ნიღაბი, როგორც ასეთი

ჰოკეის შაიბა, იგივე პაკი (ფაქი – როგორც ინგლისურენოვან სამყაროში უძახიან), იგივე პალეტი (როგორც თანამედროვე ჰოკეის სამშობლოში – მონრეალში უწოდებენ) ძლიერი ჰოკეისტის მიერ ნატყორცნი საშუალოდ 120 კმ/საათი სიჩქარით მიფრინავს, NHL-ის ოფიციალური რეკორდი კი 175 კმ/სთ-ია. იოლი წარმოსადგენია, რა დაემართება ადამიანს, თუკი შაიბა მოხვდა, ამიტომაა, რომ ჰოკეის მოედნის მოთამაშის ეკიპირების წონა 15 კგ-ს აღემატება, მეკარისა კი 30კგ-ს აღწევს. არცაა გასაკვირი – 30-40 ზუსტი ტყორცნა კარის მიმართულებით ჩვეულებრივი ამბავია ერთ თამაშში. 30 ტყვიასავით წამოსული შაიბა, რომელსაც კიპერი საკუთარი სხეულით უნდა გადაეღობოს.

საკვირველი სხვა რამაა – დიდი ხნის განმავლობაში მეკარეები არათუ ნიღბის, არამედ ჩაფხუტის გარეშეც ასპარეზობდნენ – ნაქსოვი თბილი ქუდები ეხურათ მხოლოდ და ეგ იყო სულ… მამაკაცების ჰოკეიზე ვამბობ, თორემ კაცობრიობის მშვენიერი ნახევრის წარმომადგენელი, ონთარიოს ქუინზ უნივერსითის სტუდენტური გუნდის მეკარე, ლიზ გრეჰემი ჯერკიდევ 1927 წელს გამოდიოდა ყინულზე დამცავი ნიღბით… (ახლა თუ მეტყვით, კაცობრიობის მშვენიერი ნახევრის წარმომადგენელს ჰოკეის კარში რა უნდოდაო, ალბათ, შანონ საბადოში არ გინახავთ – კანადის ნაკრების ამაჟამინდელი კიპერი). მაგრამ მამაკაცები ნიღაბს უკადრისობდნენ – ჰოკეი ვაჟკაცების სპორტია, იარები კი მამაკაცს მხოლოდ აკეთილშობილებსო, ამბობდნენ… იშვიათ ნიღბოსნებს კი, მაგალითად იაპონელ ტეიჯი ჰონმას ან კანადელ ქლინთ ბენედიქთს ალმაცერად უყურებდნენ.

Continue reading “ნიღაბი, როგორც ასეთი”

სასწაული ყინულზე

რუსოფობის ჩანაწერები

ეს იყო… იყო… იყო… იყო ძალიან დიდი ხნის წინ. გასულ საუკუნეში.

Miracle on Ice1980 წლის 22 თებერვალს ოლიმპიური ჰოკეის ფინალურ ტურნირში საბჭოთა კავშირის ნაკრები ამერიკის ნაკრებს უნდა შეხვედროდა. ვისაც გაგიმართლათ და საბჭოთა კავშირში არ გიცხოვრიათ, ვერც წარმოიდგენთ და ვერც მე აღგიწერთ, რა ამბავი ტრიალებდა ამ მატჩის გამო საბჭოთა მედიაში. სტალინგრადის ბრძოლისთვის არ ემზადებოდნენ, ალბათ, ისე, როგორც ოლიმპიური ჰოკეისთვის – ამერიკის მიწაზე, გადამწყვეტ მატჩში საბჭოთა კავშირი უნდა შებრძოლებოდა უმთავრეს მტერს – შეერთებულ შტატებს, შებრძოლებოდა და ბეჭებზე დაედო. მოესპო. გაენადგურებინა. სწორედ ამისთვის ემზადებოდნენ საბჭოეთში. ჰოკეის გუნდის წევრებს კრემლში ლენინის ორდენები ელოდებოდა. ყველა გაზეთი და ყველა (ბევრი არ იყო, მაგრამ რამდენიც იყო) ტელეარხი მხოლოდ ამ თამაშზე ლაპარაკობდა. ისე წაიღეს ტვინი, რომ მეც, რომელიც სულ 9 წლის ვიყავი და არც ოლიმპიადა მაინტერესებდა, არც ჰოკეი, მეც კი მივხვდი – რაღაც გრანდიოზული და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი უნდა მოხდარიყო… და გადავწყვიტე ჩემთვის, რომ ამ ამბავში გამარჯვება ამერიკას უნდა დარჩენოდა. ახლა არ მახსოვს, რატომ გადავწყვიტე ასე. მაგრამ კი გადავწყვიტე მტკიცედ და სხვებსაც ვუმტკიცებდი – ამერიკელები მოიგებენ-მეთქი. იგორ კირილოვსაც ვეუბნებოდი, მაგრამ არ ესმოდა. რომც გაეგონა, მაინც არ დამიჯერებდა…

Continue reading “სასწაული ყინულზე”