ენდრიუ და ნილი მოლდოვანები დაქორწინდნენ. მოლდოველები არა – მოლდოვანები. ამერიკელები არიან და, როგორც კატა მატროსკინი იტყოდა, გვარი აქვთ ასეთი. დაქორწინდნენ და საქორწინო (თუ საქორწილო) სესიისთვის პროფესიონალ ფოტოგრაფს უხმეს – ანდრეა ფოლითოს. მომსახურება 6’000 დოლარი დაუჯდათ… 6’000 დოლარი დაუჯდებოდათ, რომ არა ის ამბავი, რაც ამის მერე მოხდა და რაც უთუოდ განგაცვიფრებთ.
საქორწილო ალბომის ქავერ-ფოტოსთვის ფოტოგრაფმა წყვილს დამატებით 150 დოლარი მოთხოვა. მათ შორს დაიჭირეს – ასე არ შევთანხმებულვართო. ფოტოგრაფმა – შეთანხმება სპეციალურ ქავერს არ გულისხმობდაო. წყვილმა – გულისხმობდაო. მაშინ ფოტოგრაფმა ფოტოების გადაცემაზე უარი განაცხადა და შეთანხმების დარღვევისთვის ჯარიმის გადახდა მოითხოვა კიდევ 250 დოლარის ოდენობით. წყვილმა ასე არ უნდაო – სოცქსელს მიადგნენ და ყველგან, სადაც მიწვდნენ, ფოტოგრაფის “გამომძალველობაზე” დაპოსტეს… გამორჩეულად მაინც ნილიმ – ის პოპულარული ბლოგერია, ბევრი მკითხველი ჰყავს და ახალი მედიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.