გაუმაძღრობა კარგია. სექსი იოლია. ახალგაზრდობა – მარადიული.
ბრეთ ისთონ ელისი. “ინფორმატორები”
არა, “ამერიკელ ფსიქოპათზე” დაწერას არ ვაპირებ. 🙂 ის ბრეთ ისთონ ელისის (Bret Easton Ellis) ყველაზე ცნობილი რომანია და უჩემოდაც წაკითხული გექნებათ (და თუ წაკითხული არ გაქვთ და არ გაინტერესებთ, არც ჩემი პოსტი დაგაინტერესებთ). სხვა რომანზე დავწერ – “ინფორმატორებზე” (The Informers) თუმცა, არც ვიცი, რომანია კი? ბევრი მოთხრობების კრებულს უძახის. “ინფორმატორებში” თავებად დაყოფილი ამბები, თითქოს, არც რამით უკავშირდება ერთიმეორეს. ვიღაცა ვიღაცის მეგობარია. ვიღაცა ვიღაცის მეზობლად კაფეში დადის. ვიღაცა ვიღაცის დედის საყვარელია. ვიღაცა ვიღაცას ნარკოტიკებით ამარაგებს. ვიღაცა ვიღაცას ვიღაცის შესახებ უყვება. ვიღაცას ვიღაცის შესახებ რაღაც ამბისთვის მოუკრავს ყური. მრავალრიცხოვან პერსონაჟებში ჩაკარგვა ისევე იოლია, როგორც თივაში ქინძისთავისთვის. ტყუილად კი არ ჰქვია ფრანგულ თარგმანში ამ რომანს – “ზომბები”. მისი პერსონაჟები მართლაც ზომბებივით ჰგვანან ერთმანეთს და მათი გარჩევა, ხშირად, ძნელია.
ერთი კვირის წინ მეგობრებთან ერთად ვიჯექი ლოს ანჯელესის უმაგრეს კლუბში, დიჯეიმ ჩართო იაზი და ბოუი, ვიდეო-კლიპებს ატრიალებენ, მე კი მესამე ჯინ-ტონიკს ვსვამ და უცებ ვხვდები, რომ სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან ერთია. ნიუ იორქი, ლოს ანჯელესი, ფალმ სფრინგზი… მნიშვნელობა აღარ აქვს. ჯანდაბა! ალბათ უნდა ავღელდე, არა? მაგრამ, იცი, ეს ამბავი, მამშვიდებს. არ მაღელვებს, გესმის? პირიქით, მივეჩვიე და მევასება.
ბრეთ ისთონ ელისი. “ინფორმატორები”