პარიზი, ბევრი სიტყვით მთავარზე (ნაწილი 4)

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

როდესაც დიეტაზე მყოფი ადამიანი კვდება – მისი სული პარიზში მიდის.
უცნობი კულინარი

გაფრთხილება: ეს არის პოსტი, რომლის წაკითხვისას 2,5 კილოს აკრეფთ!

ძნელია პარიზზე დაწერო. ძნელია დავწერო პარიზზე უკეთ, ვიდრე ჰემინგუეი დაწერს. ძნელია მოგიყვე პარიზზე უკეთესად, ვიდრე ვუდი ალენი დაგანახებს. მაგრამ ყველას თავისი პარიზი ყავს. პარიზი ისეთია, როგორზეც ოცნებობ და სულაც არ არის საჭირო, შენი პარიზი სხვისას ჰგავდეს. და არც ისაა ლამაზი, მიხვიდე და შენი პარიზით სხვის პარიზში ჩაეკვეხო. ამიტომ მე ჩემ პარიზზე ვწერ და ჩემი პარიზი იწყება (და მთავრდება) პიერ ერმეთი. 🙂

Pierre Herme Paris

არა, პირველად რომ ჩავედი პარიზში ის ტრიუმფალური თაღით, ეიფელის კოშკით, ლუვრით და დისნეილენდით დაიწყო. მაგრამ ამ ჯერზე, როცა ეს ყველაფერი უკვე ნანახი მქონდა, გზიდან პარიზში “გადახვევა” სწორედ ერმეს გამო გადავწყვიტე.

იმპერატორთან, იმპერატორის ქუჩაზე

Smile

პიერ ერმეზე ვრცელი პოსტი მაქვს, ამიტომ აქ აღარ განვავრცობ. მოკლედ ვიტყვი – ერმე ყველაზე პატივდებული ფრანგი კონდიტერია. ტკბილეულის პიკასო და დესერტის დიორი. საკმარისზე წონიანი მიზეზია, პარიზს ეწვიო.

Continue reading
Advertisements

ლატე ზურიკელასთვის

თუ ძაღლები, ყავა და მოგზაურობა გიყვართ და ტაიბეიში მოხვდებით, კაფე Mr. R. Drinks-ს უნდა მიაკითხოთ, სადაც ბარისტა მისტერ არ აი ასეთ რამეებს მოგიმზადებთ:

Shiba Inu latte artShiba Inu latte art 2

ტაივანური ყავახანის შიბა ინუ ლატე ე.წ. 3D ლატე-არტის ტექნიკით მზადდება. ეს ტექნიკა აღმოსავლელი ბარისტების მოფიქრებულია, ტრადიციული, ევროპული ლატე-არტისგან განსხვავება თვალნათელია – აქ ნახატი კი არ იხატება, არამედ – იძერწება.  როგორც მიქელანჯელომ თქვა: იღებ გაყინულ ნაღებს და ზედმეტს ჩამოათლი. Smile გრჩება:

Continue reading

კონდიტერიის პიკასო

პოსტი ეძღვნება ადამიანს,
ვინც ერმეს ნამცხვრები დააგემოვნა. 🙂
და ყველა მისალოცს, ეს ბედნიერება რომ წინ ელის.

Pierre Herme Pastryმისი გვარი მოდის ცნობილ პარიზულ სახლს ჩამოგავს, თუმცა პიერ ერმე (Pierre Hermé) არც მოდელიორია, არც – დიზაინერი. და არც ნატიფ მოდასთან აქვს კავშირი… თუმცა, კაცმა რომ თქვას – აქვს. როგორ არ აქვს. მოდასთანაც. დიზაინთანაც. ხელოვნებასთანაც. ის ფრანგული ნატიფი კულინარიის წარმომადგენელია და ჟურნალ Vogue-ს შეფასებით, “ტკბილეულის პიკასო” და “დესერტის დიორი”. პიერ ერმე თავის საქმეში მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია, მე პირადად, მათგან გამორჩეულად “მსოფლიოს საუკეთესო კონდიტერის” წოდება მომწონს, 2016 წელს რომ მიანიჭეს. კარგი მიზეზია, ეწვიო პარიზს და მისი რესტორანი მოინახულო (მითუფრო, თუ სხვა ყველაფერი – ლუვრი, ეიფელის კოშკი, მულენ რუჟი და დისნეილენდიც უკვე მონახულებული გაქვს Smile).

Continue reading

ვახშამი ვენეციაში

სან მარკოს მოედანთან ერთ-ერთ რესტორანში ოთხ იაპონელ ტურისტს 1’143 ევრო უანგარიშეს. ბევრი არაფერი მიურთმევიათ, ყოველ შემთხვევაში საათასევროდ – არაფერი, მაგრამ ჩვენთან ასეთი წესიაო – უთხრეს. არც ჩეკი მიუციათ – რაღაც ქაღალდი ამოუბეჭდეს, არც თავი ჰქონდა, არც ბოლო. ტურისტებს მატარებელზე აგვიანდებოდათ და ჩხუბსა და აყალ-მაყალს მოერიდნენ. მაგრამ ჩანს, პირველი შემთხვევა არ იყო და კარგად იცოდნენ რა ექნათ: ბოლონიაში დაბრუნდნენ თუ არა, პოლიციას მიმართეს და დასტურად საბანკო ამონაწერი წარუდგინეს.

Continue reading

ბრიუგეში

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

ჰარი: რაო? მის გემოვნებაში არ ჯდებაო?? ეს ზღაპრული ქალაქია! როგორ შეიძლება, ზღაპრული ქალაქი ვინმეს გემოვნებაში არ ჯდებოდეს? როგორ შეიძლება, ეს არხები და ხიდები და ქუჩები ქვაფენილით და ეს ეკლესიები… ეს ზღაპრული სილამაზე ვინმეს დედამოტყმულ გემოვნებაში არ ჯდებოდეს??
ქენი: მე ვფიქრობ… იმის თქმა მინდოდა…
ჰარი: გედები დაცურავენ?
ქენი: კი… გედები აქ არიან… დაცურავენ…
ჰარი: როგორ შეიძლება, გედები ვინმეს გემოვნებაში არ ჯდებოდეს? სულ გამოყლევდით??
მართინ მაქდონაჰი. “ბრიუგეში”.

პირველად რომ თქვეს, საქართველოს მოქალაქეებს მალე ვიზები უნდა გაგვიუქმონო, ეს “მალე” არ მჯეროდა, მაგრამ კი ჩავუთქვი – ამ უვიზოს იმ ევროპულ ქალაქში აღვნიშნავ, ჯერ რომ არ ვყოფილვარ-მეთქი. არჩევანი ბრიუგეზე გადავწყვიტე.

Belfort (4)

მადლობა მართინ მაქდონაჰს – მისი ფილმი რომარა, ბრიუგეში წასვლა, ეგებ, აზრადაც არ მომსვლოდა. ახლა რომ ვთქვა, მსგავსი სილამაზის ქალაქში არასდროს ვყოფილვარ-თქო, ეს ფრაზა არაფერს გეტყვით – უნდა ჩამოვთვალო, სად ვყოფილვარ და რას ვადარებ და სად არ ვყოფილვარ და რას ვერ ვადარებ… მაგრამ მსგავსი სილამაზის ქალაქში მართლა არასდროს ვყოფილვარ.

Continue reading

ჩილი და მაიმუნი ვირიშვილი

ჩილი ყველამ ვიცით. ის ჩილი არა, სადაც პინოჩეტია, აი ეს ჩილი

ზოგს გვიყვარს, ზოგს – არა, მაგრამ ყველამ ვიცით. მსოფლიოს ყველა წიწაკას შორის ყველაზე კარგად ცნობილი წიწაკაა. და – ყველაზე ცხარეც. მეგრელები, შეიძლება, არ დამეთანხმონ, მაგრამ დათვლილი და გაზომილია. წიწაკების სიცხარის შკალაზე (კი – ასეთიც არის) ამერიკული ჩილი ლიდერობს, რომლის სიცხარის ერთეული მილიონნახევარზე მეტია (შედარებისთვის, ჩვეულებრივი ცხარე წიწაკის სიცხარე, ისეთის, აჯიკაში რომ გამოდგება, 500-ია), მაგრამ ეს ამერიკელი ახალი ჯიშია. რეკორდს ადევნებული ფერმერების გამოყვანილი, ტრადიციულ, ძირძველ ჯიშებს შორის კი მექსიკური არა – ინდური ჩილი ლიდერობს, რომლის სიცხარე 1,3 მილიონი ერთეულით ფასდება.

Continue reading

ფრანგი კულინარი

ერთი უცნაური რამ უნდა ვაღიარო – ბავშვობაში ეკლერი არ მიყვარდა. :/ არა, მთლად “არ მიყვარდა” არა, მაგრამ ჩემი ბავშვობის პოპულარულ საკონდიტრო სამეულში – შუ (რომელიც პროფიტროლია), ხვეულა (რომელსაც მაშინ ტრუბოჩკას ეძახდნენ) და ეკლერი – ეს ბოლო ყველაზე ნაკლებად მიყვარდა. რუსთაველზე ერთი ცნობილი საკონდიტრო იყო, ვერ ვიხსენებ ახლა, რა ერქვა, ხშირი სტუმარი ვიყავი და რომ შემეკითხებოდნენ, რას ინებებო – შუს და ტრუბოჩკას ვითხოვდი, ხოლმე. იშვიათად – ეკლერს. არ ვიცი, კომუნისტებს თუ დავაბრალო. Smile როგორც ქართული წესია – საკუთარ სიგლახეს რომ წარსულ დროს ვაბრალებთ.

დღეს ამათგან ყველაზე მეტად ეკლერი მიყვარს. კონდიტერის შედევრი, რომელიც დიდ კულინარიულ წიგნშია, როგორც ფრანგი ერის ეროვნული, კულტურული და გასტრონომიული ფასეულობა.

Marie Antoine Caremeბევრი კულინარიული საოცრების ავტორის სახელი, სამწუხაროდ, დაკარგულია. ეკლერს გაუმართლა – პირველმა ვინ გამოაცხო, ვიცით – მარი ანტუან კარემმა (Marie Antoine Carême), კულინართა მეფემ და მეფეთა კულინარმა, როგორც უწოდებდნენ. იყო ნაპოლეონის, გეორგ მეხუთისა და ალექსანდრ პირველის მზარეული… ახლა ტალეირანზე, ბარონ ჰოუდენზე, ბანკირ როტშილდსა და სხვა წვრილფეხობაზე არაფერს ვამბობ. ნამდვილი სელებრითი იყო – ინსთაგრამი რომ ჰქონოდა, ვერც წარმოვიდგენ, რამდენი ფოლოვერი ეყოლებოდა. კარემი Haute cuisine-ის ერთ-ერთი პირველი მაგისტრია, კულინარი, ვინც დგას ამ “ნატიფი კულინარიის” ფუძეებთან. ამბობენ, რომ ფრანგული კულინარიული ხელოვნების დამსახურება მსოფლიო გამოცდილების სისტემატიზაცია და კანონების შექმნაა. ის, რაც სხვისთვის უბრალოდ საკვები იყო, ფრანგებმა ხელოვნებად, მეცნიერებად და ფასეულობად აქციეს. მათ ხიდი გადეს მსოფლიოში ცნობილ სხვადასხვა კულინარიულ ტრადიციას შორის. წმინდა ფრანგული კერძი არც იმდენია, რამდენიც ფრანგების მიერ “გაფრანგებული” და დახარისხებული. გამორჩეულად მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ სწორედ ფრანგები მიხვდნენ პირველები – უნდა დამსხდარიყვნენ, რეცეპტები ჩაეწერათ და წიგნებად აეკინძათ (დიუმა სულელი კი არ იყო, იმხელა კულინარიული ენციკლოპედია რომ დაწერა და იმასაც ამბობდა, ეს ჩემი ყველაზე მთავრი წიგნიაო) კარემი ამ საქმის მოთავეა – მისი “ფრანგული კულინარიის ხელოვნება” იმ დროის ბესთსელერი იყო. კიდევ სხვა რამდენიმე წიგნის ავტორია. ფრანგული კულინარიული ენციკლოპედიები კარგი ქვეყნის კონსტიტუციას ჰგავს, სადაც ერთი კანონი მეორის თავია და სხვის – ბოლო. და ყველა ერთად თავისუფლებისა და წესრიგისCuisine Francaise - Careme ჰარმონიაა და არა – აჯაფსანდალი.

Continue reading