მურვან-მელომან-ყრუ

მე-19 საუკუნეში მისალმების ნიშნად კაცი ცილინდრს მოიხდიდა ხოლმე, დღეს ყურსასმენს იღებს ყურიდან… განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად – მეორე ყურიდანაც.

როდესაც დროის დიდ ნაწილს ვატარებთ გარეთ – ქუჩაში, საცობში, ჯიმში, მოლში ყურსასმენი ბევრს მუდამ თან აქვს. ასე ვარ მეც. რამდენ ყურსასმენს გაუვლია ჩემი ყურის ნიჟარებში, ვერც დავთვლი. ბოლო ხანებია უსადენო – wireless მოდელებზე გადავედი. ვინც ტრადიციული, სადენიანი ყურსასმენის უსადენოთი ჩანაცვლებას ფიქრობს, სამ მათგანზე დავწერ, მთელი მათი შუქ-ჩრდილებით.

NB! მხოლოდ სტერეო-ყურსასმენებს ვგულისხმობ. მუსიკის მოსასმენადაც რომ გამოდგება. ლინკზე გადასასვლელად – დაკლიკეთ ფოტოზე.

იაფი.

სამწუხაროდ, სასწაული არ ხდება. იაფ უსადენო ყურსასმენს ხარისხიან ჟღერადობას ვერ მოვთხოვთ. აკუმულატორიც სუსტი აქვს და კონტაქტიც ყოველთვის ვერაა სტაბილური.

Continue reading

How-to: ბულდოგების ბრძოლა ონლაინში

ბულდოგების ბრძოლა ხალიჩის ქვეშ – ამბობენ, ასე შეაფასა ჩერჩილმა კრემლის პოლიტიკა. დღეს ბულდოგების დიდი ბრძოლა ონლაინშია გაჩაღებული. კომპანიები ყიდულობენ დადებით და უარყოფით შეფასებებს. დადებითს – საკუთარი პროდუქციისთვის და უარყოფითს, ცხადია, – კონკურენტებისთვის. ამ ცრუ შეფასებებს ყველა ონლაინ მაღაზიაში ნახავთ, მათ შორის ყველაზე პოპულარულ “ამაზონზეც”. არადა, შეფასებები პროდუქტის შეძენისთვის ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტია. წინა მყიდველი უკანა მყიდველის ხიდიაო, ამბობენ. მაგრამ რა ვქნათ, თუკი ეს შეფასებები ნაყიდია?

არის რამდენიმე კრიტერიუმი, რომლითაც პროდუქტის შეფასებების გაფილტვრა და ფსევდო-კომენტარების ამოყრა შეიძლება, მაგრამ ასე სათითაოდ რჩევა-ძიება რთულია და დიდ დროს ითხოვს. არის მარტივი გზა – საიტი Fakespot.com. აკოპორებთ “ამაზონის” ლინკს სასურველ პროდუქტზე, Fakespot ამოწმებს რეალურ თუ ფსევდო-მყიდველთა მიერ დაწერილ შეფასებებს და გამოაქვს ვერდიქტი A–დან (შეფასებები სანდოა) F-მდე (გაყალბებულია).

FakeSpotFakeSpot 2

Continue reading

How-to: მოდი, ვნახოთ ჯინსი…

არ მეგულება ადამიანი, ვისაც ერთი ჯინსის შარვალი მაინც არ მოეძებნება გარდერობში. ჯინსის არჩევას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება, მაგრამ აქაც არის ნიუანსები, განსაკუთრებით – თუ ონლაინ ყიდულობთ.

მოდი, ვნახოთ.

ზომა-წონა.

გარეცხვის შემდეგ ჯინსის მატერია შედგება ხოლმე, ანუ – ვიწროვდება. ამიტომ თუ შარვალი მარკირებულია, როგორც Shrink-to Fit, ის ზომით დიდი უნდა იყიდოთ, თორემ გარეცხვის შემდეგ შიგ წვალებით ჩაკვეხება მოგიხდებათ.  ზოგადი წესი ასეთია:

27″-36″ ზომა 1 ინჩით ვიწროვდება, 38″-40″ ზომა კი – 2-ით. მაგალითად, ჩემი ზომაა 33×32-ზე, და Shrink-to-Fit ჯინსს ვყიდულობ 34×32 ზომას (სიგრძე გარეცხვის შემდეგ არ აკლდება Winking smile).

თუ ჯინსის შარვალი მარკირებულია, როგორც Preshrunk – ე.ი. მწარმოებლის მიერაა წინდაწინ და სანგებოდ გარეცხილი იმ მიზნით, რომ ზომა-ზომაში წავიდეს და მყიდველის სარეცხ მანქანაში არ მოიკლოს.

ტიპი/ფერი.

Continue reading

ჯოვანი გალი

Giovanni Galliთბილისში ჭავჭავაძეზე იტალიური კაფეა ერთი, “პომოდორისიმო”. სტეიკჰაუსი ჰქვია, თუმცა მე პიცის საჭმელად მივდივარ ხოლმე და გემრიელი ნამცხვრებიც აქვთ… არა, სტეიკიც კარგი აქვთ, მაგრამ ახლა სხვა ამბავზე უნდა დავწერო – ერთხელ, სანამ შეგვიანებულ მეგობარს ველოდებოდი, “პომოდორისიმოს” გვერდით ტანსაცმლის მაღაზია იყო რაღაც და შევიჭყიტე. Giovanni Galli. იტალიური მეგონა (ჯოვანი გალი, ფეხბურთის მოყვარულებს ეცოდინებათ, “მილანის” მეკარე იყო), მაგრამ პორტუგალიური აღმოჩნდა და არც ფეხბურთელ გალისთან ჰქონია რამე კავშირი. ჰოდა იმას ვამბობდი – შევიხედე ჩემთვის უცნობ მაღაზიაში და პიცაც გადამავიწყდა დროებით და მეგობარიც. Smile

ჯოვანი გალი” ახალგაზრდა პორტუგალიური ბრენდია. პირველი მაღაზია ლისაბონში 1992 წელს გახსნეს. მამაკაცის ტანსაცმელს კერავს. ძირითადად კლასიკური სტილი უყვარს, მაგრამ ახლა უკვე კოლექცია გამრავალფეროვნდა და სპორტული, ყოველდღიური სტილის ტანსაცმელიც ბევრი აქვთ. ჯინსი, ველვეტი, ტყავეული, ქურთუკები, სხვადასხვა სვიტერები. ამფერი იმფერი. ცხადია, ბევრი აქვთ კლასიკური კოსტიუმები და აქსესუარებიც.

Giovanni Galli jacket

Continue reading

რვაფეხა პოსტი

ამდენი ფეხსაცმელი რად გინდა, რვაფეხა ხარ?
ჩემი მეგობარი

რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი უბედური? იმიტომ რომ ფეხშიშველა დატანტალებდა. ამიტომ, ეს პოსტი იქნება ფეხსაცმელზე.

ახალს, ალბათ, ვერაფერს აღმოაჩენთ, თუმცა ერთი-ორი ისეთი მწარმოებელიც შეიძლება, ვახსენო, აქამდე რომ არ გაგეგონათ. და აქვე ვიტყვი, იმ კომპანიებს, რომელთა ძირითადი ბიზნესი ტანსაცმლის წარმოებაა და სხვა დანარჩენთან ერთად ფეხსაცმელსაც კერავენ, აქ გვერდს ავუვლი. მხოლოდ იმათზე დავწერ, ვისთვისაც ფეხსაცმელია ძირითადი ბიზნესი და ამით გაითქვა სახელი.

Kenneth Coleპირველი ჩემს სიაში არის Kenneth Cole. ქენეთ ქოლი ამერიკელი დიზაინერია, დღეს მისი მოდის სახლი აწარმოებს ტანსაცმელს, საათებს, ქამრებს, სხვა აქსესუარებს, პარფიუმს… მაგრამ ქოლმა ბიზნესი სწორედ ფეხსაცმლის შეკერვით დაიწყო (ქოლის მიერ ბიზნესის დაწყება ერთი სახალისო ისტორიაა და მასზე ცალკე პოსტიც მაქვს დაწერილი). ეს საქმე მას გენებში აქვს – მამამისიც ფეხსაცმლის მწარმოებელ კომპანიას თავკაცობდა. ქენეთ ქოლის ფეხსაცმელი მაღალი ხარისხითა და სანდოობით გამოირჩევა, მოდელების და ფასების გამა ისეთია, რომ ყველა გემოვნების ადამიანი შეარჩევს სათავისოს. თუმცა, ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ქენეთ ქოლის ფეხსაცმელი ჩვეულებრივზე ვიწროა ხოლმე – მისი ზომა D (რაც საშუალოს, სტანდარტს აღნიშნავს ამერიკული ფეხსაცმელების ზომის შკალაზე), ოდნავ უფრო ვიწროა, ვიდრე ბევრი სხვა მწარმოებლის D.

Clarks. ბრენდი, რომელიც ძალიან მიყვარს. რომარა “ქლარქსი”, არ გვექნებოდა ისეთი არაჩვეულებრივი ფეხსაცმელი, როგორიც “უდაბნოს წაღაა” (Desert boot) და რომელიც ასე უყვარდა ჯორჯ ჰარისონს. “ქლარქსი” ინგლისური კომპანიაა, 1825 წლიდან კერავს ფეხსაცმელს და ამ საქმეში არაერთი კბილი აქვს მოცვლილი. მასზეც მაქვს პოსტი დაწერილი და აქ ბევრს აღარ გავაგრძელებ, შეგახსენებთ მხოლოდ, რომ “ქლარქს”-ის მაღაზია ჩვენთანაც არის, “თბილისი მოლში”.

Aldo კანადური კომპანიაა. რამდენიმე წლის წინ გადავაწყდი შემთხვევით “ამაზონზე” ვქექე, ვქექე და შევძინე ერთი ფეხსაცმელი. სასინჯად. ძალიან კარგი აღმოჩნდა. რბილია. გამძლე. მას შემდეგ “ალდო” ჩემს სიაშია და ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდები, რას გვთავაზობს ახალს. ეს კომპანია კანადურია და მონრეალში მდებარეობს. 1972 წელს დააფუძნა ფრანგმა ბიზნესმენმა ალდო ბენსადუნმა. დღეს მისი ჯგუფი ფრიად პატივდებულია კვებეკში. პროვინციის სახელის მსოფლიოში გატანისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის ბენსადუნი კვებეკის ეროვნული ორდენის კავალერიც გახდა. მისმა სახელმა კი ჩვენამდეც ჩამოაღწია – “ალდო”-ს მაღაზია “თბილისი მოლშია”.

Continue reading

ღიმილიკები ამაზონისგან

“ამაზონის” დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი რომ ყველაზე ღიმილიანი კაცია, ამაზე აკი ადრეც ვწერდი, ამიტომ სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ახალ საიტს ღიმილი.ამაზონ.კომი დაარქვა.

smile.amazon.com, ერთი შეხედვით, საყოველთაოდ ცნობილი ინტერნეტ-მაღაზიის იმ ძველი საიტის კლონია, პაწია განსხვავებით – თუკი “ამაზონის” მაღაზიაში საშოფინგოდ ღიმილის კარით შეხვალთ, დახარჯული თანხის 0.5%-ს კომპანია გადაურიცხავს თქვენ მიერვე შერჩეულ რომელსამე საქველმოქმედო ორგანიზაციას. მათი ჩამონათვალი უკიდეგანოა. მონიშნეთ ზედა ფანჯარაში (1) ან მოძებნეთ სასურველი ქვედა საძიებო ველის დახმარებით (2).  amazon-smile

 

Continue reading

How-to: ვყიდულობთ შარვალს

ონლაინ-შოფინგი დღეს, მგონი, სრულიად საქართველომ აითვისა. აქ ბევრი ბენეფიტი გველის – მრავალფერი არჩევანი, დიდი ფასდაკლებები, ბრენდები, რომლებიც თბილისში არ იყიდება… მაგრამ არის დაბრკოლებაც – როგორ ავარჩიოთ ტანსაცმელი მოზომვის გარეშე ისე, რომ ზომებში იაღლიში არ მოგვივიდეს.

ამერიკული ზომების ევროპულში გადაყვანისთვის უამრავი კონვერტორია ონლაინ (აგერ ეს თუნდაც), თავად მაღაზიების საიტზეც არის ყოველთვის, იქვე, შორს წასვლა რომ არ დაგჭირდეთ, მაგრამ შარვლის ყიდვისას, წელის ზომისა და ტოტების სიგრძის გარდა, ამერიკელ ტანსაცმლის მოვაჭრეებს მითითებული აქვთ ხოლმე სილუეტი, თარგი (Fit) – გამხდარი (Slim fit), სწორი (Straight fit), რეგულარული/სტანდარტული (Regular/Classic fit) და თავისუფალი (Relexed fit)… შეიძლება ამას დავუმატოთ განიერი (Loose fit) და გაძვალტყავებული (Skinny fit)… 🙂 სხვა ვარიაციებიც არსებობს, მაგრამ ძირითადი მაინც პირველი ოთხია. განსხვავება მათ შორის მარტივია:

Fit-guide

Continue reading