ჰაინე და ძაღლები

თურქულმა კომპანიამ Pugedon შექმნა დანადგარი, რომელიც ყველაზე კეთილი გამოგონების ჯილდოს იმსახურებს, თუკი ასეთი ჯილდო არსებობს და თუ არ არსებობს, მე ვანიჭებ ბლოგის ავტორის უფლებით.

Pugedon-vending machineეს დანადგარი გასცემს მშრალ საკვებს ქუჩაში მოხეტიალე უპატრონო ძაღლებისთვის და კატებისთვის ცარიელი პლასტმასის ბოთლების ფასად.

მიგაქვს ცარიელი პეპსის, კოლის, ცივი ჩაის, წყლის თუ რავიციკიდევრის პლასტმასის ბოთლი, ნაგვის ურნის ნაცვლად (ან იმის მაგივრად რომ უბრალოდ ქუჩაში მოისროლო – სამწუხაროდ კარგად ნაცნობი იოლი გამოსავალი თბილისელთათვის) აგდებ ამ ავტომატში და ის დანადგარის ქვედა, საგანგებოდ მოწყობილ ჭურჭელში ყრის მშრალ საკვებს ძაღლებისა და კატებისთვის. ქუჩაში მოხეტიალე, დამშეული, უპატრონო ცხოველებისთვის. ასევე გასცემს წყალსაც, რაც ახლა, ზაფხულის ცხელ დღეებში, განსაკუთრებით აქტუალურია.

Continue reading

კატების ქალაქი, რომელიც ძაღლებმა გადაარჩინეს

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

***ნაწილი 7 და ბოლო***

მოჰამედის კატები და დაჩიპული ძაღლები

100_2610სტამბოლი კატების ქალაქია. ამბობენ, რომ მოჰამედს უყვარდა კატები, აქედანაა, ალბათ, თურქების მათადმი სიყვარულიც. თბილისელი ქუჩის კატები თუ მშიშრები არიან და ადამიანს უფრთხიან, სტამბოლში – სხვა საქმეა. ეს ქალაქი მათია. ოთხთათები მუდამ ორფეხებს შორიახლო დაცუნცულებენ და ხელებში შეჰყურებენ სასუსნავის მოლოდინში.

სტამბოლის მიწაზე დავდგი ფეხი თუ არა, სირქეჯის სადგურში ერთი კატა ამედევნა ძაღლივით და სანამ იქაურობას ვათვალიერებდი, გიდობას მიწევდა. ჩემი ბაბუის ბაბუა და კიდევ იმისი ბაბუა სადგურში მუშაობდა თაგვების რისხვად და თავისი ორი თვალით დაინახა, როგორ ადიოდა ერკიულ პუარო “აღმოსავლეთის ექსპრესშიო”, – ასე მითხრა.

კატებს ნახავთ ყველგან – სასტუმროებსა და კაფეებში, მუზეუმებსა თუ მეჩეთებში. მიდიხარ და რომელიღაც პატივსაცემი იმამის აკლდამაში კატების მთელს ოჯახს გადაეყრები ერთი დუჟინი კნუტებით… არც არვინ ყრის იქედან, პირიქით – პატრონობენ. ჩვენში, მახსოვს, ვინმემ ფოტო ატვირთა ფეისბუქზე – ხატთან ჩამომჯდარი კატა და მახსოვს კომენტარები და ალიაქოთი.

Continue reading

სტამბოლი: მეტი კომფორტი ტურისტს

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

***ნაწილი 6***

ქალაქი, სადაც სიფრთხილეს არ სტკივა თავი

100_3326სტამბოლური ციკლის დასრულებას თურქეთის ტურიზმის პოლიციის რჩევებით ვგეგმავდი, მაგრამ ახლა, როცა ამდენი კარგი ვთქვი ამ ქალაქზე, არ მინდა, ვინმე შევაშინო, თან თურქეთში მეექვსედ ვიყავი (სტამბოლში – მეოთხედ) და ჩემი შთაბეჭდილებით, მშვიდი ქვეყანა, უაღრესად კეთილგანწყობილი და სტუმართმოყვარე ხალხია, ყოველთვის უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს (ხეზე ვაკაკუნებ) და არც პრობლემა შემქმნია რამე ამ მხრივ (ისევ ვაკაკუნებ) :), ამიტომ, მარტივად გეტყვით – ისერინეთ, თუ გესეირნებათ, იმღერეთ, თუ გემღერებათ, ჩაიცვით, რაც გნებავთ, მხოლოდ მოუხმეთ ელემენტარულ გონიერებასა და სიფრთხილეს, რაც არსადაა ზედმეტი და სავსებით საკმარისია, რომ სტამბოლში შარში არ გაეხვიოთ:

  • ცენტრალური ქუჩები, ტურისტული ადგილები ღამით კარგადაა განათებული, ბევრგანაა კამერები, პოლიციაც პატრულირებს, მაღაზიის ვიტრინებიც გაჩახჩახებულია, ხშირად, პატრონიც იქვეა. აქ სეირნობა უსაფრთხოა, მაინცადამაინც რომელსამე ჩებნელებულ ჩიხში ან უცნობ ეზოში ნუ დურთავთ თავს – ესაა და ეს;
  • ქუჩაში ძარცვა იშვიათობაა, მაგრამ ჯიბის ქურდბაცაცები კი ბევრია, ამიტომ საფულე, კამერა, მობილური, ტაბლეტ-კომპიუტერი… უყურადღებოდ არ დატოვოთ. დიდი რაოდენობის ფულის ტარება თან სრულიად ზედმეტია  – АТМ ყველა ფეხის ნაბიჯზეა და პლასტიკურ ბარათებსაც (განსაკუთრებით Master Card-სა და VISA-ს) ყველგან იღებენ;
  • ერიდეთ უცნობი ადამიანებისგან “მაცდურ” შემოთავაზებებს – წავიდეთ, კარგი რესტორანი ვიცი და მეგობრობის სადღეგრძელო დავლიოთ, მაგარი ნაშები ვიცი იაფად, წამო ვიგრიალოთ და ა.შ. – თუ ღამის გართობა გსურთ, სტამბოლში ბევრი კარგი კლუბია, სადაც დრეს-კოდია, დაცვაა, კარგი პუბლიკაა, მათ ჩამონათვალს ტურისტულ გაიდში ბევრს ნახავთ;
  • სადმე ბარში, შესაძლოა, გაიცნოთ კარგად ჩაცმული, მომხიბლავი მანდილოსანი, რომელსაც, თითქოს, თქვენსავით დროის გატარება და გართობა სურს და უარზე არაა, საღამო საინტერესოდ გაგრძელდეს, 🙂 ყველაფერი კი (შესაძლოა) დამთავრდეს იმით, რომ ბარში/კლუბში არანორმალურად ძვირი ჩეკის გადახდა მოგიწიოთ და მეტს ვერც ვერაფერს გამორჩეთ… ისე, მამაკაცი-კლიენტების გაწეწვის ეს მეთოდი – სატყუარით, ჩვენთან რაღაც ვერაა მთლად კარგად ათვისებული. 🙂;

Continue reading

სტამბოლი გასტონომიული

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

***ნაწილი 5***

2012-10-30-155არაფერია ისე იოლი სტამბოლში, როგორც ზედმეტი წონის აკრეფა, ამიტომ ბევრი იარეთ ფეხით და მცირეკალორიული რამეები ჭამეთ. 😉 მაგრამ ეს მეორე ოჰ, რა ძნელი შესასრულებელია! თურქებს ძალიან უყვართ სალათები – თქვენც გირჩევთ. არ დაგამძიმებთ და არ მიგაძინებთ. ტრადიციული სეზონური მევსიმ სალათასი (Mevsim salatası) მართალია თურქული ბოსტნეულით კეთდება და ჭოპორტის პომიდორს ვერ მოგართმევენ, მაგრამ მაინც საღი და გემრიელია. 🙂 თუ ადრე ადგებით, შეგიძლიათ ბოსფორიდან მზის ამოცურვით დატკბეთ და თან ბალიქ-ექმექით (Balık Ekmek – “თევზი და პური” – თევზის სენდვიჩია) წაიხემსისაუზმოთ. სანაპიროზე (და არამარტო) ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამზადებენ მიდიებს. ცხარეა და გემრიელი.

თუკი თევზი გიყვართ, ეწვიეთ ქუმქაფის (Kumkapi) უბანს მარმარილოს ზღვის სანაპიროზე. ეს ადგილი ცნობილია არცთუ ურიგო და არცთუ ძვირი თევზის რესტორნებით; თევზის კერძებს მოგართმევენ გალათას ხიდის ქვეშ განლაგებულ კაფე-რესტორნებშიც და თევზის მშვენიერი რესტორნები არის ხიდს გაღმა, ბეიოღლუს რაიონში, მაგრამ, წინა ნაწილშიც ვწერდი – ეს ბოლო “პეროიანი” რაიონია და ფასებიც, ცხადია, უფრო მაღალია. ზოგადად (ისევე როგორც თბილისში) “პრესტიჟულ”, ტურისტულ, გაპიარებულ უბნებში, ქუჩებსა და ადგილებში ფასები 2-3-ჯერ და კიდევ მეტჯერ მაღალია იმ ადგილებთან შედარებით, სადაც, მეტწილად, ადგილობრივები დადიან, თან სულაც არ იგულისხმება, რომ ძვირიან დაწესებულებებში მომსახურება უკეთესია – როგორც წესი, მომსახურება სტამბოლის ყველა წესიერ და სინდისიერ ობიექტში ძალიან კარგია. ეგ კი არა, ქუჩის მზარეულ-გამყიდველი ისე მოგიმზადებთ დონერ-ქებაბს (ჩვენებურად – შაურმას) ან ქეშთანეს (წაბლს) ისე შეგიწვავთ, რომ ფამუქის მოწონებული. 🙂 ნიშანთაშიში უამრავი კარგი რესტორანია. ყველა – საგრძნობლლად ძვირი. 🙂  თაქსიმიც – იგივე.

Continue reading

სტამბოლი შოფინგური

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

***ნაწილი 4***

ბაზრობები

ვხედავ, რომ ჩემს სტამბოლულ პოსტებს ბევრი ადამიანი კითხულობს, იმასაც ვხედავ, რომ ბევრი კითხვას შუიდან იწყებს 🙂 – მე-3 ნაწილის მკითხველთა რაოდენობა ლამის ორჯერ სჭარბობს პირველისას, ჰოდა საგანგებოდ მათთვის (და ვინც კითხვას აქედან იწყებს, მათთვისაც) უნდა გავიმეორო, რაც უკვე დავწერე: ეს პოსტები ძალიან სუბიექტურია და თუკი ჩემი გემოვნება, ჰოი საკვირველებავ და არ ემთხვევა თქვენსას, გული ნუ მოგივათ. ახლა კი, გავიდეთ საშოფინგოდ.

100_3399სტამბოლის დიდი ბაზრის (Kapalıçarşı/Grand Bazaar) ნახვა ერთხელ მაინც ღირს, მითუფრო, რომ “ძველი ქალაქის” ბეიაზითის უბანშია და შორს წასვლა საჭირო არაა – თუნდაც ქუჩაში სეირნობისას გადააწყდები… ნახვა კი ღირს, მაგრამ რამდენად ღირს ვაჭრობა – ეს უკვე მეორე ამბავია. ინტერნეტ-ვაჭრობისა და ამერიკული მაღაზიების მიერ შემოთავაზებული 70%-იანი ფასდაკლებების ფონზე, სტამბოლის ბაზარში ტანსაცმლის ყიდვა სისულელე მგონია. რაც კარგია – იაფი არ იქნება და რაც იაფია – ან არ ვარგა ან, უბრალოდ, ფეიქია…

ვისაც საკუთარი თავის მოტყუება სურს, გრანდ ბაზარზე კიდევ უკეთესი ადგილიც მეგულება – ლალელისა და აქსარაის უბნები. “ჩელნოკები” ყოფილი სუსურუკუდან სწორედ ამ ადგილებს ეტანებიან. აქ სიიაფეა (სასტუმროების მხრივაც), ბევრი რუსულად მოლაპარაკე თურქი და არათურქია და, საერთოდაც, ძალიან კარგად ნაცნობი “სავოკური” სიტუაციაა. 🙂 და ქუჩებია თავად ბაზრობა. სხვათა შორის, მოვაჭრეთა დიდი ნაწილი აფრიკიდანაა შემოხიზნული. რას არ ნახავთ აქ, რაგინდასულოდაგულო იმ “ბრენდს”, მაგრამ 15 ლარიანი “ლაკოსტი” და “არმანი” ლილოშიც ბევრია. 🙂 თუმცა, თურქეთში მომსახურებაა უკეთესი და ძალიან სწრაფი (მაქდონალდსაც შეშურდება) – მაგალითად, ტიპი გთავაზობს პოლო-რალფ ლორენის პერანგს. შენ ცხვირს იბზუებ – ეგ ბრენდი არ მევასებაო… იქვე, შენს თვალწინ ააცლის ცხენზე შემომხტარი კაცის ლოგოს და არწივს მიაკრავს… – უკვე არმანია. 🙂

  • დოლმაბაჩეს მუზეუმის ბილეთის რიგში ოთხი დაქალი იდგა, მგონი – რუმინელები. ერთს LV-ის ჩანთა ეჭირა, მეორეს – CK-სა, მესამეს MK-ის და მეოთხეს კი – CD-ის… ეტყობოდათ, რომ წინა საღამოს სარფიანად ევაჭრათ აქსარაიში. 🙂 (ყურბან-ბაირამის დღეები იყო და გრანდ ბაზარი – დაკეტილი).

Continue reading

ფოტოობიექტივში დანახული სტამბოლი

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

***ნაწილი 3***

100_3355სტამბოლის ტურისტული ადგილების (ღირშესანიშნაობებს რომ ვეძახით) ჩამონათვალს ნებისმიერ ონლაინ სითიგაიდში ნახავთ (თუნდაც, აგერ ამ გვერდზე) შემდეგ კი, გემოვნებისა და ინტერსების ამბავია – ჩემთვის, რომის იმპერიის დიდი მოყვარულისთვის, შეიძლება, იმდროიდნდელი კენჭიც კარგი სანახავი იყოს, სხვამ კი არად ჩააგდოს, ამიტომ, მხოლოდ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მაქვს:

მუზეუმები და მეჩეთები

  • წინა დღით დაგეგმეთ მომდევნო დღე: სად წახვალთ, როგორ წახვალთ, როდის წახვალთ და რას ნახვთ – სტამბოლი უზარმაზარი ქალაქია და სანახავი – ძალიან ბევრი, ცოტა მეტი ორგანიზებულობა გაგიადვილებთ საქმეს. ტრანსპორტის სქემას ჩახედეთ, მისამართები ამოიწერეთ (ადრეც დავწერე და კიდევ გავიმეორებ – GPS-ოფლაინ რუკა მობილურში ან ტაბლეტში – მეტი რომ არ შეიძლება, ისე დაგეხმარებათ!).
  • ისეთი მუზეუმები, როგორიცაა არქეოლოგიური ან თოფქაფეს სასახლე – უმდიდრესია. პირველს 4 საათის განმავლობაში ვათვალიერებდი, მეორეს – დაახლოებით 3 საათი. დღეს რომ დაგეგმავთ, ესეც გაითვალისწინეთ.
  • სტამბოლის მუზეუმების დიდი ნაწილი ორშაბათობით დაკეტილია, ზოგიერთი – სხვა დღეებში, ზოგი 4 საათამდე მუშაობს, ზოგიც – უფრო გვიანობამდე – სანამ სასტუმროდან დაიძვრებით, გადაამოწმეთ.
  • Continue reading

ტრამვაის ფანჯრიდან დანახული სტამბოლი

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

***ნაწილი 2***

რომელუბნელი ხარ, ეფენდი?

100_3461ძველი ქალაქი სულთანაჰმეთი (Sultanahmet) – ჩვენებური რიყეა, აქაა აია სოფია (Hagia Sophia), სულთან აჰმედის ე.წ. ლურჯი მეჩეთი (Sultanahmet Camii – ჯამიი) და სულთან მეჰმედის თოფქაფეს სასახლე (Topkapı Sarayı). აქვეა კონსტანტინოპოლის მტკნარი წყლის საცავი – ბაზილიკა ცისტერნა (Yerebatan Sarnici/Basilica Cistern) და არქეოლოგიური მუზეუმი. სულ პირველად რომ ჩავედი სტამბოლში ძველი ქალაქი ადმინისტრაციულად ემინონიუს (Eminönü) რაიონს ეკუთვნოდა, მეორედ ჩასვლისას კი აღმოვაჩინე, რომ ემინონიუ ფაათის (Fatih) რაიონს “გადაუსანსლავს”. ახლა ფაათი სტამბოლის ისტორიული გულია – სწორედ აქაა განლაგებული რომისა და ოთომანის იმპერიის დროინდელ შენობათა დიდი ნაწილი. “ძველი ქალაქი” უბნებით: სულთანაჰმეთი, ემინონიუ, ბეიაზითი (Beyazit)… – ტურისტული მექაა. მე-18 საუკუნეში ეს კვარტალი მიწისძვრამ დააზარალა და მის ხელახლა ასაშენებლად ფრანგი არქიტექტორები მიიწვიეს. საერთოდ, პარიზის გავლენა სტამბოლზე დიდია, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მიმგვანებაც კი სცადეს.

ბეიოღლუ (Beyoğlu), იგივე – პერა ძველი ქალაქის შემდეგ, ალბათ, ყველაზე ცნობილი უბანია. აქაა ბოსფორის ყურე “ოქროს რქა” (Altın Boynuz/Golden Horn) სრუტეზე გადებული გალათას ხიდით (Galata Köprüsü/Galata Bridge). ქრისტეს (იგივე გალათას) კოშკიდან (Galata Kulesi) არაჩვეულებრივი ხედები იშლება ქალაქსა და ბოსფორის სრუტეზე. გალათას ხიდის სიახლოვეს მდებარეობს სირქეჯის (Sirkeci) სადგური, სადაც აღმოსავლეთის ექსპრესი ჩამოდგებოდა ხოლმე (კი, ზუსტად “ის” აღმოსავლეთის ექსპრესი).  აქაა პერა პალასი – სასტუმრო, სადაც აღმოსავლეთის ექსპრესის მგზავრები ჩერდებოდნენ, სადაც აგათა ქრისთიმ თავისი ცნობილი რომანი დაწერა და სადაც, სხვათა გვერდით, ალფრედ ჰიჩქოქსაც უცხოვრია. პერას მუზეუმი, რომელიც ქოჩების ოჯახის მფლობელობაშია (შენობა ძალიან ლამაზია, მაგრამ თავად მუზეუმში არ ვყოფილვარ). ბეიოღლუს ნაწილია მოდური თაქსიმი მაღაზიებით, კაფეებით, ღამის კლუბებით. თუ გალათასარაის სკოლამდე მიხვალთ და პატარა ქუჩა ჯეზაირზე (Cezayir Sokak) თავქვე დაეშვებით, ფრანგულ უბანში აღმოჩნდებით. სხვათა შორის, შარდენ-ერეკლეს ქუჩის ალი-კვალია. მაგრამ – უფრო პაწია. 🙂 აქვეა ორჰან ფამუქის მუზეუმიც. ვისაც მისი “უმანკოების მუზეუმი” გაქვთ, “უმანკოების მუზეუმის” ბილეთიც გქონიათ და ისღა დაგრჩენიათ – ეწვიოთ. თუ წიგნი არ გაქვთ და ბილეთის აღება გიწევთ – მთელი 25 ლირა უნდა გაიღოთ. თაქსიმში მდებარეობს ისთიქლალი (İstiklâl Caddesi) – სტამბოლის რუსთაველის პროსპექტი, ევროპული არქიტექტურით, კაფეებითა და ბუტიკებით.

Continue reading