მფრინავი კატა და მისი 9 სიცოცხლე

ბელკა და სტრელკა ვინ იყვნენ, ყველამ იცოდა ჩემ ბავშვობაში – ორი ძაღლი, ვინც პირველებმა იმოგზაურეს კოსმოსში. გაგარინზე ადრე.

ქიდდო – ასე ერქვა კატას, რომელიც 1910 წლის 15 ოქტომბერს დირიჟაბლში ჩაჯდა, რომ ატლანტის ოკეანეზე გადაეფრინა. პირველს, კატებს შორის. კატებს რა – ყველა სულიერს შორის პირველს (ჩიტები გამოვრიცხოთ) რაკი ეს ატლანტის ოკეანეზე გადაფრენის პირველი მცდელობა იყო ისტორიაში.

ამ ამბის სულისჩამდგმელი უოლთერ უელმენი (Walter Wellman) იყო, ამერიკელი ჟურნალისტი, მოგზაური და ავიატორი. შეიამხანაგა მელვინ ვენიმენი (Melvin Vaniman) ინჟინერი, ავიატორი და იმ დროის სახელგანთქმული ფოტოგრაფი – დღეს ასეთ ადამიანებს ექსტრემალებს უძახიან, იმ დროს კი აკრობატ-ფოტოგრაფად იცნობდნენ – ყველანაირ სარისკო ნაბიჯზე იყო თანახმა, ოღონდ კი კარგი კადრი მოეხელთებინა.

ამ ორის გარდა, ექსპედიციის მონაწილეთა შორის იყვნენ რადიო-ტექნიკოსი ჯექ ირვინი (Jack Irwin) ბრიტანელი შტურმანი მიურეი საიმონი (Murray Simon) და სხვა ორი წევრი. დაკიდევ ჟღალბეწვა კატა ქიდდო (Kiddo the Cat).

Continue reading

აუსტერლიცის მზე და მარენგოს ქათამი

ფრანგების იმპერატორი არასდროს უჩიოდა უმადობას. მეტადრე – ბრძოლის შემდეგ. მოგებული ბრძოლის შემდეგ ხომ – მითუფრო.

ასე იყო 1800 წლის 14 ივნისს, მარენგოს მახლობლად. ნაპოლეონმა, რომელსაც წესად ჰქონდა, არაფერი ეჭამა, სანამ ბრძოლას უძღვებოდა, ავსტრიელების დამარცხების შემდეგ ქათმის კერძი მოისურვა. ფრანგული არმიის სურსათ-სანოვაგის კარვები ბრძოლის ველიდან საკმაოდ მოშორებით იყო გამართული, იმპერატორი კი ვერ ითმენდა, ამიტომ მისმა პირადმა მზარეულმა დუნანმა (Dunand) იქვე უახლოეს სოფელში შეგირდები აფრინა პროვიანტის შესაძენად და რაც მიუტანეს, იმისგან მარტივი და გემრიელი კერძი შექმნა, მარენგოს ქათამი ან ნაპოლეონის ქათამი (Poulet de Napoléon) რომ ჰქვია.

Continue reading

ლოლიტა

ფლორენს სალი ჰორნერი ნიუ ჯერსის შტატის ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა. ახლა ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური ქალაქია, უმუშევრობის მაღალი დონით, იმ დროს კი ათასი ქარხანა გუგუნებდა და ეკონომიკური ცხოვრება ყვაოდა. სალის მდიდარი მშობლები არ ყავდა, მამით ობოლს დედა ზრდიდა, მაგრამ არ უჩიოდა ცხოვრებას – სხვაც ბევრი იყო ასე: ახალი დამთავრებული იყო ომი. იმ დღეს მაღაზიაში საქურდლად შევიდა. ბევრი არაფერი, რამე იაფი, წვრილმანი რამ უნდა მოეპარა. კი არ ჭირდებოდა რამედ – ნიძლავი ჰქონდა წაგებული. ბოლოს ბლოკნოტი შეარჩია. 5 ცენტი ღირდა სულ, პატარა ზომის იყო და იოლად გააყოლებდა ხელს, ასე იფიქრა. სასკოლო ჩანთაში მოათავსა მალულად და სალაროს ფრთხილად აუარა გვერდი. 5 ცენტი 5 ცენტად, მაგრამ გული კი უცემდა. რომ ეგონა, ქუჩაში, სამშვიდობოს გამოვედიო, მკლავში სტაცა ვიღაცამ.

  Florece Sally Horner Continue reading

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის უცნობი და ნაცნობი ისტორია

Paris-2018-07 Notre-Dame (5)ტაძარს, რომელიც კინაღამ განადგურდა, ადრეც არაერთი ცუდი ამბავი გადახდენია თავს.

ბევრი რამ არ ვიცოდი.

მე-17 საუკუნეში, რევოლუციის დროს ქვები დაუშინეს და ვიტრაჟების დიდი წილი ჩაამსხვრიეს. ვარდი გადარჩა. ვერ მიწვდნენ, ალბათ. ან ძალიან ლამაზი რომ იყო, ვერ გაიმეტეს. აკი, ცეცხლმაც ვერ გაიმეტა.

იაკობინელებმა დანგრევა დაუპირეს. გადაიფიქრეს და ცოდნის სასახლედ გადააკეთეს. ზარები გადაადნეს, ერთადერთი, დიდი ზარი გადაურჩათ. მეფეებისა და წმინდანების ქანდაკებებს კი, ტაძრის კედლებს რომ ამშვენებს, ჩამოუარეს და თავები დააჭრეს. მხოლოდ წმინდა დენის ვერაფერი უქნეს, იმად, რომ თავი მოჭრილი ჰქონდა მათ გარეშეც. 🙂

Continue reading

პრეზიდენტი და პატრიარქი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ

ეს პოსტი 2009 წელს დავწერე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ერთ კონკრეტულ ამბავზე, რომელიც ახლა, ალბათ, არც გეხსომებათ და გამოვაქვეყნე (სხვა ბლოგზე).
მაგრამ ასეთი ამბები სულ ხდება ჩვენ თავს და ცენზურის საფრთხე მუდამ არის. მიშა იქნება თუ გრიშა სალომე.
ქვეყანაში, რომლის ასაკის მსხლის ხე აქვთ ჩვენ პაპებს ეზოში, საფრთხე, რომ პირს ამოგიკეტავენ – არ არის. იმიტომ რომ ამაზე იზრუნეს ამერიკელმა ხალხმა, დამფუძნებელმა მამებმა, პრეზიდენტმა ჯეიმს მედისონმა, კონსტიტუციის პირველმა შესწორებამ და იცავს უზენაესი სასამართლო. და ისეთ დაცურებულსაც კი, როგორიც ახლანდელი პრეზიდენტია (ამერიკის) ცენზურის შემოღება არ შეუძლია.

***

1988 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა უმნიშვნელოვანესი ვერდიქტი საქმეზე: Hustler Magazine, Inc. vs. Falwell, რომელიც აშშ პრესამ შერაცხა პროცესად “ეშმაკისა ღმერთის წინააღმდეგ”.

1983 წელს ჟურნალმა Hustler გამოაქვეყნა სატირა ცნობილ მღვდელსა და ქადაგზე, ღირს მამა ჯერი ფალველზე – მოგონილი ინტერვიუ, სადაც ფალველი ვითომ ყვებოდა, თუ როგორ გამოთვრა პირველად და ჰქონდა ინცესტი საკუთარ დედასთან. გვერდს მცირე შრიფტით დართული ჰქონდა წარწერა, რომ მასალა წარმოადგენდა პაროდიას.

ამ პუბლიკაციის მიზანი იყო მორალიზმისა და საზოგადოების ფარისევლობის გაშარჟება იმგვარი უკიდურესი ფორმით, როგორც ეს, ზოგადად, სჩვეოდა Hustler-ის დამფუძნებელსა და გამომცემელს, ლარი ფლინტს.

Continue reading

მისი მშვენიერი ლენი

Leni Riefenstahl and Hitler

ჰიტლერის საყვარელი რეჟისორი იყო, “ოლიმპიასა” და “ნების ტრიუმფის” ავტორი, თუმცა შემთხვევითობა რომ არა, შეიძლება, ეს ფილმები არც გადაეღო. შეიძლება, საერთოდ არ გადაეღო ფილმი, იმიტომ რომ ლენი რიფენშტალი (Helene Bertha Amalie “Leni” Riefenstahl) მოცეკვავის კარიერაზე ოცნებობდა და მონაცემებიც ჰქონდა. პედაგოგების რწმუნებით – ფენომენალური მონაცემები. მის პედაგოგებს კი დაეჯერება – კლასიკური ბალეტის წარმომადგენელი რუსი ევგენია ედუარდოვა, ექსპრესიული ცეკვის შემქმნელი გერმანელი მარი ვიგმანი და რიტმული ტანვარჯიშის ქორეოგრაფი გერმანელი იუტა კლამტი იყვნენ.

მამა სხვა აზრის იყო. ქალიშვილის სცენაზე უშნოდ კუნტრუში არ მოსწონდა. სტენოგრაფიისა და ბუღალტრული აღრიცხვის კურსებზე მიიყვანა. ქალთა დახურულ პანსიონშიც კი გამოკეტა ერთი პირობა, მაგრამ ლენი გაიქცა იქიდანაც და შინიდანაც. დააბრუნეს და ისევ გაიქცა. ასე ბრძოლით გაიტანა თავისი. მიხვდა მამა, რომ ძალად მოქცევას აზრი არ ჰქონდა და თავი დაანება. Continue reading

ჯანი ცრუთა ქვეყანაში

Rodari with Cipollinoვისაც, ჩემიარიყოს, საბჭოთა ბავშვობა ჰქონდა, ჯანი როდარის (Giovanni Francesco Rodari) სახელი კარგად უნდა ახსოვდეს – იტალიის კომპარტიის წევრი, კომუნისტური გაზეთ l’Unita-ს რეპორტიორი და საბავშვო ჟურნალ Il Pioniere-ს რედაქტორი, მშვიდობის ფონდის, ხალხთა მეგობრობის და ათასი სხვა ჯახნაბის აქტივისტი. მისი წიგნების ტირაჟი საბჭოთა კავშირში მხოლოდ მარქსის კაპიტალსა და ლენინის ანტიდიურინგს ჩამორჩებოდა. განა ცუდი წიგნები აქვს – სულაც არა. თუმცაკი იდეოლოგიით გაჟღენთილი. “ჩიპოლინო” მთალდ იური ოლეშასა და სერგეი მიხალკოვის სანაქებო პროპაგანდისტულ ტრადიციებშია დაწერილი. არ ვიცი, დღეს ჩანს ასე, ბავშვობაში ვხვდებოდი თუ ვერა, მაგრამ “ჩიპოლინო” როდარის წიგნებიდან ყველაზე ნაკლებ მიყვარდა. ყველაზე მეტად კი – “ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები”.

Continue reading

სამყარო ნათელ მხარეს

ricardo-zamoraომების ისტორია გმირებსა და ანტიგმირებზე დგას. ასეა ფეხბურთის ისტორიაც. და როგორც ომში, ასე ფეხბურთში ხშირად ხდება – ვინც ერთისთვის გმირია და საამაყო, მეორისთვის – მტერია და უხსენებელი. უზბეკეთში, ეგერ, ყოველმეორე ქუჩას თემურ ლენგის სახელი ჰქვია, ჩვენთვის კი მასზე დიდი მაოხრებელი ცოტა თუ ყოფილა (თუმცა, ამის დაწერა დღეს ცოტა სარისკოა, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც “პატრიოტი” და გეტყვის – ჰოდა, რუსებს რას ერჩი, მოდი ჯერ უზბეკებთან “გავაიასნოთ” სიტუაციაო…). ისევ ფეხბურთს დავუბრუნდეთ – ესპანური ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო მეკარედ აღიარებული, დიდად პატივდებული და კერპად ქცეული, სიცოცხლეშივე “ღვთაებრივად” (el Divino) შერაცხული რიკარდო სამორა (Ricardo Zamora Martínez) მადრიდში კერპია, მაგრამ ბარსელონაში დედები და მამები ჭირვეულ ბავშვებს ეტყვიან ასე – ჭამე ფაფა, თორემ გაიზრდები და სამორა გახდებიო.

Continue reading

პოლკოვნიკი პავლენკო

Pavlenko 1საღამო ხანი იყო. ღამის პირი. იმ დილით პოლკოვნიკ პავლენკოს მორიგი სამხედრო წოდება მიანიჭეს. ახლა სარკის წინ იდგა, კიტელზე ძველი სამხრეულები უკვე აეჭრა და გენერლის პაგონებს იზომებდა. ამ დროს კონდახის დარტყმით შემოუმტვრიეს კარი. ოთახში შეიარაღებული ადამიანები შემოცვივდნენ. პავლენკო გაკოჭეს და წაიყვანეს – ასე დასრულდა იმ ადამიანის კარიერა, ვისი თავგადასავალიც გამოგონილს ჰგავს, თუმცა სრული სიმართლეა.

კარიერა იწყება გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს, როდესაც ნიკოლაი (მიკოლა) პავლენკომ “სამხედრო-სამშენებლო ტრესტში“ (ვაინსპეცსტროიში) დაიწყო მუშაობა. კარგი ორგანიზატორი აღმოჩნდა, დღეს როგორც იტყვიან –  ნიჭიერი მენეჯერი. კადრები კი, ულვაშას თქმით ყველაფერს რომ წყვეტენ, ძალიან ჭირდა იმ დროს. პავლენკო სამშენებლო-საინჟინრო ბრიგადის მეთაურად დანიშნეს, ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს. ამ დროს ომიც დაიწყო. ბრიგადა ბელარუსიაში იყო განთავსებული – საზღვართან ახლოს. გერმანელებმა ელვისებური წინსვლის დროს კინაღამ ალყაში მოაქციეს, მაგრამ გაუმართლა, ალყას თავი დააღწია და წითელი არმიის სხვა ნაწილებთან ერთად უკუდახევა დაიწყო. ასე ირბინა მოსკოვამდე. სადაც, ჩანს, მობეზრდა, ჯარი მიატოვა – დეზერტირობა არჩია. ალბათ, ჩვენება ჰქონდა რაღაც, წინათგრძნობა, იმიტომ რომ ვიაზმასთან გერმანელებმა საბჭოთა ნაწილები ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს. პავლენკოც იქ უნდა დაღუპულიყო, მაგრამ გულმა უგრძნო. ამის ნაცვლად ტვერში აღმოჩნდა (მაშინ – კალინინი ერქვა), სადაც ნათესავები ეგულებოდა. მათ შეიფარეს. აქედან იწყება მისი საოცარი ისტორიაც. ერთი დურგალი გაიცნო. დურგალი რა – დურგლის შეგირდი. შეგირდი კი იყო, მაგრამ ნიჭიერი მხატვარი იყო ვიღაც, ნიძლავზე ჩექმის რეზინის ძირიდან საბჭოთა გერბი გამოჭრა და პავლენკოს გენიალური იდეა მოაფიქრდა. იმდენად დაუჯერებელი და ფანტასტიური, რომ მოსაფიქრებლადაც ძნელი იყო, განსახორციელებლად – მითუფრო. მაგრამ – განახორციელა. გამოიგონა “სამხედრო-სამშენებლო სამმართველო ნომერი 5”. ბეჭედი იმ დურგალს გამოაჭრევინა. თავისთვის კაპიტნის წოდება გამოიწერა. შეიამხანაგა სხვა კიდევ რამდენიმე და პირდაპირ ქალაქკომს (ჩვენებურად – მერიას) მიადგა. ჯერ მისი ბრიგადისთვის სურსათი მოითხოვა. მისცეს. შემდეგ დაიწყო წერილების გზავნა – ახალგაზრდები, ვინც ფრონტზე მოქმედ სამხედრო ნაწილებში არ ირიცხებიან, ზურგის სამსახურისთვის გამომიგზავნეთო. ქალაქკომებს წერდა, რაიკომებს, კომენდატურებს, სამხედრო-საველე ჰოსპიტლებს. ასე ააგროვა ხალხი. შემდეგ უკვე საქმეს მიჰყო ხელი – აშენებდა სანგრებს, გზებს, ხიდებს, დანგრეულ შენობებს არემონტებდა. ომი იყო და საქმეს რა გამოლევდა. გაგანია სტალინურ კომუნიზმში პავლენკომ კაპიტალიზმის პატარა კუნძული შექმნა. როგორც კაპიტალისტს შეეფერება, კარგად მუშაობდა – სწრაფად და ხარისხიანად, ამიტომ, მის სამშენებლო ნაწილს შეკვეთები არ აკლდა. სანამ სახელმწიფო ბიუროკრატია შემოტრიალდებოდა – დაამტკიცებდნენ გეგმას, დახაზავდნენ პროექტს, ერთი სამინისტროდან მეორეს შეუთანხმებდნენ, პავლენკოს ყველაფერი მომთავრებული ჰქონდა. აშენებულიც და ჩაბარებულიც. ალბათ, უკვე ამ ამბავს უნდა გაეჩინა ეჭვი – ვინ მუშაობდა მაშინ ასე. მაგრამ პავლენკოს საბუთები წესრიგში ჰქონდა. ბეჭედი, შტამპი. სამხედრო მუნდირი ეცვა. ჯარისკაცები “ჩესტს” უღებდნენ. სამმართველოები კი მაშინ იმდენი იყო, ვინ დაიხსომებდა. ნამდვილი იყო თუ გამოგონილი. ასე შენებ-შენებით იარა ბერლინამდე.

Continue reading

მარშალი და ლურჯი წვერი

Gilles de Raisგამომართვი გასაღებების აცმა – ყველა ოთახი შენს განკარგულებაშია, მხოლოდ ის პაწია კარი არ გააღო, სასახლის ყველაზე ბნელ კუნჭულშიო… ამას რომ ეტყვი ქალს, აბა რომელს გაუძლებს გული, აკრძალული კარი არ გააღოს და ოთახში არ შეიჭყიტოს სულ ერთი წამით, სულ ერთი თვალით… შემდეგ რაც მოხდა კი ვიცით – შარლ პერომ აღწერა.

ლურჯწვერას პროტოტიპიც ჰყავდა, თუმცა ინგლისელები და ფრანგები ვერ თანხმდებიან, ეს პროტოტიპი ვინ იყო (სხვა განა რაზე თანხმდებიან, ამაზე რომ შეთანხმდნენ). ფრანგები ჟილ დე რეს ვერსიას უჭერენ მხარს, ინგლისელები კი – ჰენრი მერვისა. რაკი ლურჯწვერას პირველი და ყველაზე ცნობილი ამბის ავტორი ფრანგია, მეც ფრანგულ ვერსიაზე დავწერ, თუმცა მეფე ჰენრის წვერიც უფრო გრძელი ჰქონდა და ლურჯი ფერიც უფრო უხდებოდა.

1440 წლის 26 ოქტომბერს ჟილ დე რემ (Gilles de Rais) ნანტის ეკლესიის მოედანზე შეკრებილ ერსა და უფალს პატიება სთხოვა. რის შემდეგაც ჩამოახრჩვეს და მის ორ მსახურთან ერთად კოცონზე დაწვეს. ასე დასრულდა იმ კაცის ცხოვრება, ვინც ისტორიაში გმირად უნდა შესულიყო, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სერიულ მკვლელად დარჩა.

Continue reading

ინუ-კუბო და 47 რონინი

Tsunyaoshi26 აგვისტოს ძაღლების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ეს დღე ამერიკაში მოიგონა ერთმა კარგმა ქალმა და შემდეგ სხვა ქვეყნებიც დაესესხნენ, მაგრამ ახლა არც მასზე ვწერ და არც ამერიკაზე. ეს პოსტი ტოკუგავა ცუნაიოშიზეა, იაპონიის მეხუთე შიოგუნზე, რომელიც 1680 წელს ავიდა ტახტზე. ტოკუგავა მეცნიერი და პოეტი იყო, კალიგრაფი და ფილოსოფოსი. მფარველობდა განათლებას, ხელოვნებას, თეატრს. მისი მმართველობის წლებს იაპონურ რენესანსად მიიჩნევენ, მაგრამ ისტორიას ამით არ შემორჩენილა… მხოლოდ ამით – არა. მეცენატი, მწერალი და თეატრალი ბევრი ხელისუფალი ყოფილა. ქართველებს მეფე-პოეტების მთელი სექტა გვყავს (ვერც პოეტებად რომ ვარგოდნენ დიდად და არც ხელისუფლად), ტოკუგავა ცუნაიოში კი ცხოველების უფლებების (ერთ-ერთი) პირველი დამცველია ისტორიაში. რის გამოც ინუ-კუბოც (“ძაღლების შიოგუნი”) კი შეარქვეს.

Continue reading