შაბათის პოსტი
როდესაც ჩემი აუდიოთეკა ყველა ზღვარს გასცდა, გადავწყვიტე, დამესტოპებინა და ახალ შემსრულებლებს იშვიათად ვიმატებ ხოლმე. თუმცა, ზოგჯერ ისეთ ვინმეს მოჰკრავ ყურს, რომ გვერდს ვერ აუვლი, მუსიკალურ რესურსებს ჩაუჯდები, ეძებ და ქაჩავ… ქაჩავ და ეძებ…
ბოლოდროინდელებიდან ასე დამემართა ირლანდიელ იმელდა მეიზე, რომელმაც სადებიუტო ალბომი 2005 წელს გამოსცა და ძირითადად როკაბილის (როკ ენ როლისა და ქანთრის სინთეზია ერთგვარი) უკრავს და მღერის. შემდეგი, ვისაც გულგრილად ვერ ავუქციე გვერდი ჰოლანდიელი კარო ემერალდი იყო, რომელმაც პირველი ალბომი 2010 წელს ჩაწერა და რომელიც სვინგსა და ჯაზ-პოპს მღერის. დღეს კი სულ მთლად ცინცხალზე დავწერ – მკვდარი კატების ჯგუფზე Le Chat Mort. წარმოშობა – შვედური. სახელი – ფრანგული. სიმღერების ენა – ინგლისური. სტილი – ამერიკული ფოლკ-როკი.
ჯგუფში ოთხი მკვდარი კატაა – სოლისტი და დრამერი კამილა ნეიდემანი, ბრორ დევიდ ნილსონი ბანჯოზე უკრავს, პეტერ სტრომკვისტი – გიტარაზე, მატი ფრიბერგი – კონტრაბასზე.