არა, ეს პოსტი მიშელ დევილის ფილმზე არაა. ის ელექტრონული წიგნების, ჟურნალების, გაზეთების და სხვა ტექსტების წამკითხველ მოწყობილობებზეა – ანუ E-Reader-ებზე. ჩემმა კარგმა მეგობარმა NataSi-მ მთხოვა – იქნებ, მის არჩევაში დამეხმაროო (ზოგიერთებს გონიათ, რომ მე წიგნების კითხვის ამბავში რაღაც გამეგება. ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ სათვალეს ვატარებ… თუმცა, სინამდვილეში, ჩემი 100%-იანს აცდენილი მხედველობა გენეტიკის ამბავია. :)). რაც ჩემს მეგობარს ვუთხარი, ახლა იქედან ერთი პატარა პოსტის გამოდნობას შევეცდები.
ქაღალდის გამოცემებს (პირველ რიგში კი – გაზეთებს) იოლი დღე არ უდგათ. ალბათ, შორს არაა დრო, როდესაც ისინი საერთოდ გაქრებიან. ქაღალდზე დაბეჭდილ წიგნებს რა ბედი ელით არ ვიცი. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ისინიც მხოლოდ კოლექციონერების თაროებსა და ბიბლიოთეკებში დაიდებენ ბინას და ბლოგერ Dv0rsky-ს ოცნებაც ახდება, თუმცა, ეს (გაზეთებთან შედარებით) უფრო შორეულ მომავალში მოხდება. (გუტენბერგის აღსასრული)
E-Reader-ის საშუალებით ელექტრონული გამოცემების კითხვა არაჩვეულებრივად კომფორტულია – ამაზე ელექტრონული მელნისა და ელექტრონული ქაღალდის ტექნოლოგია ზრუნავს.