ქალი საწოლ ოთახში

იტალიელი ფოტოგრაფები გაბრიელე გალიმბერტი და ედუარდო დილელე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ და ქალებს უღებენ ფოტოებს მათ ყველაზე პირად სივრცეში – საძინებელ ოთახში. “სარკეები და სარკმელები” (Mirrors and Windows) ასე ჰქვია ამ პროექტს.

HalaCandas Bas

Continue reading “ქალი საწოლ ოთახში”

დიპლომატი. ფოტომოდელი. პოეტების მუზა.

ბევრს გაქვთ სახლში საოჯახო ფოტოალბომი, სადაც დიდი ბებიის და დიდი ბაბუის ფოტოები ინახება. და სხვა ძველი ფოტოები. XX საუკუნის დასაწყისის. XIX საუკუნის. ბევრი – ვერ იქნება. ფოტოგრაფია ძალიან ძვირი სიამოვნება იყო, დიდ დროსაც მოითხოვდა და ტექნოლოგიურადაც არ იყო იოლი ამბავი.

ერთი ფოტოს ფასი მე-19 საუკუნეში 3-6 აშშ დოლარი იყო. მე-19 საუკუნის კურსით, ცხადია, რაც დღევანდელი 100-200 დოლარის ტოლია.

ამიტომ იყო იმ დროს ფოტოს გადაღება დიდი ამბავი. მაგრამ მე-19 საუკუნის პარიზში ცხოვრობდა ქალი, ვისი 700-ზე მეტი ფოტო მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დღეს. კიდევ რამდენი ფოტო დაიკარგა, ვინ იცის. მას პირველი ფოტომოდელიც, შეგვიძლია, ვუწოდოთ, თუმცა, ეს სიტყვა იმ დროს ჯერ არ გამოეგონათ. არც მოვლენად არსებობდა. ვირჯინია ოლდოინი (Virginia Elisabetta Luisa Carlotta Antonietta Teresa Maria Oldoini) ქვია. იტალიელი ბანოვანი, იმპერატორ ნაპოლეონ მესამის საყვარელი, დიპლომატი. ქალი, ვინც პარიზი პრუსიელთა ოკუპაციისგან იხსნა. ვინც იტალიას დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარა.

Continue reading “დიპლომატი. ფოტომოდელი. პოეტების მუზა.”

ბღენძნი და ბღვერნი

ფოტო(ს)ისტორია

ცოტა უხეირო სათაურია. 🙂 ნაღები და ნაძირალა, ასეც შემეძლო, დამერქმია. ან კიდევ რამ სხვა.

Toffs and Toughs დღეს ასე ვიცნობთ ფოტოს, რომლის ამბავიც ამ პოსტში მინდა, მოვყვე. 1937 წლის 9 ივლისს გადაიღო ფოტოგრაფმა ჯიმი საიმმა (Jimmy Sime).

Toff – რჩეულ საზოგადოებას, დიდებულთ, ჩინებულთ ნიშნავს, Tough კი – აშარ, შფოთის თავ, ყაჩაღანას. ვინ-ვინაა, ფოტოდანაც იოლად იკითხება.

Toffs and Toughs

Continue reading “ბღენძნი და ბღვერნი”

ერთი დღე ჰარლემში

ფოტო(ს)ისტორია

ფოტოგრაფმა ართ ქეინმა ისტორიული ფოტოს გადაღება მოიფიქრა. ხშირად ასე ხდება – ფოტოს რომ იღებ, არ იცი, ისტორიულია თუ არა. გადის დრო და, თურმე, ისტორიული ფოტო გადაგიღია. ქეინმა ნამდვილად იცოდა, რომ ისტორიულ ფოტოს იღებდა – ბევრი დიდი მუსიკოსის ერთ კადრში მოქცევა სურდა. ჰარლემში, მეხუთე ავენიუსა და მედისონ ავენიუს შორის, 126-ე ქუჩაზე შეკრიბა ყველა. ნიუ იორქში.

A Great Day in Harlem Photo location

ამ მუსიკოსთაგან ვიღაცები მეგობრობდნენ, ვიღაცები უბრალოდ გამარჯობას ეტყოდნენ ერთმანეთს, ვიღაცები – გამარჯობასაც არა. გვერდიგვერდ ნუ დადგებითო, – ეუბნებოდა ქეინი, – ვისაც გსურთ, სათოფეს იქეთო. ფოტოს სხვადასხვა კუთხეში დაგაყენებთო, მაგრამ ამ კადრში კი ერთად უნდა მოგაქციოთ, წყალი არ გაუვაო.
დააჯერა.

ერთ მუსიკოსს, დიდ პიანისტს შლაპა მოპარეს. ასე არ გადავიღებო, – თქვა. დამიბრუნეთ შლაპაო. აქვე იქნება, სად წავიდოდაო. ქარმა გაგტაცა, ალბათო, – ეუბნებოდა ქეინი, – შენი ჭირიმე, ფოტოს ნუ გამიფუჭებო. იმან შორს დაიჭირა. დამიბრუნეთ შლაპა, თორემ სახლში მივდივარო. ააგდო ქუდი და თავი შეუშვირა… თუმცა, რაც აღარ ჰქონდა, რას ააგდებდა.

Continue reading “ერთი დღე ჰარლემში”

რენე მალტეტის ხალისიანი პარიზი

ფრანგული კომედიები ცალკე ჟანრია. ძალიან პოპულარული იყო. ფერნანდელი. ბურვილი. ლუი დე ფიუნესი. პიერ რიშარი… დღესაც გამორჩეული კომედიები აქვთ. ლელუში. დიუჟარდენი.

რეჟისორებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ მათ შორის იქნებოდა რენე მალტეტიც, კინოკამერის ფული რომ ჰქონოდა. ასეც ხდება ხოლმე – კინოკამერის შესაძენად ფული არ ეყო, ფოტოკამერა იყიდა, მოეწონა ეს საქმე და მალტეტი-კინორეჟისორის ნაცვლად მალტეტი-ფოტოგრაფი გვყავს. ყველას, ვისაც ფოტოხელოვნება უყვარს.

იმ ფოტოგრაფზე ვამბობ, ყველა დროის საუკეთესო წინასაარჩევნო პლაკატი რომ შექმნა.

René Maltête - la majorité
უმრავლესობა – ეს თქვენ ხართ.

Continue reading “რენე მალტეტის ხალისიანი პარიზი”