ღიმილი

რეი ბრედბერი

ქალაქის მოედანზე ნელ-ნელა თავს იყრიდა ხალხი. დილის ხუთი საათი იყო. შორს, სოფლის მხარეს, დათრთვილულ ველებს გაღმა ყიოდნენ მამლები და საკვამურებიდან ჯერ არსად ჩანდა კვამლი. მხოლოდ ნისლი ეხურა ჩამოშლილ შენობებს.

მზე ამოიწვერა და გადაყარა ბინდი. კიდევ მეტი ადამიანი გამოვიდა სახლიდან გარეთ. მოდიოდნენ მოედნისკენ. მოუყვებოდნენ გზას წყვილად თუ სამ-სამად. შვიდი საათი შეიქნა. დღეს ბაზრობის დღე იყო. ზეიმის დღე.

პატარა ბიჭი იდგა მარტო, ორი მამაკაცის ზურგს აფარებული. კაცები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, პირიდან ორთქლი სდიოდათ და მათ ხმას დილის სუსხში გაჰქონდა ჭახანი. ბიჭი ფეხიდან ფეხზე გადადიოდა. აწითლებულ, აქერცლილ ხელებს უბერავდა, ითბობდა. ხანდახან წინა კაცების ჭუჭყიან, ჯუთის ტანსაცმელს გახედავდა ხოლმე და კიდევ წინ რიგში მდგომ მამაკაცთა და ქალთა თვალუწვდენელ მძივს. Continue reading “ღიმილი”

გრძნობა, რომელსაც მხოლოდ ფრანგული სახელი ჰქვია

სთივენ ქინგი

„ფლოიდ, რა ხდება? ფუი, შენი…“

მამაკაცის ხმა, რომელიც ამას ამბობდა, ბუნდოვნად ეცნო, მაგრამ თავად სიტყვები საიდანღაც ამოგლიჯესო, თითქოს, არც თავი ჰქონდა, არც – ბოლო. იმას ჰგავდა, პულტს რომ მოიგდებ ხელში და არხიდან-არხზე ხტი. ვინ არის ფლოიდი? ეგეთი ვერვინ გაიხსენა. ასე დაიწყო ყველაფერი. შემდეგ დაინახა პატარა გოგონა წითელ სარაფანში.

ჯერ იყო სიტყვები. მაგრამ გოგონას დანახვამ ის გრძნობა კიდევ გაუმძაფრა.

– აი, ის გრძნობა… – ჩაილაპარაკა ქერალმა.

სოფლის მაღაზია აბრაზე წარწერით Carson’s – ლუდი, ღვინო, საყასბო, თევზის სატყუარა, ლატარიის ბილეთები. და ზღურბლთან ჩაცუცქული გოგონა სარაფანში, ღია წითელი ფერის კაბის კალთები თეძოებს შორის ამოედო, თოჯინათი თამაშობდა. ხამი ქსოვილისგან შეკერილი, ჭუჭყიანი ტიკინა იყო, თივით გატენილი. ყვითელი დალალები ჰქონდა.

– რა გრძნობა? – ჰკითხა ბილმა.

– შენ იცი… რომელსაც ფრანგული სახელი ჰქვია… სიტყვა დამავიწყდა…

– Deja vu, – ბილმა შეახსენა.

– ჰო, ეგა, – თქვა და კიდევ ერთხელ გახედა გოგონას, – ახლა თოჯინას ცალ ფეხში ჩაავლებს ხელს… თავდაყირა, – ფიქრობდა ქერალი, – თავდაყირა დაიჭერს ცალი ფეხით და ყვითელი თმები მიწაზე დაეფინება.

მაგრამ გოგონამ თოჯინა მაღაზიის ნაცრისფერ კიბეებზე მიაგდო და ძაღლის სანახავად გაიქცა, რომელსაც ყურები დაეცქვიტა და ავტომობილის უკანა ფანჯრიდან იცქირებოდა.

Continue reading “გრძნობა, რომელსაც მხოლოდ ფრანგული სახელი ჰქვია”

ძაღლი წითელ ბენდენაში

რეი ბრედბერი

პაციენტმა საავადმყოფოში სამი, უსაშველოდ გრძელი და სევდიანი დღე დაყო და კვირას, როდესაც ექიმები, მეტწილად, ადგილზე არ არიან ხოლმე და ექთნებსაც საქმე არაფერი აქვთ, საოცრება მოხდა.

ამ ამბის მოახლოება გაიგო მანამ, სანამ დაინახავდა. ჯერ ქვედა სართულიდან სხვა პაციენტების შეძახილები და სიცილის ხმა შემოესმა. საოცრება ნელ-ნელა უახლოვდებოდა მის პალატას.

შემდეგ ზღურბლზე წარმოუდგა კაცი. ხელში ეჭირა თოკი და ძაღლი hყავდა ჩაბმული. გოლდენ რეტრივერი. ყველაზე ლამაზი რეტრივერი, რაც კი ოდესმე ენახა. კოხტად დავარცხნილი ფაფუკი ბეწვით. მოვლილი. გონიერი თვალები ჰქონდა და ყელზე კოხტად შეკრული ბენდენა. სისხლის ფერისა.

ხშირად მოდიოდა ავადმყოფების მოსანახულებლად და ავადმყოფები ასე ამბობდნენ – იმ დღეს, როდესაც ძაღლი სტუმრობდათ, სიხარული და შვება მოჰქონდა ხოლმე.

პაციენტსაც ყური მოეკრა ამ ამბისთვის. მხოლოდ უკვირდა, რატომ არ ჰყავთ მსოფლიოში ბევრი ასეთი ძაღლი, ვისაც შეუძლია, დავრდომილს გული გამოუკეთოს, ხალისი დაუბრუნოს და, ეგებ, ჯანიც მისცეს.

ძაღლი წითელი ბენდენით პალატის კართან შეყოვნდა წამით, შეიხედა, შევიდა შიგნით, მიუახლოვდა საწოლს და დადგა, დაელოდა, სანამ მოეფერებოდნენ. Continue reading “ძაღლი წითელ ბენდენაში”

მამა კანიუსი

რეი ბრედბერი

The Dog in the Red Bandana

ახალგაზრდა მამა ქელი მამა გილმანის კელიაში შევიდა. შეჩერდა. თვალი მოავლო. ყოყმანობდა. თითქოს, გასვლაც დააპირა, მაგრამ შემდეგ ისევ უკან შებრუნდა.

გილმანმა საბუთებიდან ასწია თავი და ჰკითხა:

– მამა ქელი, მოხდა რამე?

– არც კი ვიცი, როგორა ვთქვა, – უთხრა ქელიმ.

– ჯერ ის მითხარი, შემოდიხარ თუ გადიხარ? გთხოვ, შემოხვიდე და დაჯდე.

მამა ქელი ფეხაკრეფით შევიდა, ჩამოჯდა და მოხუც მღვდელს შეხედა.

– გისმენ, – შეაგულიანა მამა გილმანმა.

– კარგი, – თქვა მამა ქელიმ, – ეს ამბავი ძალიან სულელური და უცნაურია… ალბათ, თქვენს ყურადღებადაც არ ღირს…

გაჩუმდა. მამა გილმანი კი მოთმინებით დაელოდა.

– იმ ძაღლის ამბავია, მამაო. Continue reading “მამა კანიუსი”

კოლექციონერის ვნება

როჯერ ზელაზნი

– მანდ რას აკეთებ, ადამიანო?

– გრძელი ამბავია.

– კარგია, მიყვარს გრძელი ამბები. დაჯექი და ისაუბრე. არა – ჩემზე არა, გვერდით ჩამოჯექი!

– მაპატიე… ეს ყველაფერი ბიძაჩემის ბრალია, ზღაპრულად მდიდარი…

– მოიცადე, ჯერ ეგ მითხარი, რას ნიშნავს „მდიდარი”?

– შეძლებული…

– რას ნიშნავს „შეძლებული”?

– ჰმ, ბევრი ფული ჰქონდა…

– რა არის „ფული?”

– ამბის მოსმენა გინდა, თუ – არა?

– მინდა, მაგრამ ისიც მინდა, რომ გავიგო…

– ბოდიშს გიხდი, ქვაო, მაგრამ ყველაფერი მეც არ მესმის.

– ლოდი დამიძახე.

– კარგი, ლოდო, იმას გეუბნებოდი, რომ ბიძაჩემს, რომელსაც ყველგან სიტყვა ეთქმის, კოსმოსურ აკადემიაში უნდა გავეგზავნე, მაგრამ – არ გამაგზავნა. მიიჩნია, რომ ჰუმანიტარული განათლება უფრო შემეფერებოდა. ასე მოვხვდი შინაბერების იმ უნივერსიტეტში, არამიწიერი ცივილიზაციების შემსწავლელ ფაკულტეტზე… ლოდო, ხომ მომყვები?

Continue reading “კოლექციონერის ვნება”

უთქმელი სიბრძნე

რეი ბრედბერი

ოთახი დიდ კერიას ჰგავდა, უხილავი, მათრობელა ცეცხლით გამთბარს და განათებულს. ბუხარში ალი, ლამის, ჩაფერფლილიყო უკვე, მხოლოდ მიმქრალი ენები ჯიუტად ეპოტინებოდა რამდენიმე სველ მორსა და ტორფს, თავს ადგა კვამლად. ნაღვერდალი ზანტად ახამხამებდა ნარინჯისფერ ცხრა თვალს. ისმოდა მუსიკის ჰანგები – ნელ-ნელა იღვრებოდა, მიიზლაზნებოდა სადღაც, კვლავ ბრუნდებოდა უკან და ავსებდა ოთახს. შორეულ კუთხეში სანათი აანთეს და ლიმნისფერი შუქი ყვითლად შეღებილ კედლებს დაეფინა. ხის იატაკი ლაპლაპებდა, როგორც მდორე მდინარე. ზედ გაშლილი ფარდაგი მოგაგონებდათ ტივს, რომელზეც შემომსხდარიყვნენ ამაზონის უცხო ჩიტები, აფოფრილი ლურჯი, თეთრი, მწვანე ბუმბულით. ოთხ პატარა მაგიდაზე შემოედოთ თეთრი ფაიფურის ვაზები, სავსე ახლადმოჭრილი ყვავილებით ორანჟერეიდან. ბუხრის თავზე ახალგაზრდა მამაკაცის პორტრეტი ეკიდა. ლაჟვარდისფერი თვალები ჰქონდა, გონიერი და სიცოცხლით სავსე.

ოთახში შესულს, შეიძლება ვერც შეგემჩნია ორნი. ერთი ქათქათა, თეთრ დივანზე იჯდა. თვალები დაეხუჭა. მეორე იწვა და თავი პირველის კალთაში ედო. მასაც დაეხუჭა თვალები, უსმენდა მუსიკას და წვიმას. Continue reading “უთქმელი სიბრძნე”

შავგვრემნები იყვნენ და ოქროსთვალება

რეი ბრედბერი

მდელოში ქარი აგრილებდა ხომალდს. თაღოვანი ხუფი გადაიხსნა და იქიდან გამოვიდნენ მამაკაცი, ქალი და სამი შვილი. სხვა მგზავრები გაუბედავად მიუყვებოდნენ მარსის ველებს. მათი ჩურჩული ყურს მიეფარა. მამაკაცი მარტო დარჩა ოჯახთან ერთად.

იგრძნო, როგორ ელაქუცებოდა ნიავი თმაზე. სხეულის თითო ნაკვთი შეეკუმშა, როგორც უჰაერობაში იცის. გახედა ცოლს, რომელიც მის წინ იდგა და თრთოდა. რა ელით აქ? ბავშვები მარსის მიწაზე შეიძლება მიმოიფანტონ და ჩაიკარგონ, როგორც თესლები ხნულში. თითქოს ფიქრს მიუხვდნენო, თავები ასწიეს, მამას მიაჩერდნენ. სახეზე ერთბაშად სუსხმა დაჰკრა. ცოლმა შენიშნა, ჰკითხა:

– რა მოხდა?

– მოდი, ხომალდში დავბრუნდეთ!

– დედამიწაზე დავბრუნდეთ?

– კი…. ყური მიგდე…

Continue reading “შავგვრემნები იყვნენ და ოქროსთვალება”

მიზანთან ახლოს

ჰენრი ქათნერი და სი ელ მური

დაუჯერებელი ამბები ხდება ჩვენთან, გუაიმასში. ჯერჯერობით მხოლოდ იმას სჯერა, ვინც საკუთარი თვალით ნახა. გაზეთები არაფერს წერენ და ფოტოებს ეჭვით უყურებენ. ფოტოს გაყალბებას რა უნდაო, იტყვიან და აიწურავენ მხრებს… გუაიმასის გარეთ ამ მტკიცებულებებს ჩალის ფასი აქვს… გუაიმასსა და პუებლო პეკუენიოში[1] სჯერათ მხოლოდ.

მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს, ფოტოგრაფი ჟურნალიდან Life ნიუ იორქის ოფისს დაარწმუნებს რომ კი, გუაიმასში მართლაც ხდება რაღაც და არა, ის სრულიად ფხიზელია და წვეთიც არ დაულევია. შემდეგ ვინმე ადმირალი, ფიზიკოსი ან, სულაც, კონგრესმენი აღმოჩნდება საჭირო ადგილას და საჭირო დროს. და ყველანი გაიგებთ, რა ამბებია გუაიმასში და, რა თქმა უნდა – პუებლო პეკუენიოში. ცხადია, მშრალი საგაზეთო ცნობა ბევრს ვერაფერს დაიტევს, გაიძვერა თომ დილონი არაფერს გეტყვის, ტიო იგნასიოს კი, ენაზე, აბა, რა დაადგება, მაგრამ, ვინ არ იცის, რომ ტიო იგნასიო ერთი ბებერი ჭორიკანაა.

მე მოგიყვებით, დანამდვილებით როგორ იყო: ყველაფერი დაიწყო იმ მზიან დილას. Continue reading “მიზანთან ახლოს”

მემკვიდრეები

ანდრიი დმიტრუკი

ახლახან ცხოვრებაში პირველად მივედი ფსიქიატრთან.

გრძნობა, რომელიც მისი კაბინეტის შესასვლელთან დამეუფლა, სულაც არა ჰგავდა იმ შფოთვას, ექიმთა მოსაცდელები რომ არის სავსე. ვეებერთელა გვიმრის ფოთლებიდან ასხლეტილი მწვანე შუქი ფაფუკ სავარძლებზე და თავად ექიმი, თვით ვალენტინ ვიშნევსკი, რომელიც ნათელ, ტროპიკულ კუთხეში იჯდა და საოცრად „ჩემიანი“ ჩანდა. ახალგაზრდა ასაკისა, თბილი მზერით, პირთხელი, ცხვირა, გრძელი კისერი, თეთრი პერანგშეხსნილი საყელო… საიდან იცის ძირისძირამდე ადამიანის სულის მაღაროები? მოგანდომებს, ვალიკი დაუძახო და დაპატიჟო სტუმრად, ვერანდაზე ჩაის დასალევად ღამის ტყის სიმღერის ფონზე…

– გამარჯობა, ჯირი მიხოვიჩი ბრძანდებით, ხომ?

– დიახ, ექიმო.

– უბრალოდ ვალიკი დამიძახეთ… რას შეყოვნდით? თამამად… ლიმონათი? კოლა?

– გავკადნიერდები და… ჭიქა კონიაკი შეიძლება?

Continue reading “მემკვიდრეები”