მკვდარი კატები სტოკჰოლმიდან

შაბათის პოსტი

le-chat-mort2 როდესაც ჩემი აუდიოთეკა ყველა ზღვარს გასცდა, გადავწყვიტე, დამესტოპებინა და ახალ შემსრულებლებს იშვიათად ვიმატებ ხოლმე. თუმცა, ზოგჯერ ისეთ ვინმეს მოჰკრავ ყურს, რომ გვერდს ვერ აუვლი, მუსიკალურ რესურსებს ჩაუჯდები, ეძებ და ქაჩავ… ქაჩავ და ეძებ…

ბოლოდროინდელებიდან ასე დამემართა ირლანდიელ იმელდა მეიზე, რომელმაც სადებიუტო ალბომი 2005 წელს გამოსცა და ძირითადად როკაბილის (როკ ენ როლისა და ქანთრის სინთეზია ერთგვარი) უკრავს და მღერის. შემდეგი, ვისაც გულგრილად ვერ ავუქციე გვერდი ჰოლანდიელი კარო ემერალდი იყო, რომელმაც პირველი ალბომი 2010 წელს ჩაწერა და რომელიც სვინგსა და ჯაზ-პოპს მღერის. დღეს კი სულ მთლად ცინცხალზე დავწერ – მკვდარი კატების ჯგუფზე Le Chat Mort. წარმოშობა – შვედური. სახელი – ფრანგული. სიმღერების ენა – ინგლისური. სტილი – ამერიკული ფოლკ-როკი.

ჯგუფში ოთხი მკვდარი კატაა – სოლისტი და დრამერი კამილა ნეიდემანი, ბრორ დევიდ ნილსონი ბანჯოზე უკრავს, პეტერ სტრომკვისტი – გიტარაზე, მატი ფრიბერგი – კონტრაბასზე.

Continue reading

Advertisements

როგორ ვიცხოვრე სიცრუეში

Mamas and Papas LPეს სიმღერა პირველად ვინილის გრამფირფიტიდან მოვისმინე. ჩემი ბიძაშვილის ფირფიტა იყო. საბჭოთა კავშირში გამოცემული. ზედ ეწერა: 20 საუკეთესო სიმღერა. ვია “მამას ენდ პაპას”. ჯონ ფილიფსი. მიშელ გილიამი. დენის დოერთი. ქეს ელიოთი.

ახლაც არ ვიცი, რა ეტაკა აწუკვე შორეული 1978 წლის იმ მშვენიერ დღეს საბჭოთა გრამჩამწერ სტუდია “მელოდიას”, მაგრამ კობზონის, ლეშჩენკოს, ზიკინასა და პუგაჩოვას ფირფიტებს შორის, რატომღაც, ამერიკული ჯგუფის The Mamas and the Papas-ის ორმაგი ალბომიც ჩააფინა.

ამ ჯგუფზე წარმოდგენაც არ მქონდა. ძალიან კი მომეწონა. მეტადრე ხომ Dream a Little. შემდეგ, ერთხელაც იყო და, რომელიღაც სოცქვეყნის (მგონი – პოლონეთის) რომელიღაც ჟურნალში სტატია და მათი ფოტოც ვნახე. წაკითხვით ენა არ მესმოდა და ვერ წავიკითხავდი, ფოტოს კი დავაკვირდი და “მამილოები და დედილოები” ბიძა კაცები და დამა ქალები კიარა, ოთხი მოჰიპო, გაბურძგნული ახალგაზრდა აღმოჩნდა. ორი ბიჭი და ორი გოგო. ერთი ძალიან ლამაზი გოგო და მეორე – ძალიან მსუქანი გოგო.

Continue reading

გოგო, სახელად ჯენისი

ამბოხის თეორია

გოგო, სახელად ჯენისი, იმ ზაფხულს შემიყვარდა.

Janis Joplin 1არა, თავიდან, თითქოს, არც მომეწონა. ან რა მოსაწონი იყო – ნარკოტიკებს მიეძალა, სვამდა, ქუჩა-ქუჩა დაპროწიალობდა, ხან სად ეძინა და ხან – სად. მეუცხოვა მისი ჩახლეჩილი ხმა. მეუცხოვა, რომ განსხვავებული იყო. ყველაფერს სხვაგვარად უყურებდა. სხვის ჯიბრზე. ეუბნებოდნენ ისწავლეო – გაკვეთილებს აცდენდა. მშობლებს ეურჩებოდა. არც პოლიციის ეშინოდა. ეკლესიაშიც არ დადიოდა.

არადა, ამბობდნენ, სულ ასეთი კი არ იყოო. 14 წლამდე საკვირაო წირვას არ აცდენდა და ქოროშიც მღეროდაო ჰიმნებს. კარგად სწავლობდა და მოხუცები ქუჩაზე გადაჰყავდაო. მერე, უცებ, ტვინი გადაუტრიალდაო. ან რა აცვია, ან როგორ იქცევაო, ან უფროსებს როგორ ეპასუხებაო. სახარების ნაცვლად ქერუაქსა და გინზბერგს მიეძალა. ახტაჯანა და ბუნტისთავი გახდა. კლასელები “ღორს” უძახდნენ. ზურგს უკან. ვინც გაუბედა და პირში მიახალა, ჩამტვრეულ კბილებს დაეძებდა მერე სკოლის ეზოში.

Continue reading

შიზგარა – ჩემი სიყვარული…

იცი, რა არის “შიზგარა”?

არ გეცოდინება.

არც მე ვიცოდი, სანამ ალიკამ არ მომასმენინა. ალიკა (მგონი, ალიკა ერქვა) უბანში ამოდიოდა და ფირფიტები ამოჰქონდა ხოლმე გასაყიდად.

ფირფიტა რა არის, გახსოვს?

არც ეგ გემახსოვრება.

აი, კომპაქტ-დისკი რომ წარმოიდგინოთ, ოღონდ, შავი ფერისა (თუმცა, სხვა ფერისაც მინახავს, მაგალითად – ნარინჯისფერი, გამჭვირვალე) და ხუთი CD-ს ხელა. საკრავზე დადებდი, ნემსს გადმოწევდი (ან, თუ “ნავაროჩენი” საკრავი გქონდა – თავად გადმოიწეოდა) და მოუსმენდი.

ჰოდა, ამ ალიკას მამა (ან, იქნებ, უფროსი ძმა ან, სულაც, ბიძა) მეზღვაური იყო. მსოფლიოს გარშემო დაცურავდა, ოკეანეში თევზს იჭერდა, საპორტო ბოდელებში – ტრიპერს და თან ათასი რამ ჩამოჰქონდა გასაყიდად. სპეკულიანტობდა – მოკლედ.

Continue reading

The Talented Mr. from Ripley (part2)

I’d like to thank Eric Clapton for enabling me to fulfill a lifelong dream. Working with a true genius has been an inspiration and pure joy! I feel blessed to have such camaraderie in a field that I love so much.
B.B. King, “Riding With The King”

(იხილე სტატიის დასაწყისი)

1970 წელს ერიქ ქლეფთონმა დაარსა ჯგუფი, რომელსაც თავდაპირველად “Eric Clapton and Friends” (“ერიქ ქლეფთონი და მეგობრები”) უწოდა, მოგვიანებით კი სახელი შეუცვალა და Derek and the Dominos დაარქვა. ამ “ორ-სათაურიანმა” კვარტეტმა მიწვეულ ქანთრი-ბლუზ გიტარისტ დუეინ ალმანთან (The Allman Brothers Band-დან) ერთად გამოსცა ერთადერთი, მაგრამ ძალიან კარგი სტუდიური ალბომი – Layla and Other Assorted Love Songs, სადაც შესულია შესანიშნავი სიმღერები Bell Bottom Blues და Layla (ამ სიმღერების შექმნის ისტორიაზე პირველ ნაწილში დავწერე), აგრეთვე Nobody Knows You When You’re Down and Out.

  • “დელ” – მუსიკოსის მეტსახელი იყო. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ მას მეორე მეტსახელიც ჰქონდა – Slowhand (“Slow” – ნელი და “Hand” – ხელი). ჯგუფ “იარდბერდსის” 1964 წელს გამართული ერთ-ერთი კონცერტის დროს ქლეფთონს სიმი გაუწყდა და სანამ მისი გამოცვლით იყო დაკავებული დარბაზი აუჩქარებელი რიტმული ტაშით (ე.წ. “slow handclap”) ამხნევებდა. სწორედ მაშინ შეარქვა ჯგუფის პროდიუსერმა ჯორჯო გომელსკიმ ბლუზმენს ეს მეტსახელი.

Continue reading

The Talented Mr. from Ripley (part1)

It was stumbling on to really the bible of the blues, you know, and a very powerful drug to be introduced to us and I absorbed it totally, and it changed my complete outlook on music.
Eric Clapton

eric-clapton-20040423-909 ერიქ ქლეფთონი/Eric Patrick Clapton, ერთ-ერთი უდიდესი ბლუზმენი, გენიალური გიტარისტი, მომღერალი, კომპოზიტორი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი – კომანდორი, როკ ენ როლის დიდების დარბაზის სამგზის წევრი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი 1945 წლის 30 მარტს დაიბადა ინგლისის სარის საგრაფოს სოფელ რიპლიში.

მამამისი კანადელი სამხედრო იყო მონრეალიდან, რომელიც ომის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ქლეფთონი – დედის გვარია, მამის გვარია ფრაიერი (Fryer). ბიჭის აღზრდა ბებიამ და ბაბუამ (უფრო ზუსტი თუ ვიქნებით – ბაბიის მეორე მეუღლემ – ერიქის დედის მამინაცვალმა) ითავეს, მით უმეტეს, რომ დედამისმა კიდევ ერთი კანადელი ჯარისკაცი გაიცნო, რომელიც პირველის კვალად სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ, ამჯერად – ერიქის დედასთან ერთად. ამ ქორწინებიდან მას კიდევ სამი შვილი შეეძინა – ასე რომ, ერიქ ქლეფთონს ორი ნახევარდა ჰყავს და ჰყავდა ნახევარძმაც, რომელიც ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

Continue reading

McKinley Morganfield: muddy king of the blues (part2)

(იხ. სტატიის დასაწყისი)

1960 წელს მადი უოთერსი ნიუფორთის ჯაზ-ფესტივალზე გამოვიდა. ეს კონცერტი გამოიცა უოთერსის პირველ ლაივ-ალბომზე At Newport 1960.  ნიუფორთის ჯაზ-ფესტივალის კონცერტი წარმოადგენს ტრადიციულ ამერიკულ დელთა/ფოლქ ბლუზის არაჩვეულებრივ სინთეზსს ელექტრონულ საუნდთან.

1968 წელს მის უპირველეს „კონკურენტ“ ბლუზმენთან – ჰოულინ ვულფთან და ბო დიდლისთან ერთად მადი უოთერსმა „ჩეს რექორდში“ ორი უბრწყინვალესი ალბომი ჩაწერა: Super Blues და The Super, Super Blues Band. საერთოდ, მადი უოთერსს არაერთ დიდ მუსიკოსთან ერთად მიუღია ერთობლივ პროექტებში მონაწილეობა. სხვადასხვა დროს ის თანამშრომლობდა უილი დიქსონთან, ბადი გაისთან, ფინეთოფ ფერქინსთან, ბობ მარგოლინთან, ბიგ მამა თორნთონთან, რობერთ ქრეისთან, ჯონი უინთერთან, ჯგუფ „როლინგ სთოუნზთან“… Continue reading