ყველაფერი გენიალური – მარტივია.
ჭკვიანი კაცი.
არ ვიცი, რას ჩავიცვამდი ზაფხულში, გასული საუკუნის 20-იან წლებში რენე ლაკოსტს პოლო რომ არ გამოეგონებინა. ალბათ – ვერაფერს. 🙂 პოლო არის ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური სამოსი, რაც არსებობს, რომელიც უხდება ყველას და ყველაფერს. ამაზე დემოკრატიული ტანსაცმელი ერთი-ორი და მორჩა. გინდა ამოჩაჩული ჩაიცვი, გინდა – ჩატანებული. გინდა დაჭმუჭნული, დაგინდ – გაწკეპილი. გინდა ჯინსზე, გინდა ველვეტზე, გინდა – სხვა შარვალზე. გინდა ბრიჯზე. გინდა – შორტზე. გინდა პიჯაკი მოიცვი ზედ, გინდა – კარდიგანი, გინდა – სვიტერი. მარტივი სამოსია და ამავე დროს რა ფანტაზიის გაქანებას გაძლევს. იმხელა გაქანებას, რომ პოლო ხელოვნების ნიმუშადაც იქცა. სხვა კომპანიებმაც გამოიდეს თავი, მაგრამ მეტადრე მაინც “ლაკოსტის” ხელში.
კრისტოფ ლემერმა ახლახანს ბოლო ჩვენება გამართა Hermes-ის ლეიბლის ქვეშ. არ ვიცი, რა მიიტანა ლემერმა “ერმეში”, ნამდვილად არ დავინტერესებულვარ და არც ამის მიზეზი მქონია, მაგრამ “ლაკოსტმა” მის ხელში ცვლილებები ნამდვილად განიცადა. სხვაგვარად არც შეიძლებოდა, ბოლო-ბოლო მთელი 10 წელი იყო “ლაკოსტის” კრეატიული დირექტორი. ამ წლების განმავლობაში ფრანგული ბრენდი და მისი პოლო, ალბათ, გახდა კიდევ უფრო ფერადი და
მრავალფეროვანი, ვიდრე იყო მანამდე და ნამდვილად უფრო ძვირი.
პირველი, შეიძლება, იმდენად შესამჩნევი არც იყოს, ამიტომ დავწერე “ალბათ” – რაც “ლაკოსტის” მომხმარებელი ვარ, პოლოთა უფეროვნობას ის არასდროს უჩიოდა, მეორე კი სრულიად აშკარაა და იოლად დაეტყო ჯიბეს.
წერდნენ, რომ ლემერმა “ლაკოსტი” სპორტულიდან ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცია და ხელი შეუწყო მის გაახალგაზრდავებას, თუმცა, ნიანგიანი პოლო ყოველთვის იყო ფრეფი-სტილის ორგანული ნაწილი და გაყიდვების დინამიკით თუ ვიმსჯელებთ, ეს პოზიციები იშვიათად თუ დაუთმია. არამხოლოდ პოლო, ცხადია, მაგრამ “ლაკოსტისთვის” პოლო ყოველთვის რჩებოდა ბრენდის ერთგვარ სავაჭრო ნიშნად. ამბობ პოლოს, გულისხმობ “ლაკოსტს”. და – პირიქით. მომიტევოს რალფ ლორენმა.
Continue reading “ოდა პოლოს”