პარიზი: ტურისტული პრაქტიკუმი (ნაწილი 1)

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

თუ ბედმა გაგიღიმა და ახალგაზრდობა პარიზში გაატარე, სადაც არ უნდა იყო შემდეგ, ყოველთვის, სიცოცხლის ბოლომდე ეს ქალაქი დარჩება შენთან. არასდროს დაგანებებს თავს, იმიტომ რომ პარიზი – ესაა დღესასწაული, რომელიც სულმუდამ შენთანაა.
დღესასწაული, რომელიც მუდამ შენთანაა. ერნსთ ჰემინგუეი.

პარიზი არის დღესასწაული, რომელიც მუდამ შენთანაა, მაგრამ ეს დღესასწაული რომ არ ჩაგიშხამდეს, რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას გაგიზიარებ, ჩემი პირადი პარიზული გამოცდილებიდან.I

Paris-2018-07 Tour Eiffel (6)

რა. სად. როდის.

უბნები და ქუჩები

ფრანგებს ზარმაცი, აცვენილი, ავანტიურისტი და ცოტა ტვინარეული ხალხის რეპუტაცია აქვთ. პოეტების და მხატვრების ერია – პრაგმატიზმით და კარგი ორგანიზებულობით ვერ დაიკვეხნიან. როგორც კოქტომ თქვა აქ ყველა მსახიობია და არვინ – მაყურებელიო. მიუხედავად ამისა, რაღაც ეშმაკებით მოახერხეს და დედაქალაქი უბრალოდ იდეალურად დაგეგმეს.

ურბანისტი არ ვარ, მაგრამ ჩემი, რიგითი ტურისტის თვალსაზრისით, ამ ქალაქში გადაადგილება ერთი სიხარულია. და ლამაზ ხედებში არაა საქმე –  ქალაქგეგმარებაა ისეთი, ძალიანაც რომ მოინდომო, ვერ დაიკარგები და იოლად მიაღწევ იქ, საითკენაც გაგიწევია (დღეს, გუგლმეფის ეპოქაში ყველაფერი გამარტივებულია, მაგრამ პირველად რომ მოვხვდი პარიზში, ჯერ გუგლმეფი არ იყო და ეს დაგეგმარება მაშინ ერთიორად დავაფასე).

Continue reading
Advertisements

პარიზი 2.0

კვირადღის პოსტი

ადიბასი გამიგია. ნოკლაც გამიგია. როლაქსიც გამიგია. მაგრამ მთლიანად ქალაქის კლონირებას თუ მოიფიქრებდნენ, რას ვიფიქრებდი.

francois-prost-eiffel-tower

Continue reading

ვახშამი ვენეციაში

სან მარკოს მოედანთან ერთ-ერთ რესტორანში ოთხ იაპონელ ტურისტს 1’143 ევრო უანგარიშეს. ბევრი არაფერი მიურთმევიათ, ყოველ შემთხვევაში საათასევროდ – არაფერი, მაგრამ ჩვენთან ასეთი წესიაო – უთხრეს. არც ჩეკი მიუციათ – რაღაც ქაღალდი ამოუბეჭდეს, არც თავი ჰქონდა, არც ბოლო. ტურისტებს მატარებელზე აგვიანდებოდათ და ჩხუბსა და აყალ-მაყალს მოერიდნენ. მაგრამ ჩანს, პირველი შემთხვევა არ იყო და კარგად იცოდნენ რა ექნათ: ბოლონიაში დაბრუნდნენ თუ არა, პოლიციას მიმართეს და დასტურად საბანკო ამონაწერი წარუდგინეს.

Continue reading

ბრიუგეში

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

ჰარი: რაო? მის გემოვნებაში არ ჯდებაო?? ეს ზღაპრული ქალაქია! როგორ შეიძლება, ზღაპრული ქალაქი ვინმეს გემოვნებაში არ ჯდებოდეს? როგორ შეიძლება, ეს არხები და ხიდები და ქუჩები ქვაფენილით და ეს ეკლესიები… ეს ზღაპრული სილამაზე ვინმეს დედამოტყმულ გემოვნებაში არ ჯდებოდეს??
ქენი: მე ვფიქრობ… იმის თქმა მინდოდა…
ჰარი: გედები დაცურავენ?
ქენი: კი… გედები აქ არიან… დაცურავენ…
ჰარი: როგორ შეიძლება, გედები ვინმეს გემოვნებაში არ ჯდებოდეს? სულ გამოყლევდით??
მართინ მაქდონაჰი. “ბრიუგეში”.

პირველად რომ თქვეს, საქართველოს მოქალაქეებს მალე ვიზები უნდა გაგვიუქმონო, ეს “მალე” არ მჯეროდა, მაგრამ კი ჩავუთქვი – ამ უვიზოს იმ ევროპულ ქალაქში აღვნიშნავ, ჯერ რომ არ ვყოფილვარ-მეთქი. არჩევანი ბრიუგეზე გადავწყვიტე.

Belfort (4)

მადლობა მართინ მაქდონაჰს – მისი ფილმი რომარა, ბრიუგეში წასვლა, ეგებ, აზრადაც არ მომსვლოდა. ახლა რომ ვთქვა, მსგავსი სილამაზის ქალაქში არასდროს ვყოფილვარ-თქო, ეს ფრაზა არაფერს გეტყვით – უნდა ჩამოვთვალო, სად ვყოფილვარ და რას ვადარებ და სად არ ვყოფილვარ და რას ვერ ვადარებ… მაგრამ მსგავსი სილამაზის ქალაქში მართლა არასდროს ვყოფილვარ.

Continue reading

How-to: ვლაგდებით სამოგზაუროდ

მოგზაურის რვეული:
ჩანთა, რომელიც უნდა ჩაალაგო, ქანცი რომ არ გაგწყდეს

გრილი ღამე (თბილისიდან რეისები ხომ, ჩვეულებრივ, გამთენიისასაა), თბილისის აეროპორტი (ან, თუნდაც – ქუთაისისა იყოს), მშვენიერი, სამოგზაურო განწყობა და თქვენი მეუღლე/პარტნიორი/მეგობარი/თანამგზავრი (საჭირო – დატოვეთ), რომელიც ორი უზარმაზარი (ან – სამი საშუალო, ან ერთი პატარა და ორი უზარმაზარი, ზურგსუკან რომ მალავს) ზომის ჩემოდნით მობრძანდება. 🙂

ნაცნობი ამბავია?

ახლა ვნახოთ, როგორ ჩავბარგდეთ ისე, რომ ყველაფერი აუცილებელი თან გვქონდეს და ერთ სულზე ერთი საშუალო ზომის (თვითმფრინავის სალონში რომ აგვატანინებენ – ისეთი) ჩანთა გვეყოს.

წესი პირველი (დაუჯერებელი): ჩანთა მეტად (ან, როგორც მინიმუმ, არანაკლებ) ბევრს იტევს, ვიდრე – ჩემოდანი, თუ სწორად ჩაალაგებ.

(აქ ვგულისხმობ: ზურგჩანთას, ან მესინჯერს ან ყველა სხვა ტიპის ჩანთას, რომელსაც ზურგზე მოიგდებ, მხარზე გადაიკიდებ ან გააგორებ, მთავარია – იყოს მჩატე, ელასტიური, კარგად შეკერილი, სასურველია – ვერტიკალური (თუ გორგოლაჭები აქვს – ბრუნვადიც) და არა-ჰორიზონტალური).

წესი მეორე: ყველაფერი, რაც საშუალოსტატისტიკურ, არაპარანოიდალურ, არაპიემესიან ადამიანს სჭირდება 7-10-დღიანი მოგზაურობისთვის ჩაეტევა 25-40 ლიტრი მოცულობის ჩანთაში.

Continue reading

ჩემი ბათუმი

გესთ-პოსტი by Molly Bloom’s Day

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

სულ მგონია, რომ ამ ქალაქთან ვალში ვარ.

სულ მინდა, ვილაპარაკო და ვწერო და ვწერო ყველგან, სადაც ვწერ. რამე განსაკუთრებული, რამე ისეთი, ღირსეული, ორი წლის მერეც რომ გადახედავ და კმაყოფილი დარჩები, კარგი გამოსულაო.

სათქმელი მაქვს იმდენი, ერთ წიგნს აიწონის.

მომაწვება ეს სათქმელი და მონატრება ყელში, გამეჩხირება ბურთივით, დავჯდები საწერად და ჩვეულებრივი ამბავი გამოდის. ჩვეულებრივი ამბები არაჩვეულებრივ ქალაქზე.

ბათუმი პატარაა. თბილისურ მანძილებს შეჩვეულთათთვის – მითუმეტეს. ახვალ ავტობუსში, აიღებ ბილეთს, მიიხედავ, მოიხედავ და უკვე შენი გაჩერებაა. აბაშიძის დასაწყისში რომ ჩაფიქრდები, თავს აწევ და უკვე პიონერთა პარკთან ხარ. ისე გაივლი მთავარ ქუჩას, ვერც შეამჩნევ. ოღონდ ბათუმელ მეგობართან ერთად თუ გამოხვედი სასეირნოდ, შეიძლება, ათი წუთის გზისთვის ორი საათი დაგჭირდეს. ასჯერ გააჩერებენ, მიესალმებიან, მოიკითხავენ, შენც მოგიკითხავენ, მერე რა, რომ არ გიცნობენ. აქ სტუმარიც ღვთისაა და სალამიც.

Continue reading