ადამიანად დაბადებული

Joy and Elsaლაღად შობილი” (Born Free, 1960) ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ლომის ბოკვრის, ელზას ამბავს მოგვითხრობს. ნამდვილი ამბავია. ინგლისელმა რეინჯერმა ჯორჯ ადამსონმა (George Adamson) კენიაში ახალგაზრდა ძუ ლომი მოკლა. ლომს სამი პატარა ბოკვერი ჰყავდა. ადამსონმა ბოკვრები შინ წამოიყვანა. მან და მისმა მეუღლემ, ჯოიმ (Joy Adamson) ლომები გამოზარდეს. მოგვიანებით ორი როტერდამის ზოოპარკს გადასცეს, მესამე კი, სახელად ლიზა, დაიტოვეს. ჯოი ადამსონმა გადაწყვიტა, ლომი ველურ ბუნებაში დაებრუნებინა. ყველა, მათ შორის მეუღლეც, უმტკიცებდა, რომ ეს შეუძლებელი იყო, რომ დედის გარეშე დარჩენილი ბოკვერი ვერ შეძლებდა ნადირობას, ან მშიერი მოკვდებოდა, ან სხვა ლომები დაგლეჯდნენ, ან მონადირეთა წერა გახდებოდა, მაგრამ ჯოიმ არ დაიშალა. სამი თვის განმავლობაში სწავლობდა ლომის ბოკვერი ლიზა დედობილისგან, თუ რას ნიშნავს იყო ლომი. ჯოი არც ზოოლოგი იყო განათლებით, არც – ბიოლოგი, არც – ვეტერინარი. კენიიდან შორს, ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში დაიბადა. ებრაული ოჯახიდან იყო – გვარად გესნერი. მუსიკალურ სასწავლებელში დადიოდა და პიანისტის კარიერაზეც ოცნებობდა. შემდეგ სწავლობდა ფსიქოანალიზს. ხატავდა. ბოლოს არჩევანი მედიცინაზე შეაჩერა, მაგრამ არ დასცალდა. ავსტრია ნაცისტებმა დაიპყრეს. ევროპაში დიდი ომი ახლოვდებოდა. თავი შორს, აფრიკას შეაფარა. ცოლად რეინჯერს გაჰყვა და ახლა ძუ ლომად გარდასახვაც მოუწია.
Continue reading

ისინი, ვინც (ვერ) მოვიშინაურეთ

ერთმა ძალიან კარგმა კაცმა და შესანიშნავმა მწერალმა თქვა – “პასუხს ვაგებთ მათზე, ვინც მოვიშინაურეთო”. და ვინც არ მოგვიშინაურებია იმათზეც ვაგებთ პასუხს. იმიტომ რომ ადამიანი ერთადერთი ცხოველია, რომელმაც გარემოსთან მშვიდობა ვერ ნახა. ჩვენ ერთადერთნი ვართ, ვისაც ბუნების განადგურება შეგვიძლია, რასაც წარმატებით ვახერხებთ.

თან გადადნობილ ზარებზეც ვფიქრობთ…

ბევრმა მოაწერა ხელი ზოოპარკის დახურვის და გადარჩენილი ცხოველების გაჩუქების პეტიციას. მეც მიმიწვიეს, მაგრამ არ მომიწერია ხელი. მანამ, სანამ დახურვის და გაუქმების ალტერნატივა არის.

ეს არის თბილისის ახალი ზოოპარკის პროექტი. აგერ – ლინკიც.

პროექტი რამდენიმე წლის წინ მოამზადა ბრიტანულმა კომპანიამ Proctor and Matthews. მათ რამდენიმე ზოოლოგიური პარკი აქვთ დაპროექტებული, მათ შორისაა ლომების საფარი-პარკი ინგლისში.

Continue reading

ჰაინე და ძაღლები

თურქულმა კომპანიამ Pugedon შექმნა დანადგარი, რომელიც ყველაზე კეთილი გამოგონების ჯილდოს იმსახურებს, თუკი ასეთი ჯილდო არსებობს და თუ არ არსებობს, მე ვანიჭებ ბლოგის ავტორის უფლებით.

Pugedon-vending machineეს დანადგარი გასცემს მშრალ საკვებს ქუჩაში მოხეტიალე უპატრონო ძაღლებისთვის და კატებისთვის ცარიელი პლასტმასის ბოთლების ფასად.

მიგაქვს ცარიელი პეპსის, კოლის, ცივი ჩაის, წყლის თუ რავიციკიდევრის პლასტმასის ბოთლი, ნაგვის ურნის ნაცვლად (ან იმის მაგივრად რომ უბრალოდ ქუჩაში მოისროლო – სამწუხაროდ კარგად ნაცნობი იოლი გამოსავალი თბილისელთათვის) აგდებ ამ ავტომატში და ის დანადგარის ქვედა, საგანგებოდ მოწყობილ ჭურჭელში ყრის მშრალ საკვებს ძაღლებისა და კატებისთვის. ქუჩაში მოხეტიალე, დამშეული, უპატრონო ცხოველებისთვის. ასევე გასცემს წყალსაც, რაც ახლა, ზაფხულის ცხელ დღეებში, განსაკუთრებით აქტუალურია.

Continue reading

კატა სემის სამი სიცოცხლე

Unsinkable Samერთი ადრეული პოსტი მქონდა ძაღლ ბაბსზე, რომელსაც, მისდაუნებურად, ფრიად საგულისხმო როლი ერგო მეორე მსოფლიო ომის დროს ჯაშუშთა თამაშებისას, ახლა კი კატაზე მოგიყვებით, სახელად სემზე, რომელმაც სამხედრო სამსახური გერმანელების მხარეს დაიწყო და ინგლისელების მხარეს დაასრულა. სემი ზღვაოსანი კატა იყო და პირველად 1941 წლის 18 მაისს გავიდა ოკეანეში მესამე რაიხის სამხედრო ფლოტის სიამაყე ლინკორ “ბისმარკით”. თუმცა, მაშინ მას სემი არ ერქვა, როგორც ნამდვილ გერმანელ პატრიოტს შეეფერება ერქვა, ალბათ, ფრიდრიხი ან რუპრეხტი, ან ჰაინრიხი ან, თუნდაც, უბრალოდ – ჰანსი… არვინ იცის. 27 მაისს გერმანული ლინკორი ბრიტანული ფლოტისა და ავია-ბომბდამშენების ალყაში მოექცა, უთანასწორო ბრძოლაში ჩაება, დამარცხდა და ჩაიძირა. კატის პატრონიც “ბისმარკის” სხვა 2’000 მეზღვაურთან ერთად დაიღუპა და სემის ნამდვილი სახელიც თან წაიყოლა. ბრძოლის დასრულებიდან რამდენიმე საათში  გერმანული ლინკორის ნარჩენებზე აბობღებული, სულ მთლად გალუმპული, ოდნავ ნირწამხდარი, მაგრამ მაინც საღ-სალამათი და ამაყი კატა ბრიტანელებმა შენიშნეს და გამანადგურებელ “ქოსაქსის” გემბანზე აიყვანეს. ვინაიდან საზღვაო ენაზე სიგნალი “ოსკარი” ნიშნავს “ადამიანს ბორტს მიღმა”, ინგლისელებს ბევრი არ უფიქრიათ და კატას ოსკარი დაარქვეს. არც მას გაუპროტესტებია დიდად. ასე უღალატა გერმანელმა მეზღვაურმა კატა ჰანსმა სამხედრო ფიცს და ინგლისელ მეზღვაურ ოსკარად განაგრძო სამსახური.

Continue reading

ინგლისელი ტერიერი, რომლის თათებშიც საფრანგეთის ბედი იყო

ჯაშუშთა თამაშები

double characters

1941 წელს მაიორ ემილ კლიმანს, “აბვერის” ოფიცერს საფრანგეთში აგენტმა დასელმა ვინმე ლილი სერგეევა გააცნო. ლილი გერმანული წარმომავლობის თეთრგვარდიელი გენერლის, ევგენი მილერის ძმისშვილი იყო. მილერის ბრძოლას ბოლშევიკების წინააღმდეგ ინგლისელები თავიდან კი უმგრებდნენ მხარს, ტყვია-წამლითაც უხვად ამარაგებდნენ, მაგრამ შემდეგ ზურგი აქციეს, რასაც თეთრგვარდიელთა ჩრდილოეთის არმიის დამარცხება მოჰყვა და  ბოლშევიკებისგან დევნილი გენერლის ოჯახი, საბოლოოდ, პარიზმა შეიფარა. 37-ში “ენკავედეს” აგენტებმა მილერი გაიტაცეს, მოსკოვში გადააფრინეს და დახვრიტეს. ლილი სერგეევას გერმანული წარმომავლობა, ბოლშევიკების სიძულვილი და ინგლისელებისადმი გულში ჩადებული ძველი წყენა მაიორ კლიმანს ყურადღების მიღმა არ დარჩენია და როდესაც ქალმა თანამშრომლობა შესთავაზა, შემოთავაზება სიხარულით მიიღო. ლილი სერგეევა “აბვერის” აგენტი გახდა და ბრიტანეთში გასაგზავნად დაიწყო მზადება.

Continue reading

ელვარე და ცეცხლოვანი

ჟღურტულებს, მაგრამ ჩიტი არ არის.
მელაა, მაგრამ მელა არ არის.
მტაცებელია, მაგრამ მცენარეებით იკვებება.
მრავალი ათასი წლისაა, მაგრამ სულ 200 წელია, რაც გამოჩნდა.

ვინ არის? 🙂

არ იცით? არც დიზაინერმა სთივენ დეროშმა იცოდა, Firefox-Logoამიტომ, როდესაც კორპორაცია Mozilla-ს ინტერნეტ-ბრაუზერის ლოგოს შექმნა  დაავალეს, ადგა და ცეცხლოვანი (Fire) მელაკუდა (Fox) დახატა. ლოგო კარგი გამოვიდა და შემკვეთმაც მოიწონა, არადა ის, ვისაც ბუნებაში Firefox ჰქვია, სულაც არ არის მელა. 1821 წელს აღმოაჩინა, აღწერა და უბის წიგნაკშიც ჩახატა ინგლისელმა მოგზაურმა, გენერალმა და მეცნიერმა თომას ჰარდვიგმა, როდესაც ბრიტანული კოლონიების ბუნებას იკვლევდა. ერთობ უცნაური ცხოველია, მაგრამ ძალიან საყვარელი ვინმეა. ვითომ მტაცებელია, მაგრამ, პანდის მსგავსად, ბამბუკის ღეროებით იკვებება. ზომით პატარაა – კატაზე ოდნავ დიდი. იოლად შინაურდება და უმეგობრდება ადამიანს, თუმცა, მისი შინ ყოლა პრაქტიკულად შეუძლებელია – კვების რაციონის შენარჩუნება ჭირს, სხვა საკვებზე გადაყვანა კი კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს იწვევს და იღუპება. ამერიკელები თუ ცეცხლოვან მელას უძახიან, ლათინურად ელვარე კატა ჰქვია, ჩინელებმა კი (ბამბუკის სიყვარულის გამო) პატარა პანდა შეარქვეს. პატარა ან წითური პანდა ხეძრომიაა, საიდანაც არემარეს აკვირდება, საკვებს ეძებს და საფრთხეებს აფარებს თავს… ჩიტივით ჟღურტული ისწავლა და ბუნებრივ მტერს, მთის ლეოპარდს იოლად აცუცურაკებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანს ვერ მოუძებნა ჯერ გასაღები – ძვირფასი ბეწვის მოყვარულების, ბრკონიერებისა და ტყეჩეხია ფერმერების “წყალობით” პატარა პანდის პოპულაცია კატასტროფულად შემცირდა და ბუნებაში სულ 2’500 ცალი დარჩა… გენერალ ჰარდვიგს მაგათი ცოდვა, ამათ ჩახატვას “იგნორი” დაერტყა და სადმე გვერდზე გაეხედა, არ ერჩივნა? 😦

Firefox2Firefox3

Continue reading

კატების ქალაქი, რომელიც ძაღლებმა გადაარჩინეს

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

***ნაწილი 7 და ბოლო***

მოჰამედის კატები და დაჩიპული ძაღლები

100_2610სტამბოლი კატების ქალაქია. ამბობენ, რომ მოჰამედს უყვარდა კატები, აქედანაა, ალბათ, თურქების მათადმი სიყვარულიც. თბილისელი ქუჩის კატები თუ მშიშრები არიან და ადამიანს უფრთხიან, სტამბოლში – სხვა საქმეა. ეს ქალაქი მათია. ოთხთათები მუდამ ორფეხებს შორიახლო დაცუნცულებენ და ხელებში შეჰყურებენ სასუსნავის მოლოდინში.

სტამბოლის მიწაზე დავდგი ფეხი თუ არა, სირქეჯის სადგურში ერთი კატა ამედევნა ძაღლივით და სანამ იქაურობას ვათვალიერებდი, გიდობას მიწევდა. ჩემი ბაბუის ბაბუა და კიდევ იმისი ბაბუა სადგურში მუშაობდა თაგვების რისხვად და თავისი ორი თვალით დაინახა, როგორ ადიოდა ერკიულ პუარო “აღმოსავლეთის ექსპრესშიო”, – ასე მითხრა.

კატებს ნახავთ ყველგან – სასტუმროებსა და კაფეებში, მუზეუმებსა თუ მეჩეთებში. მიდიხარ და რომელიღაც პატივსაცემი იმამის აკლდამაში კატების მთელს ოჯახს გადაეყრები ერთი დუჟინი კნუტებით… არც არვინ ყრის იქედან, პირიქით – პატრონობენ. ჩვენში, მახსოვს, ვინმემ ფოტო ატვირთა ფეისბუქზე – ხატთან ჩამომჯდარი კატა და მახსოვს კომენტარები და ალიაქოთი.

Continue reading