ყავის ისტორია ეთიოპიიდან იწყებაო, ასე ამბობენ. ყავის მარცვლიდან რომ საოცარი სასმელის მომზადება შეიძლება, ამ საქმეში წვლილი შეიტანეს მწყემსებმა და შეიხებმა, ბედუინებმა და ფილოსოფოსებმა, თეოლოგებმა და დერვიშებმა… შეიხზე რა ვთქვა, მაგრამ ფრანკ ო’დი (Francis O’Dea) ქალაქ მონრეალიდან ფილოსოფოსიც იყო, თეოლოგიც, ბედუინიცა და მწყემსიც. არც სახლი ჰქონდა, არც კარი. მოგზაურობდა ქვეყნის გარშემო და საჯარო ლექციებით (ასე დავარქვათ, პირობითად) ირჩენდა თავს. უცნაური ადამიანი იყო. ერთ დღეს კი ქალაქ თორონთოში მის “კოლეგას”, სხვა კანადელ ფილოსოფოსსა და თეოლოგს თომ ქალიგანს (Tom Culligan) გადაეყარა. შეუამხანაგდა და ასე დაიწყო “მეორე ფინჯნის” ისტორიაც.
Second Cup Coffee Co. კანადური ყავახანებისა და ყავის მაღაზიის ქსელია. ამერიკული CB&TL-ის მსგავსი. 1975 წლიდან არსებობს. თავიდან მხოლოდ ერთი ყავახანა იყო, სადაც ისეთი თავისუფალი, ანარქიული და არაფორმალური გარემო იყო, მის მფლობელებს რომ შეეფერებოდათ. ადგილობრივი ბომონდის საყვარელი თავშესაყარი. “ვიყიდოთ ერთი სამოვარი, დავდგათ სტოლზე , ვსვათ ჩაი და ვისაუბროთ ხელოვნებაზე”, – აი, ეგეთი გარემო იყო. უბრალოდ სამოვრის ნაცვლად ყავის სახარში მანქანა ჰქონდათ და ჩაის ნაცვლად ყავას სვამდნენ. ხელოვნებასთან ერთად, კანადაა მაინც და ჰოკეიზეც საუბრობდნენ, უთუოდ. და მარიხუანასაც ეწეოდნენ, ალბათ.