აპრილი პარიზში

ურსულა ლე გუინი

პროფესორი ბარი ფენიუითერი გრილ, დაჩრდილულ სხვენში იჯდა და დაჰყურებდა მაგიდას, რომელზეც წიგნი იდო. ირგვლივ პურის ქერქი ეყარა. პური მისი ვახშამი იყო, წიგნი კი – საქმე. ორივე გამხმარი ეჩვენა. ამოისუნთქა დარდით, შემდეგ ჟრუანტელმა დაუარა. ბინები ამ ძველი სახლის ქვედა სართულებზე კეთილმოწყობილი კი იყო, მაგრამ გათბობას, რა ამინდიც უნდა ყოფილიყო გარეთ, 1 აპრილს თიშავდნენ. გათენდა 2 აპრილი. თოვლი და წვიმა ერთმანეთს ცვლიდა. მოსაღამოვდა. დოქტორ ფენიუითერს სციოდა. ოდნავ რომ აეწია თავი, ფანჯრიდან დაინახავდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ბინდში გახვეულ ორ კოშკს, ისე ახლოს, იფიქრებდი, ხელით შეძლებდი შეხებას. პროფესორი სენ-ლუის კუნძულზე ცხოვრობდა, რომელიც პატარა კარჭაპს ჰგავს, იმ კუნძულს[1] რომ მისდგომია, სადაც ღვთისმშობლის ტაძარი აღუმართავთ. მაგრამ თავი არ აუწევია. სიცივე ძვალ-რბილში ატანდა. Continue reading “აპრილი პარიზში”