლისურად. ბრიუსელის ცენტრალური მოედნის მახლობლად რომ ჩამოგვსვა, ყურადღებით გამოიკითხა ჩვენი ვინაობა, წარმომავლობა, ბოდიში მომიხადა, რომ საქართველოზე მაინცდამაინც ნათელი წარმოდგენა არ ჰქონდა, ოლიას ესტონეთის საფეხბურთო გუნდი შეუქო, რითაც ძალიან გააკვირვა.  არ დაინანა ქალაქის რუკა (ჩვენი გაცილებით დიდი და მოუხერხებელი იყო) და თავისი ტელეფონის ნომერი (გაფრთხილება: only for emergency situations!!!) იმ შემთხვევისთვის, თუ დავიკარგებოდით; გვირჩია, ძალიან მოვფრთხილებოდით ჩანთებს და ჯიბეებს და რამდენიმე საინტერესო ობიექტი მოგვინიშნა რუკაზე.

გაითვალისწინეთ, რომ ამინდი დღის განმავლობაში საკმაოდ ხშირად იცვლება და ქურთუკი და ქოლგა მუდმივად იქონიეთ თან. ივნისი იყო, მაგრამ ლამის გავითოშე. Continue reading “პატარა დიდი ქალაქი ანუ ერთი დღე ბრიუსელში by თამარა”