“მე ვარ ბანგულზი ბაბანგიდა, პრეზიდენტ ბაბანგინდას შვილიშვილი 5 მილიარდიანი მემკვიდრეობა მერგება, სასწრაფოდ მომწერე შენი ანგარიშის ნომერი სადაც ამ ფულს ჩამირიცხავენ და ნახევარ მილიონს დაგიტოვებ საკომისიოს სახით…”
მსგავსი ი-მეილი, უთუოდ, მიგიღიათ. ამბავი, ახლა რომ უნდა მოგიყვეთ, ამას ჰგავს, მაგრამ სრული სიმართლეა: ერთმა ღარიბმა სტუდენტმა 2009 წელს 25 დოლარის ღირებულების ვირტუალური მონეტები შეიძინა. სამი წლის შემდეგ ჩახედა მის ვირტუალურ საფულეს და იქ 5’000 მონეტა აღმოაჩინა, რომლის საერთო ფასი სრულიადაც არავირტუალური მილიონი აშშ დოლარი იყო. და მილიონზე მეტიც. ამ მონეტას ჰქვია ბითქოინი. 2009 წლის 3 იანვარს გამოჩნდა პირველად და თავისუფალ მიმოქცევაში მყოფი ვირტუალური ვალუტაა (უფრო ხშირად გამოიყენება დასახელება კრიპტო-ვალუტა, მაგრამ სიმარტივისთვის ვირტუალურს დავუძახებ) – აინსტალირებ სპეციალურ პროგრამას, ხსნი ბითქოინ-საფულეს და ვაჭრობას იწყებ. შეგიძლია ერთ დღეს შეიძინო ბითქოინები, მეორე დღეს – გაყიდო ან კიდევ იყიდო ან არაფერი ქნა და შეინახო. ეყაროს თავისთვის. ბითქოინის შენახვისთვის საკომისიოს არვინ გთხოვს, მაგრამ მისი კურსი იცვლება. როგორც ნებისმიერი სხვა ვალუტისა. არის ჟამი ბითქოინის ყიდვისა და არის ჟამი გაყიდვისა.
თუმცა, მისი ყიდვის ყველაზე კარგი ჟამი აწ უკვე ჩავლილია. 😦