როდესაც ურსულა ანდრესი ბონდიანის რიგით პირველ და ერთ-ერთ საუკეთესო ფილმში “დოქტორი ნო” გამოჩნდა, არც უფიქრია, რომ რევოლუციას მოახდენდა ამერიკულ მოდაში და – არამხოლოდ მოდაში. რომ ეს ფილმი “სექსუალური რევოლუციის” სიმბოლოდ გადააქცევდა.
როდესაც ურსულა ოკეანის ტალღებიდან ამოდის აფროდიტესავით, თეთრი ფერის ბიკინიში, ნიჟარებით ხელში და წელზე ჩამოკონწიალებული დანით, მამაკაცებს კინოდარბაზში გულები უჩერდებათ… ეს ერთ-ერთი ყველაზე საკულტო კადრია, არამხოლოდ ბონდიანის, არამედ მთლიანად სინემატოგრაფის ისტორიაში. ურსულა ანდრესს ამ როლისთვის ოქროს გლობუსი მიანიჭეს.
აგენტი და მისი ქალები
არ უფიქრია, იმიტომ რომ ევროპელი იყო. იმიტომ რომ ბიკინი ევროპულ პლიაჟებზეც, კინოშიც და სცენაზეც უკვე (თითქმის) ჩვეულებრივი ამბავი იყო. იმიტომ რომ ბიკინი ეცვათ ბრიჟიტ ბარდოს და დალიდას. მაგრამ პურიტანულ ამერიკაში ქალს განცალკევებულ საცურაო კოსტიუმში ჯერისევ თამამ, რისკიან (ეს – უკეთეს შემთხვევაში) და უარეს შემთხვევაში კი – უხამსობის და ამორალურობის ზღვარზე მოსიარულედ მიიჩნევდნენ. ზოგიერთ პლიაჟზე ასე ბანაობა და გარუჯვა აკრძალულიც იყო.