როგორ ვიცხოვრე სიცრუეში

Mamas and Papas LPეს სიმღერა პირველად ვინილის გრამფირფიტიდან მოვისმინე. ჩემი ბიძაშვილის ფირფიტა იყო. საბჭოთა კავშირში გამოცემული. ზედ ეწერა: 20 საუკეთესო სიმღერა. ვია “მამას ენდ პაპას”. ჯონ ფილიფსი. მიშელ გილიამი. დენის დოერთი. ქეს ელიოთი.

ახლაც არ ვიცი, რა ეტაკა აწუკვე შორეული 1978 წლის იმ მშვენიერ დღეს საბჭოთა გრამჩამწერ სტუდია “მელოდიას”, მაგრამ კობზონის, ლეშჩენკოს, ზიკინასა და პუგაჩოვას ფირფიტებს შორის, რატომღაც, ამერიკული ჯგუფის The Mamas and the Papas-ის ორმაგი ალბომიც ჩააფინა.

ამ ჯგუფზე წარმოდგენაც არ მქონდა. ძალიან კი მომეწონა. მეტადრე ხომ Dream a Little. შემდეგ, ერთხელაც იყო და, რომელიღაც სოცქვეყნის (მგონი – პოლონეთის) რომელიღაც ჟურნალში სტატია და მათი ფოტოც ვნახე. წაკითხვით ენა არ მესმოდა და ვერ წავიკითხავდი, ფოტოს კი დავაკვირდი და “მამილოები და დედილოები” ბიძა კაცები და დამა ქალები კიარა, ოთხი მოჰიპო, გაბურძგნული ახალგაზრდა აღმოჩნდა. ორი ბიჭი და ორი გოგო. ერთი ძალიან ლამაზი გოგო და მეორე – ძალიან მსუქანი გოგო.

Continue reading

10 ქავერი, რომელმაც ყურები ამომიტრიალა

ამ პოსტში ბევრი ცნობილი ქავერი ვერ მოხვდა, მათ შორის ქავერმაისტერ ჯო ქოქერისეული “ბიტლების” With A Little Help From My Friends, – თქმა არ უნდა, ბრწყინვალე ინტერპრეტაციაა, მაგრამ უჩემოდაც ყველამ იცით, ამიტომ გვერდი ავუქციე. არც ჯენის ჯოფლინის Summer Time იქნება და არც ნინო ქათამაძის “ტურფა”. შევეცდები, ცოტა ნაკლებგაცვეთილი ქავერები გაგახსენოთ.

დავიწყებ შვედი ტრომბონისტით, ნილს ლანდგრენით (Nils Landgren), რომელმაც გლორია გეინორის I Will Survive გააქავერა და ძალიან კარგადაც გამოუვიდა.

I Will Survive გლორია გეინორმა 1978 წლის ალბომისთვის ჩაწერა, ბილბორდის სიის სათავეში მოექცა და, მგონი, მომღერლის ერთადერთ ცნობილ სიმღერად შემორჩა დღეს. ამ კომპოზიციის ქავერი ინგლისურ ჯგუფს The Puppini Sisters-საც აქვს შესრულებული, მაგრამ მე მათეულ სხვა ქავერს მოგასმენინებთ ახლა – გოგონების საუკეთესო მეგობრების შესახებ.

Continue reading

ლონდონი. სტინგი.

პოსტის ავტორია Tinita

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

წინათქმა

Cardპოსტი სიამოვნებით მოვამზადე ლორდისთვის, რომელსაც 90-იანებიდან ვიცნობ. გვარის გარდა საერთო ბევრი გვაქვს: აშშ-ში მივლინების მოგონებები, ლიტერატურის და კინოს სიყვარული, ჰო, კიდევ რამდენიმე საყვარელი ბრენდი, მაგალითად, „ფლეშმენ ბლეშმენი“. საკონსულომ გამგზავრების წინ შეცდომით ერთმანეთის ვიზები ჩაგვიკრა. სემინარებზე მრავალმნიშვნელოვნად დუმდა, თუმცა შეუმჩნეველი არაფერი რჩებოდა, მაღაზიებში რელევანტურ რჩევებს მაძლევდა, ბროდვეიზე განმარტოებით ხეტიალისას გონებაში ბლოგის კონცეფციას ამუშავებდა. სასტუმროში, მის გვერდითა ნომერში დილით რომ პოლიციამ მკვდარი კაცი იპოვა, ეს ფაქტი სრული სიმშვიდით აღიქვა. ამერიკელებს თავი მოსმენის უნარით და განსწავლულობით დაამახსოვრა. მოკლედ, რადგან ჩვენი მეგობრობა მოგზაურობით დაიწყო, ჩემს გესთპოსტშიც ერთი მოგზაურობის ამბავს მოვყვები.

ჩემი შეხვედრა სტინგთან

Stingმაშინ სტინგი ისე მიყვარდა, sweet seventeen-ს რომ ახასიათებს: დაქალები ჟურნალებიდან ამოჭრილ ფოტოებს მჩუქნიდნენ, ტელევიზორში ხმას რომ გავიგონებდი, ის დღე ზეიმი იყო, ფირფიტებს და მეკობრულ კასეტებს ვაგროვებდი, სიმღერის სიტყვებს ბლოკნოტებში ვიწერდი… (უცნაური და სასაცილოა: no mp3, Google, YouTube…) ერთხელ, მეგობარმა მისი ორიგინალი კასეტის შიდა ფურცლიდან ამოწერილი ფანკლუბის მისამართი მომცა. სრულიად აუტანელი, რომანტიკულ–იდეალისტური წერილი მივწერე. პასუხად ნიუსლეთერი, კლუბის წევრობის პირობები და გასაყიდი სუვენირების სია მივიღე. ქუთაისის ფოსტის სერვისს არ ვენდობოდი და ჩემი უნივერსიტეტის პრორექტორის მისამართი მივეცი. პრორექტორის ცნება ალბათ უცხო იყო და ასეთწარწერიანი კონვერტები მომდიოდა: “Protector for International Relations”. სწავლასთან ერთად ერთ ბრიტანულ პროექტში ვმუშაობდი. იქ მიწვეული ექსპერტები ლონდონში ხშირად დადიოდნენ, ამიტომ ჩემს წერილებს მათ ვატანდი, საწევრო გადასახადი კონვერტში ნაღდი ფულით მედო. ვიწერდი მაისურებს, სხვადასხვა სუვენირებს, ნიუსებს ვყლაპავდი: ზეპირად ვიცოდი, როდის რომელ ქვეყანაში ჰქონდა კონცერტი. ბაინდერში სათუთად ვინახავდი ფერად–ფერად, A4 ფორმატზე დაბეჭდილ ნიუსლეთერებს. კლუბიდან მეგობრებიც გავიჩინე: თავიანთ საფოსტო მისამართს აქვეყნებდნენ და ითხოვდნენ, მეგობრობის მსურველები Card2გამოხმაურებოდნენ. სტინგის იშვიათ ჩანაწერებს უკვე კლუბელი მეგობრებისგან ვიღებდი საჩუქრად. ასეთ დღეში ვიყავი. უნივერსიტეტში სულ სტინგის მაისურით დავდიოდი. ქვემოთ მეცვა ვიწრო ჯინსი და საშინელი სქელძირიანი ფეხსაცმელი. „აი ის გოგო, სტინგი რომ უყვარს“ – ასე მახსენებდნენ. ბროში მქონდა სტინგის გამოსახულებით, შავ ჟაკეტზე მეკეთა. ერთს ჰგონებია, გარდაცვლილი ახლობლის ფოტო იყო, მოვიდა და უხერხულად მომისამძიმრა, მერე ბროშს კარგად დააკვირდა და გულზე მოეშვა.

Continue reading