როცა ლაპარაკობს ლუის ქანოვერი

როდესაც საპროტესტო მუსიკას ახსენებენ ხოლმე – გვახსენდება როკი, პანკი, რეპი… ჯაზზე იშვიათად იტყვიან. ჯაზი რაღაც დავარცხნილი, კლასიკასთან ახლოს მდგომი, სმოკინგიანი ადამიანების მუსიკა ჰგონიათ. პროტესტამდე არმისული. მაგრამ საბჭოთა სისტემის დამანგრეველთა გვერდით ჯაზიც იყო. შეიძლება, გვერდით კიარა – სათავეშიც. ბევრი დისიდენტისთვის დასავლეთი იწყებოდა ჯაზის ჰანგებით. თავისუფლება კი უილის ქანოვერის ხმით ლაპარაკობდა.

Willis Conover VOA 1969

უილის ქანოვერი (Willis Conover) “ამერიკის ხმის” მუსიკალური გადაცემის “ჯაზის საათის” (Voice of America Jazz Hour) წამყვანი იყო. მთელი 40 წლის განმავლობაში. მოსესი არ იყოს. 🙂 გადაცემა ეთერში 1955 წლის 6 იანვარს გავიდა პირველად. ეს არის ეპოქა, როდესაც ჯაზი საბჭოთა კავშირში პრაქტიკულად აკრძალულია. “დღეს უკრავ ჯაზს – ხვალ სამშობლოს გაყიდი” – ასე ამბობდნენ. საბჭოთა სატელიტებშიც დიდწილად მსგავსი ამბავი ხდებოდა. უილის ქანოვერის მიზანი აუდიტორიისთვის ჯაზის სამყაროს სიახლეებისა და ჯაზური მუსიკის = ამერიკის მუსიკალური კულტურის გაცნობა იყო. ქანოვერი არ ლაპარაკობდა პოლიტიკაზე. თუმცა, ჯაზური მუსიკის წინ წამოწევის მიზანი, ერთგვარად და არაპირდაპირ, საბჭოურ პროპაგანდაზე პასუხიც იყო – საბჭოთა პროპაგანდა აშშ-ს რასისტულ ქვეყნად წარმოაჩენდა, შავკანიანებს კი ჩაგრულ, დისკრიმინირებულ კლასად. შეხვედრები ამერიკული ჯაზის წარმატებულ მუსიკოსებთან (რომელთა უმრავლესობა შავკანიანი იყო), მათი კონცერტების, ჩანაწერების ტრანსლირება პრესტიჟული დარბაზებიდან – ეს ყველა ამერიკის პოზიტიურ იმიჯის ქმნიდა.

Continue reading “როცა ლაპარაკობს ლუის ქანოვერი”

ერთი დღე ჰარლემში

ფოტო(ს)ისტორია

ფოტოგრაფმა ართ ქეინმა ისტორიული ფოტოს გადაღება მოიფიქრა. ხშირად ასე ხდება – ფოტოს რომ იღებ, არ იცი, ისტორიულია თუ არა. გადის დრო და, თურმე, ისტორიული ფოტო გადაგიღია. ქეინმა ნამდვილად იცოდა, რომ ისტორიულ ფოტოს იღებდა – ბევრი დიდი მუსიკოსის ერთ კადრში მოქცევა სურდა. ჰარლემში, მეხუთე ავენიუსა და მედისონ ავენიუს შორის, 126-ე ქუჩაზე შეკრიბა ყველა. ნიუ იორქში.

A Great Day in Harlem Photo location

ამ მუსიკოსთაგან ვიღაცები მეგობრობდნენ, ვიღაცები უბრალოდ გამარჯობას ეტყოდნენ ერთმანეთს, ვიღაცები – გამარჯობასაც არა. გვერდიგვერდ ნუ დადგებითო, – ეუბნებოდა ქეინი, – ვისაც გსურთ, სათოფეს იქეთო. ფოტოს სხვადასხვა კუთხეში დაგაყენებთო, მაგრამ ამ კადრში კი ერთად უნდა მოგაქციოთ, წყალი არ გაუვაო.
დააჯერა.

ერთ მუსიკოსს, დიდ პიანისტს შლაპა მოპარეს. ასე არ გადავიღებო, – თქვა. დამიბრუნეთ შლაპაო. აქვე იქნება, სად წავიდოდაო. ქარმა გაგტაცა, ალბათო, – ეუბნებოდა ქეინი, – შენი ჭირიმე, ფოტოს ნუ გამიფუჭებო. იმან შორს დაიჭირა. დამიბრუნეთ შლაპა, თორემ სახლში მივდივარო. ააგდო ქუდი და თავი შეუშვირა… თუმცა, რაც აღარ ჰქონდა, რას ააგდებდა.

Continue reading “ერთი დღე ჰარლემში”

MP3-ის დედა!

MPEG-1 აუდიო ფენა 3, უფრო ხშირად ცნობილი როგორც მპ3 (MP3), პოპულარული აუდიო კოდირების ფორმატია. ის იყენებს დანაკარგულ კომპრესირების ალგორითმს, რომელიც გათვლილია იმისთვის, რომ დიდად შეამციროს აუდიო ჩანაწერის წარმოდგენისთვის საჭირო მონაცემების რაოდენობა და ამავე დროს ჩვეულებრივი მსმენელისთვის ისევე ჟღერდეს როგორც ორიგინალური, არა შეკუმშური ჩანაწერი. ის გამოგონებულ იქნა ევროპელი ინჟინრების ჯგუფის მიერ ფილიფსში.
ქართული ვიკიპედია. სტატია MP3 ფორმატზე.

ფილიფსს რაც შეეხება – სტატიაში მცირე უზუსტობაა. რა თქმა უნდა, მუსიკისა და კინოს მოყვარულები ნამდვილად ვალში ვართ Phillips-თან CD, DVD და Blu-Ray-სთვის (Sony-სთან ერთად), მაგრამ უშუალო მონაწილეობა MP3 ფორმატის შექმნაში არ მიუღია, თუმცა კი, ერთ-ერთი ავტორია MP2 ფორმატისა.

Continue reading “MP3-ის დედა!”

ქალი, რომელიც დააკლდა მსოფლიო ჩემპიონატს

თუ თვალახვეული გსურს ყოფნა, შენი ნებაა, მაგრამ ასე სამყაროს ვერ შეიმეცნებ.
მირიამ მაქება

Miriam Makeba საბჭოთა კავშირის კომპარტიის გენერალური მდივანი, ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი ცხონებული ასე ამბობდა ხოლმე – მეო სამი დიდი მეგობარი მყავსო: ამერიკელი მუშების უფლებების დამცველი ანჯელა დევისი, ყველა აფრიკელის მამა და მარჩენალი უგანდის პრეზიდენტი იდი ამინი და აპარტეიდთან მებრძოლი მირიამ მაქება.

მირიამ მაქება (Zenzile “Miriam” Makeba), “დედა აფრიკა”, “მსოფლიო მუსიკის განძი” 1932 წლის 4 მარტს იოჰანესბურგში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ფრიად შეჭირვებულად ცხოვრობდა, მით უფრო მას შემდეგ, რაც მამა გარდაეცვალა, ახლობლებმა მირიამის მუსიკალურ ნიჭს ყურადღება მიაქციეს და გოგონა მუსიკალურ სკოლაში მიიყვანეს, სადაც 8-წლიანი სპეციალიზირებული განათლება მიიღო. კლასიკური მუსიკის ცოდნამ, როგორც თავად მაქება ამბობდა, მის სამომავლო კარიერასა და გამორჩეული ხელწერის ჩამოყალიბებას დიდად შეუწყო ხელი.

Continue reading “ქალი, რომელიც დააკლდა მსოფლიო ჩემპიონატს”

საუნდთრექების ოსტატი ანუ ვინ მეტყვის პირველი ქინგ-ქონგის სიმაღლეს?

Do you not know that King Kong the first was just three foot six inches tall? He only came up to Faye Wray’s belly button! If God could do the tricks that we can do he’d be a happy man!
Eli Cross, The Stunt Man

პოსტი ეძღვნება ყველას, ვისაც ჰოლივუდი არ უყვარს 🙂

stuntman არის ეგეთი ფილმი – The Stunt Man (“ტრიუკების ოსტატი”), ბევრს, ალბათ, არც გექნებათ ნანახი – 1980 წელს გადაიღო ამერიკელმა რეჟისორმა რიჩარდ რაშმა. შესანიშნავი ფილმია. საუკეთესო კინო კინოს შესახებ და არა მარტო. ამ ფილმის ნახვის შემდეგ ბიჭებს მილიციონერობა და კოსმონავტობა აღარ უნდოდათ და ყველა კინორეჟისორობაზე იწყებდა ფიქრს, გოგოები კი დარბაზს ფითერ ო’თულზე შეყვარებულები ტოვებდნენ.

ტრიუკების ოსტატში ორი რამაა მაგარი – ფითერ ო’თულის გენიალური თამაში და დომენიქ ფრონთიეს გენიალური მუსიკა – საუნდთრექების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საუნდთრექი.

Continue reading “საუნდთრექების ოსტატი ანუ ვინ მეტყვის პირველი ქინგ-ქონგის სიმაღლეს?”