იხსნა პრეზიდენტი და მოკვდე

FBI Files

1975 წლის 22 სექტემბერს სარა ჯეინ მურს დილით ადრე გაეღვიძა. ხეირიანად არც სძინებია. გამთენიისას ჩაეძინა მხოლოდ და ცოტა ხანში კვლავ ფეხზე იყო. მოსამზადებლად ბევრი დრო ჰქონდა. რევოლვერი ხელჩანთაში მოათავსა და სან ფრანცისქოს St. Francis Hotel-ისკენ გაემართა. რევოლვერი 38-კალიბრიანი ჰქონდა. 44 კალიბრის პისტოლეტი არ დაურეგისტრირებია და პოლიციამ ჩამოართვა. ბედი არა ჰქონდა. მაგრამ 38-იც გამოდგებაო, თავს იმშვიდებდა ამით. მიზნის ამბავიაო. მიზანი კი კარგი ჰქონდა.

სარა ჯეინ მურის მიზანი ამერიკის 38-ე პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი იყო.

სასტუმროს წინ, მოედანზე პრეზიდენტის შესახვედრად ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. სარა ჯეინ მური ცდილობდა, წინ წაწეულიყო, რომ პრეზიდენტთან აღმოჩენილიყო ახლოს. მითუფრო რომ, 45-კალიბრიანი პისტოლეტიც აღარ ჰქონდა. 38-კალიბრიანის იმედადღა იყო.

Continue reading

ლურჯკბილა ჰარალდის ამბავი

დღეს, როდესაც სულ უფრო მეტი სმართფონი რჩება აუდიო-ბუდის (Headphone Jack) გარეშე, ბლუთუსის იქეთ გზა აღარ გვაქვს.

რატომ ქვია ბლუთუსს ბლუთუსი? ჰარალდ გორმსონის საპატივცემულოდ.

ჰარალდ გორმსონი დანიის მეფე იყო პირველ საუკუნეში. ვინც მოინათლა თავად და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ეგეთი მეფე მირიანი დანიიდან. ჰარალდ გორმსონს ერთი დაჩირქებული, კარიესით გამოჭმული კბილი ჰქონდა. არ ვიცი, ბორმანქანის ეშინოდა თუ რა ეშმაკი, მაგრამ ექიმებს ხელს არ აკიდინებდა და დადიოდა ასე. ამიტომ, მეტსახელად, ლურჯკბილა შეარქვეს.

სწორედ ჰარალდ “ლურჯკბილა” გორმსონის (Harald Blåtand Gormsen) სახელობისაა ტექნოლოგია, რომელმაც ადამიანთა ყოფა შეცვალა. ბლუთუსის ლოგო კი ლურჯკბილა მეფის ძველნორდიკული რუნებია – ჰაე – Hagall და ბანი – Bjarkan.

Continue reading

კამამბერი

ჩვეულებრივ, ხშირად, როგორც წესი, მეტწილად და ა.შ. ასლი ორიგინალზე უარესია. მაგრამ მომხდარა ხოლმე, კოპირებისას რაღაც უკეთესი, არომატული და გემრიელი დადებულა. იშვიათად. და ეს იშვიათი მითმეტად ფასეულია.

ნორმანდიაში პატარა სოფელია – ბომონსელ. ქვია ასე. აქ ადგილობრივმა ქალმა მარი არელმა (Marie Harel) ვინმე შარლ-ჟან ბონვუსტი (Charles-Jean Bonvoust) შეიფარა. 1791 წელს. ეს ბონვუსტი აბატი იყო და, 1790 წლის ახალი კონსტიტუციის თანახმად, ან რევოლუციურ მთავრობას უნდა დამორჩილებოდა ან – დაპატიმრება და გილიოტინა ელოდა. მოახერხა გაქცევა და ფიქრობდა, ლა მანშით დაეღწია თავი, მაგრამ გეოგრაფია რევოლუციის ჯარისკაცებმაც კარგად იცოდნენ და ყველა გზა გადაეკეტათ. მისბედად ბონვუსტი მარი არელს გადაეყარა, რომელმაც არ გასცა და ორი თუ სამი წელი მალავდა. მანამ, სანამ რობესპიერს თავად არ წააცალეს თავი.
მარი არელს ძროხა ყავდა, ყველი ამოყავდა და ბაზარში ყიდდა. ასე არჩენდა ოჯახს და შეკედლებულ სტუმარსაც. მადლობის ნიშნად, სხვა არაფერი ებადა და, აბატმა შარლ-ჟან ბოვუსტმა მშობლიური მხრის ყველის რეცეპტი გაანდო – ბრი რომ ჰქვია და მის მონასტერში ამზადებდნენ. ძალიან გემრიელი და შორსსახელგავარდნილი ყველია. არელმა ამ ყველის კოპირება სცადა, მაგრამ ბრის სამშობლო, ილ დე ფრანსი და ნორმანდია შორი-შორსაა. კლიმატია განსხვავებული. სხვა ბალახი ბიბინებს. რძეს სხვა ცხიმიანობა აქვს. მარი არელმა გვარიანად იწვალა. ცოტა აქ მოაკლო, ცოტა იქ დაამატა, საკუთარ გემოზე მოირგო და გამოუვიდა ასლი რომ ორიგინალს ჯობია ის – კამამბერი.

Camembert

მარი არელი და მისი შთამომავლები მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებდნენ “ნორმანდიულ ბრის” (როგორც თავიდან ეძახდნენ), სანამ მისმა შვილიშვილმა სირილ პენელმა (Cyrille Paynel) ქარხანა არ ააგო და ყველი საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში არ დააგზავნა. ბედად, მე-19 საუკუნე რკინიგზის მშენებლობის საუკუნეც იყო და ასე, რელს-რელს და რიხინ-რიხინით ჩააღწია ნორმანდიულმა ყველმა პარიზამდე, ნაპოლეონ მესამის სუფრაზეც მოხვდა და იმპერატორის მოწონებაც დაიმსახურა. ამ დროისთვის “ნორმანდიული ბრი” უკვე საფირმოდ იყო შეფუთული და წარწერა Camembert (სოფელია ნორმანდიაში) ამშვენებდა. ტრადიციისამებრ, ადგილის სახელი ყველის სახელადაც იქცა.

1890 წლიდან გამოჩნდა დღეს ყველა თვალისთვის უკვე კარგად ნაცნობი ხის მრგვალი ყუთებიც. ასე იყიდება კამამბერი მას მერე და მისი ამოცნობა ყველის დახლზე სულ იოლია. საგანგებო შეფუთვის წყალობით, კამამბერი კარგად არის დაცული, შორ მანძილზე ტრანსპორტირებას იტანს და გემოსა და არომატს ინარჩუნებს, რამაც ის ფრანგი ჯარისკაცების საყვარელ ყველად აქცია. თავდაცვის სამინისტრო დიდი რაოდენობით კამამბერს ყიდულობდა არმიისთვის (ვიცი, ქვეყანასარდავასახელებ ჯარისთვის შესყიდვები რომ გაგახსენდათ) პირველი მსოფლიო ომის დროს ფრანგი ჯარისკაცები ერთ სანგარში მყოფ მოკავშირეებსაც უმასპინძლდებოდნენ ხოლმე და კამამბერი საფრანგეთსგარეთ ყველაზე პოპულარულ ფრანგულ ყველადაც კი იქცა. ერთიპირობა. ასეა, ლამის, დღესაც – კამამბერი პოპულარობით უსწრებს როკფორს და ჩამორჩება ბრის.

როკფორი იქეთ იყოს (მისი წარმოშობის ისტორიაზე ცალკე პოსტიც მაქვს), ბევრად განსხვავებულია, აი, კამამბერი და ბრი კი მართლაც გვანან ერთმანეთს. ორივეს რბილი ტექსტურა აქვს და თეთრი ფერის კეთილშობილი ობით არის დაფარული. თუმცა, კამამბერს ბრისგან უფრო მძაფრი გემო, სუნი, მოყვითალო ფერი და ნაკლები ცხიმოვნობა გამოარჩევს – კამამბერის წარმოებისას რძეს დამატებით ნაღებს არ ახმარენ. კამამბერი სწრაფად და იოლად დნება, საკმარისია, მაცივრიდან მაგიდაზე გამოდგათ და მცირე ხანი დაახანოთ. დალის ნახატში ჩამოღვენთილი საათები კამამბერითაა შთაგონებული-ო (ამბობენ კამამბერის მოყვარულნი). ორივე – კამამბერიცა და ბრიც სწორედ ასე, ოთახის ტემპერატურაზე დახანებულ-შეღვენთილ-მოთენთილი უნდა მიირთვათ. თუმცა ბრი კამამბერივით არ იღვენთება.

La persistencia de la memoria

ტრადიციული კამამბერი (ნორმანდიული კამამბერი (Camembert de Normandie – ასეთი დასახელებით არის ოფიციალურად რეგისტრირებული სხვა კლონის-კლონი კამამბერებისგან რომ გავარჩიოთ) არაპასტერიზებული რძით იწარმოება ხელით, თუმცა, კონვეიერული გზით წარმოებული კამამბერიც – კამამბერია, თუ ნორმანდიულია და ადგილწარმოშობის სერტიფიკატი (AOC/AOP მარკირება) აქვს. დღეს პასტერიზებული რძითაც აწარმოებენ, რაკი რიგ ქვეყნებში (მაგალითად – აშშ) არაპასტერიზებული რძის პროდუქტის შეტანა აკრძალულია. ეგკიარა, რახან ნორმანდიული ძროხები რაც შეუძლიათ კი იწველებიან, მაგრამ ახლა ჩვენი გულისთვის მთლად ცურებს ვერ დაიგლეჯენ, ადგილობრივი რძე კამამბერზე მოთხოვნას ვერ წვდება და მეყველეები დანაკლისს სხვა რეგიონებიდან შეტანილი რძითაც ივსებენ. ასეთ კამამბერს ნორმანდიაში წარმოებული (Camembert fabriqué en Normandie) აწერია და AOC/AOP სერტიფიცირება არ აქვს.

Camembert vs Camembert

მარცხნივ სერტიფიცირებული (ადგილწარმოშობის წითელი ბეჭდით) ნორმანდიული კამამბერია, მარჯვნივ – ჩვენთვისაც კარგად ნაცნობი “პრეზიდენტის” ნორმანდიაში წარმოებული კამამბერი… თუმცა, ენას ვერ დავდებ, რომ 10-დან 8 განსხვავებას იგრძნობს. მე ამ მეორესაც მშვენივრად გეახლებით… ეგაა მხოლოდ, ძალიან ძვირია ჩვენთან.

კამამბერი არის მცირე ფერმერული მეურნეობების, დიდი ფერმერული გაერთიანებების (კოოპერატივების) და გიგანტების (როგორიცაა “პრეზიდენტი”-ს მფლობელი “ლაქტალისი”).

Camembert Durand

  • შედარებისთვის: “ნიკოლა დურანის კამამბერი არაპასტერიზებული რძით, ტრადიციული, ფერმერული მეთოდით, ხელით ამოყვანილი მიახლოებით 7 ევრო ღირს მაღაზიაში; სერტიფიცირებული, ხელით წარმოებული რომელიმე დიდი კოოპერატივის/მეურნეობის – 3,5 ევრო; სერტიფიცირებული, კონვეიერული კამამბერი – 2,5 ევრო; “პრეზიდენტის” არასერტიფიცირებული – 1,5 ევრო.

მარი არელს თუ დაგუგლავთ, “თავმოჭრილი” ქანდაკების ფოტოსაც გადაეყრებით. ვინმე იფიქრებს, რევოლუციონერებმა, აბატს რომ ვერ შეწვდნენ, მეყველეზე იძიეს შურიო… მაგრამ ქანდაკება მეორე მსოფლიო ომის დროს, დაბომბვისას დაზიანდა. თავად მარიმ 82 წლამდე იცოცხლა. ამდენი კამამბერი რომ მქონდეს, მეც ვიცოცხლებდი.

Marie Harel

28 აპრილს (მარი არელის დაბადების დღეს) კამამბერის დღედ აღნიშნავენ. სოფელ კამამბერში არის კამამბერის მუზეუმი, მარი არელის სახლ-მუზეუმი, კამამბერის ქარხანა და სხვა კამამბერული ადგილები. ტურისტიც ბევრი ჩადის.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

The story of Camembert
The end to a French cheese tradition?
Pourtant réservée aux camemberts AOP, la mention « Fabriqué en Normandie » est toujours présente en rayon

მუშკეტერები

1622 წელს ლუი მეცამეტემ, ციცას რომ ეფერებოდა იმ ლუის მამამ, მსუბუქი კავალერიის მუშკეტებით (თოფი იყო ერთგვარი) აღჭურვა ბრძანა – ასე მოევლინენ საფრანგეთს მუშკეტერები. მეფის პირადი გვარდია იყო, ასეც ერქვა – მეფის მუშკეტერები (Mousquetaires de la maison militaire du roi de France), თუმცა სულ მალე მუშკეტერების მეორე რაზმიც შექმნეს, ვისაც პრემიერ-მინისტრის, კარდინალ რიშელიეს დაცვა დაევალა. კი, დიუმა სხვა რამეს გვიყვება, მახსოვს, როგორ არ მახსოვს, მაგრამ სინამდვილეში კარდინალის გვარდიელებიც მუშკეტერები იყვნენ… დიუმას ათასი ტყუილის გამოგონება სჩვევია. თან ისე კარგად აკეთებს ამას, რომ სიმართლეს დაგავიწყებს.

Three Musketeers (3)

Continue reading

ზოდიაქო

ამოსახსნელი საიდუმლოებები

1968 წლის 20 დეკემბერი: 17 წლის დეივიდ ართურ ფარადეი და 16 წლის ბეთი ლუ ჯენსენი.

1969 წლის 4 ივლისი: 19 წლის მაიქ რენო მაჟო და 22 წლის დარლინ ელიზაბეთ ფერინი.

1969 წლის 27 სექტემბერი: 22 წლის ბრაიან ქალვინ ჰართნელი და 22 წლის სესილია ენ შეფარდი.

1969 წლის 11 ოქტომბერი: 29 წლის ფოლ ლი სთაინი.

სერიული მკვლელის მსხვერპლები არიან. არის ზღვა კრიმინალისტიკური მასალის, თვითმხილველები, ფოტორობოტი, დნმ-ის კვალი, დოკუმენტური თუ მხატვრული წიგნი და ფილმი (მათ შორის დეივიდ ფინჩერის), ვერსიები, ეჭვმიტანილები და მეტსახელი ვინაობის ნაცვლად – ზოდიაქო (Zodiac).

Continue reading

დიპლომატი. ფოტომოდელი. პოეტების მუზა.

ბევრს გაქვთ სახლში საოჯახო ფოტოალბომი, სადაც დიდი ბებიის და დიდი ბაბუის ფოტოები ინახება. და სხვა ძველი ფოტოები. XX საუკუნის დასაწყისის. XIX საუკუნის. ბევრი – ვერ იქნება. ფოტოგრაფია ძალიან ძვირი სიამოვნება იყო, დიდ დროსაც მოითხოვდა და ტექნოლოგიურადაც არ იყო იოლი ამბავი.

ერთი ფოტოს ფასი მე-19 საუკუნეში 3-6 აშშ დოლარი იყო. მე-19 საუკუნის კურსით, ცხადია, რაც დღევანდელი 100-200 დოლარის ტოლია.

ამიტომ იყო იმ დროს ფოტოს გადაღება დიდი ამბავი. მაგრამ მე-19 საუკუნის პარიზში ცხოვრობდა ქალი, ვისი 700-ზე მეტი ფოტო მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დღეს. კიდევ რამდენი ფოტო დაიკარგა, ვინ იცის. მას პირველი ფოტომოდელიც, შეგვიძლია, ვუწოდოთ, თუმცა, ეს სიტყვა იმ დროს ჯერ არ გამოეგონათ. არც მოვლენად არსებობდა. ვირჯინია ოლდოინი (Virginia Elisabetta Luisa Carlotta Antonietta Teresa Maria Oldoini) ქვია. იტალიელი ბანოვანი, იმპერატორ ნაპოლეონ მესამის საყვარელი, დიპლომატი. ქალი, ვინც პარიზი პრუსიელთა ოკუპაციისგან იხსნა. ვინც იტალიას დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარა.

Continue reading

ბღენძნი და ბღვერნი

ფოტო(ს)ისტორია

ცოტა უხეირო სათაურია. 🙂 ნაღები და ნაძირალა, ასეც შემეძლო, დამერქმია. ან კიდევ რამ სხვა.

Toffs and Toughs დღეს ასე ვიცნობთ ფოტოს, რომლის ამბავიც ამ პოსტში მინდა, მოვყვე. 1937 წლის 9 ივლისს გადაიღო ფოტოგრაფმა ჯიმი საიმმა (Jimmy Sime).

Toff – რჩეულ საზოგადოებას, დიდებულთ, ჩინებულთ ნიშნავს, Tough კი – აშარ, შფოთის თავ, ყაჩაღანას. ვინ-ვინაა, ფოტოდანაც იოლად იკითხება.

Toffs and Toughs

Continue reading

პარიზული ნამგალა ვენური გულით

ცოტა რამ არის კულინარიაში ისე ფრანგული და ამავდროულად არაფრანგული, როგორც – კრუასანი.

რატომ ფრანგული, ბევრი თქმა არ უნდა – “ფრანგულ კარტოფილთან” ერთად ყველაზე პოპულარული და ცნობადი ფრანგული კერძია მსოფლიოში.

რატომ არაფრანგული – იმიტომ რომ ავსტრიელებმა მოიგონეს და თავად ფრანგები ვენურ ნამცხვარს ან, უბრალოდ, ვენურს უძახდნენ.

როგორც ამბობენ, პირველი კრუასანი ვენელმა ხაბაზმა გამოაცხო 1683 წელს, მის ქალაქთან თურქების დამარცხების აღსანიშნავად. აქედანაა ამ ნამცხვრის ფორმაც (ფრანგული სიტყვა croissant სწორედაც ნახევარმთვარეს ნიშნავს).

Continue reading

როცა ლაპარაკობს ლუის ქანოვერი

როდესაც საპროტესტო მუსიკას ახსენებენ ხოლმე – გვახსენდება როკი, პანკი, რეპი… ჯაზზე იშვიათად იტყვიან. ჯაზი რაღაც დავარცხნილი, კლასიკასთან ახლოს მდგომი, სმოკინგიანი ადამიანების მუსიკა ჰგონიათ. პროტესტამდე არმისული. მაგრამ საბჭოთა სისტემის დამანგრეველთა გვერდით ჯაზიც იყო. შეიძლება, გვერდით კიარა – სათავეშიც. ბევრი დისიდენტისთვის დასავლეთი იწყებოდა ჯაზის ჰანგებით. თავისუფლება კი უილის ქანოვერის ხმით ლაპარაკობდა.

Willis Conover VOA 1969

უილის ქანოვერი (Willis Conover) “ამერიკის ხმის” მუსიკალური გადაცემის “ჯაზის საათის” (Voice of America Jazz Hour) წამყვანი იყო. მთელი 40 წლის განმავლობაში. მოსესი არ იყოს. 🙂 გადაცემა ეთერში 1955 წლის 6 იანვარს გავიდა პირველად. ეს არის ეპოქა, როდესაც ჯაზი საბჭოთა კავშირში პრაქტიკულად აკრძალულია. “დღეს უკრავ ჯაზს – ხვალ სამშობლოს გაყიდი” – ასე ამბობდნენ. საბჭოთა სატელიტებშიც დიდწილად მსგავსი ამბავი ხდებოდა. უილის ქანოვერის მიზანი აუდიტორიისთვის ჯაზის სამყაროს სიახლეებისა და ჯაზური მუსიკის = ამერიკის მუსიკალური კულტურის გაცნობა იყო. ქანოვერი არ ლაპარაკობდა პოლიტიკაზე. თუმცა, ჯაზური მუსიკის წინ წამოწევის მიზანი, ერთგვარად და არაპირდაპირ, საბჭოურ პროპაგანდაზე პასუხიც იყო – საბჭოთა პროპაგანდა აშშ-ს რასისტულ ქვეყნად წარმოაჩენდა, შავკანიანებს კი ჩაგრულ, დისკრიმინირებულ კლასად. შეხვედრები ამერიკული ჯაზის წარმატებულ მუსიკოსებთან (რომელთა უმრავლესობა შავკანიანი იყო), მათი კონცერტების, ჩანაწერების ტრანსლირება პრესტიჟული დარბაზებიდან – ეს ყველა ამერიკის პოზიტიურ იმიჯის ქმნიდა.

Continue reading

მადლობა, ბატონო პუავრ

ყოველთვის, როდესაც რამე გემრიელობას მიირთმევთ ან თავად ამზადებთ ჯერ, რომ მიირთვათ შემდეგ (და სხვებსაც გაუმასპინძლდეთ) მადლობა უთხარით ბატონ პუავრს. ბატონი პუავრია ადამიანი, ვისი წყალობითაც გვაქვს ამდენი და მრავალფეროვანი სუნელ-სანელებელი, რის გარეშეც გემრიელობა აბა რა გემრიელობა იქნებოდა.

Continue reading

ერთი დღე ჰარლემში

ფოტო(ს)ისტორია

ფოტოგრაფმა ართ ქეინმა ისტორიული ფოტოს გადაღება მოიფიქრა. ხშირად ასე ხდება – ფოტოს რომ იღებ, არ იცი, ისტორიულია თუ არა. გადის დრო და, თურმე, ისტორიული ფოტო გადაგიღია. ქეინმა ნამდვილად იცოდა, რომ ისტორიულ ფოტოს იღებდა – ბევრი დიდი მუსიკოსის ერთ კადრში მოქცევა სურდა. ჰარლემში, მეხუთე ავენიუსა და მედისონ ავენიუს შორის, 126-ე ქუჩაზე შეკრიბა ყველა. ნიუ იორქში.

A Great Day in Harlem Photo location

ამ მუსიკოსთაგან ვიღაცები მეგობრობდნენ, ვიღაცები უბრალოდ გამარჯობას ეტყოდნენ ერთმანეთს, ვიღაცები – გამარჯობასაც არა. გვერდიგვერდ ნუ დადგებითო, – ეუბნებოდა ქეინი, – ვისაც გსურთ, სათოფეს იქეთო. ფოტოს სხვადასხვა კუთხეში დაგაყენებთო, მაგრამ ამ კადრში კი ერთად უნდა მოგაქციოთ, წყალი არ გაუვაო.
დააჯერა.

ერთ მუსიკოსს, დიდ პიანისტს შლაპა მოპარეს. ასე არ გადავიღებო, – თქვა. დამიბრუნეთ შლაპაო. აქვე იქნება, სად წავიდოდაო. ქარმა გაგტაცა, ალბათო, – ეუბნებოდა ქეინი, – შენი ჭირიმე, ფოტოს ნუ გამიფუჭებო. იმან შორს დაიჭირა. დამიბრუნეთ შლაპა, თორემ სახლში მივდივარო. ააგდო ქუდი და თავი შეუშვირა… თუმცა, რაც აღარ ჰქონდა, რას ააგდებდა.

Continue reading