იცით, ვინ არის ჯენიფერ ბელი?
ერთი მხიარული ახალგაზრდა ქალია. ამერიკელი მწერალი. იუმორით, ირონიითა და, ზოგჯერ, სარკაზმით შეზავებულ წიგნებს წერს. ასე ამბობენ. ჯერომ სელინჯერსაც ადარებენ. მე, სამწუხაროდ, არ წამიკითხავს.
მისი არსებობის ამბავი სულ ახლახანს გავიგე ქევინისგინ – ჩემი კარგი ნაცნობისა და კოლეგისგან… მართალია ქევინი, ჩემგან განსხვავებით, უმაღლეს ლიგაში თამაშობს – “მაქინზელია” (ეს კი იგივეა, რაც ფეხბურთელისთვის – “ბლანკოსობა”) მაგრამ, სადაც არ უნდა თამაშობდეს კიარადა მუშაობდეს, ამერიკელია და როგორც ყველა (უმრავლესი) ამერიკელი – იდეალისტი.
ჰოდა, ასეთი რამ მომიყვა, თავისი იდეალისტური გადმოსახედიდან აღშფოთებულმა – წარმოგიდგენია, ერთმა მწერალმა, წიგნი რომ კარგად გაყიდულიყო, მსახიობები დაიქირავა, რომლებსაც ხალხმრავალ ადგილებში – მეტროში, სკვერებში, კაფეებში, ქუჩაში მისი ახლადგამოცემული წიგნი უნდა გადაეშალათ და გულიანად გადაეკისკისათ ხოლმეო (მსახიობები ქალები იყვნენ) – აქაოდა, აი რა მაგარ და მხიარულ რამესა ვკითხულობთო…