ძილქუში

აბიგელმა ის იყო მოასწრო და გაიფიქრა, რომ მის გვერდით ურჩხულია… შემდეგ შავმა ხვრელმა შთანთქა და სხეულის ყოველი წერტილი დავიწყებამ მოიცვა.
ფრანკ ტილიე. “ზმანება”

Frank Thilliezქინგს ადარებდნენ. მწერლებს არ უყვართ ასეთი შედარებები, თუმცა, ვინც შეადარა – ქათინაურად. და რეკლამად კარგი სტარტისთვის – “ფრანგი ქინგი” ჟღერს. ხმაურობს…  თუმცა, ეს ყველაფერი ადრე იყო. დღეს ფრანკ ტილიე (Franck Thilliez) უკვე ბრენდია. არვისთან შედარება ჭირდება – მისი სახელი წიგნის გარეკანზე საკმარისი მიზეზია, იყიდო/ჩამოქაჩო და წაიკითხო.

ზმანება” (Rêver) მისი ახალი რომანია, და ბოლო, რომელიც წავიკითხე, თუმცა ტილიესთან ნაცნობობის გასაბმელადაც გამოდგება. ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც დაუწერია და ძალიან “ქინგური”. “ზმანებაში” ბევრი ფარული თუ ღია ციტირებაა და გადაძახილი ქინგთან და სხვა მწერლებთან და – არამხოლოდ. მოპასანი. გოია. გრანჟე. უეს ქრეივენი. ფაბულაც, თითქოს, ნაცნობია – მწერალი, რომელიც საკუთარ დემონებს ხვდება. პოლიციის ფსიქოლოგი, ვინც თავადაც იტანჯება ფსიქიკური აშლილობით. მანიაკი, ვინც ბავშვებს იტაცებს. საიქიოდან გამოგზავნილი კრიპტოგრამა. კოშმარული სიზმრები, რეალობად რომ იქცევა… მაგრამ ტილიე ისე წერს ამ, თითქოს უკვე ნანახ და წაკითხულ მოყირჭებულ ამბებს, არ გბეზრდება და ძნელია მოწყდე. ისე, როგორც ქინგმაც იცის.

Continue reading

Advertisements

ტარანტული

რაც ძალიან მიყვარს, იმაზე წერა მიჭირს ხოლმე. წიგნებზეც – ასეა. საკუთარი ნაწერის შეფასება სადაური წესია, მაგრამ პოსტი ამერიკელ ფსიქოპათ ბრეთ ისთონ ელისზე, იმჰო, საუკეთესოა ბლოგზე. განა ელისი არ მომწონს, კარგი მწერალია, ნამდვილად, მაგრამ ტიერი ჟონკეს “ტარანტული” გაცილებით უფრო მომწონს, არადა პოსტს ვერ მოვაბი თავი. ტოლსტოის არ გადაუწერია “ომი და მშვიდობა” იმდენჯერ, რამდენჯერაც მე ეს პოსტი. Smile

რაც არის-არის. როგორც არის ახლა ისე გამოვაქვეყნებ და თქვენ – “ტარანტული” ჩამოქაჩეთ. ფსიქოლოგიური თრილერის ჟანრის მოყვარულნი არ ინანებთ. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი წიგნია, რაც დაუწერიათ.

Thierry Jonquetტიერი ჟონკე (Thierry Jonquet) უცნაური ბედის მწერალია. ბევრი რაღაც წიგნი აქვს დაწერილი და ერთი შედევრი და მაინც თითქმის უცნობია. საფრანგეთს გარეთ – მთლად უცნობიც. რაღაც წიგნებიო ვთქვი, იმიტომ რომ სხვები არ წამიკითხავს. ვერც წავიკითხავდი – “ტარანტულის” გარდა არაფერია რუსულად ან ინგლისურად თარგმნილი (“ტარანტული” – არც ქართულადაა), ჩემი ფრანგული კი ტაქსისტებს ყოფნის ძლივს და შოკოლადიანი კრეპის შეკვეთას.

ჟონკე საფრანგეთში პოპულარული პოლარის ჟანრში მუშაობდა. პოლარი პოლიციური დეტექტივია, მაგრამ პოლიტიკური შეფერილობითა და სოციალური დრამის ელემენტებით დახუნძლული. ავტორები დანაშაულის ფესვებს, როგორც წესი, პოლიტიკურ სისტემაში ეძებენ. მემარცხენეები არიან. ასეთი იყო ტიერი ჟონკეც.  ახალგაზრდობაში მაოიზმით იყო გატაცებული. შემდეგ, ტროცკისტულ დაჯგუფებას, კომუნისტ-რევოლუციონერთა ლიგას შეუერთდა. მოკლედ – ვერაფერი მოსაწონი. Smile ჩემი გემოვნებით ტიპური “ლევაკი” და თავგზააბნეული, მაგრამ ნიჭიერი კაცი იყო. უნიჭო ლევაკებმა დიდი-დიდი “ქარძნები მუწებს” დაწერონ, ისიც – შეცდომით. ნიჭიერს – “ტარანტულიც” შეუძლია. წიგნი, რომელსაც მისი პოლიტიკური გატაცებები ვერ აფუჭებს და ერთ-ერთი საუკეთესო ფსიქოლოგიური თრილერია, რაც წამიკითხავს. ფსიქოლოგიური თრილერები კი, იცოცხლე, ბევრი მაქვს წაკითხული.

ტიერი ჟონკე განათლებით ფილოსოფოსია. მოგვიანებით – ფიზიოთერაპიაც შეისწავლა, ბოლოს – ფსიქიატრია (ეს ამბავი “სატარანტულოდ” ძალიან გამოადგა). კარგი იუმორის გრძნობა აქვს (შავი) და ბუნებით – ბუნტარია. ფროიდსაც კარგად იცნობს და ფსევდონიმად რამონ მერკადერი შეირჩია – IYKWIM.

“ტარანტული” (Mygale) გამომცემლობა “გალიმარმა” გამოსცა 1984 წელს. სწორედ Gallimard არის პოლარის ჟანრის დაუღალავი პოპულარიზატორი და ჟონკესთანაც თანამშრომლობდა, თუმცა “ტარანტული” სხვა ჟანრია. ეს არის რომანი პლასტიკურ ქირურგზე, რომელიც იდეალური ქალის “აწყობას” ცდილობს… მიახლოებით – ასეა. მეტი რომ დავწერო, დაგასფოლერებთ და არ მეპატიება, თუმცა, ვისაც პედრო ალმოდოვარის 2011 წლის ე.წ. ეკრანიზაცია ნანახი გაქვთ, დასფოილერებულები ხართ და ეგაა. მეტ-ნაკლებად. მაგრამ ალმოდოვარის ცოდვებს მე ვერ ავწევ. დაუნდობლად გააფუჭა წიგნი. დაუნანებლად. აიღო შედევრი და გადაიღო – პაპსა. ერთი ჩვენებურის ფრთიან ფრაზას რომ დავესესხო, ჟონკე რომ ცოცხალი ყოფილიყო, საფლავში გადაბრუნდებოდა…

Continue reading

მწერალი, რომელიც აღიარეს

პიერ ლემეტრი.

ფრანგმა აკადემიკოსებმა.

2013 წელს.

აღიარების ნიშანი – გონკურების პრემია.

Pierre Lemaitreლემეტრი (Pierre Lemaitre) ჩვენში (ასე მგონია) ნაკლებადაა ცნობილი. მე არ ვიცოდი. გონკურების პრემიის ლაურეატი რომ გახდა, მისი სახელი მაშინ გავიგე – ჩავხედე ბიბლიოგრაფიას და, თურმე, დეტექტივების ავტორია.

ეს უკვე საინტერესოდ მეჩვენა.

ჯერ “პატარძლის კაბა” (Robe de marié) წავიკითხე. ფსიქოლოგიური თრილერის, დეტექტივისა და ნუარის კოქტეილი, რომელიც უთუოდ ძალიან მოეწონებოდა ალფრედ ჰიჩქოქს. ამ რომანს ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს: სოფი – სერიული მკვლელი, რომელიც პოლიციას გაურბის და ფრანცი – ვუაიერისტი, რომელიც სოფის დასდევს კუდში და უთვალთვალებს… თუ ახლა ფიქრობ, რომ ჯერ პოსტი არ დამიწყია და უკვე დაგასფოილერე – ნუ აჩქარდები. რომც იცოდე სიუჟეტი, ინტერესი მაინც არ გაგიქრება. თანაც, ლემეტრის წიგნებში ყველაფერი ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მეტიც – არც ისეა, როგორც მეორე შეხედვით მოგეჩვენება. და საერთოდ – რა არის რეალობა ლემეტრის რომანებში? რეალობა მხოლოდ პირობითია.

Continue reading

პატრიარქის საკითხავი

Jean-Christophe Grangeჩემმა ფრანგმა მეგობარმა მკითხა ერთხელ, გრანჟე თუ წაგიკითხავსო. გაგონილიც არა მქონდა.  თრილერები გიყვარს და გრანჟე როგორ არ იციო? გაუკვირდა. ცოტა გულიც მოუვიდა. ისე, როგორც მხოლოდ ფრანგებმა იციან გულმოსვლა, როცა რამე ფრანგულის ვერდაფასებაში გამოგიჭერენ. 🙂 თბილისში იყო ჩამოსული (მეგობარი, ცხადია, არა – გრანჟე) და წიგნიც მაჩვენა. ახლა არ მახსოვს, რომელი რომანი იყო. იმდენი ფრანგული მე არ ვიცი, წიგნი გამომერთმია და ისეკი დავიმახსოვრე გვარი. ჩემთვის. მაშინ არც ქინდლი მქონდა და არც არაფერი, მამა-პაპურად წიგნების მაღაზიებში ვყიდულობდი წიგნებს. გრანჟე ვერ ვნახე. ჰოდა, თავიც დავანებე. ჩაიარა.

შემდეგ მეთიუ კასოვიცმა გადაიღო “მეწამული მდინარეები” და რას ვხედავ ტიტრებში – “ჟან-კრისტოფ გრანჟეს რომანის მიხედვით”… ფილმი ძალიან მომეწონა. კარგად გამართული დეტექტივია. თან ჟან რენო და ვენსან კასელი თამაშობენ. მერე ვნახე პიტოფის ფილმი “ვიდოკი”. არაჩვეულებრივად გადაღებული. გენიალური ჟერარ დეპარდიეთი მთავარ როლში. სცენარის ავტორი – ჟან-კრისტოფ გრანჟე. მერე კიდევ “მგლების იმპერია”. ესეც გრანჟეს რომანის ეკრანიზაცია აღმოჩნდა… ამასობაში ქინდლმაც მომისწრო და გრანჟეებიც ჩამოვქაჩე…

Continue reading

მაესტრო და (მისი) (სხვისი) ქალები

მაესტრო.

Alfred Hitchcock and Raven დედით ირლანდიელი და მამით ინგლისელი, აღმსარებლობით კათოლიკე, იეზუიტთა სკოლაში აღზრდილი ალფრედ ჰიჩქოქი, იგივე ჰიჩი. ყველასგან განსხვავებული, ყველასგან განზე მდგომი. ფობიებისა და კოპლექსების გორგალი. დიადი და საზარელი, როგორც ოზის ქვეყნის ჯადოქარი.

პირველი მსოფლიო ომის დროს მოხალისედ სურდა ფრონტზე წასვლა, სამხედრო მომზადებაც გაიარა და ამფეთქებლის ხელოვნებას დაეუფლა. ბრძოლის ველზე ვერ მოხვდა – ჭარბი წონის გამო დაიწუნეს, მაგრამ ამფეთქებლობა მოგვიანებით გამოიყენა, როდესაც სინემატოგრაფში მოხვდა და ტრადიციული კინო ააფეთქა.

თავდაპირველად გამნათებელად დაიწყო, შემდეგ – მხატვრად. ტიტრებს წერდა და აბრებს ამზადებდა, თხზავდა ამბებს სცენარებისთვის.

Continue reading

უელსელი სპეციალისტი

Norman Lewisნორმან ლიუისი (Norman Lewis) სამ ვნებას ჰყავდა შეპყრობილი – მოგზაურობას, ქალებსა და დაკვირვებას. სწორედ ამიტომ აირჩია, ალბათ, მზვერავის პროფესია (სადაც მისი ერთ-ერთი კურატორი “ჯეიმს ბონდის” მამა იენ ფლემინგიც იყო). არაბული და სხვა რამდენიმე ენის ცოდნა და სპეციფიკური, არაევროპული გარეგნობა მას თითქმის შეუმჩნეველს ხდიდა იემენში, ინდო-ჩინეთში, ბირმაში. მისი უდიდებულესობის სამსახურში მყოფი, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საგარეო დაზვერვის თანამშრომელი, მოგვიანებით კი მწერალი და ჟურნალისტი ნორმან ლიუისი მთელი თავისი ცხოვრება მოგზაურობდა. აფრიკა, ლათინური ამერიკა, ინდოეთი, ინდონეზია, ლაოსი, ტაილანდი, ესპანეთი, იტალია. თითოეული ასეთი მოგზაურობის დროს, თავად უჩინარი ლიუისი ყველაფერს აკვირდებოდა, ინიშნავდა, წიგნებად კრავდა და გამოსცემდა. მათგან მცირე ნაწილი მხატვრული პროზაა, დიდი ნაწილი კი – დოკუმენტალურ-პუბლიცისტური და სამოგზაურო. ცოტაც არაა – სულ 40-მდე იქნება, მაგრამ ამათგან ერთი სრულიად გამორჩეულია – “სიცილიელი სპეციალისტი” (The Sicialian Specialist).

Continue reading

ფორსაითის დღე

Forsythროდესაც მან საფოსტო ყუთი გამოაღო და გამომცემლობა Viking Press-ის კონვერტი შენიშნა, არცკი გახარებია. “კიდევ ერთი უარი” – ასე გაიფიქრა. მიჩვეული იყო. რომ გეკითხათ, თუ რამდენმა რედაქტორმა დაუწუნა ხელნაწერი, ვერც გეტყოდათ. თხუთმეტმა? ოცმა? ოცდახუთმა? სინამდვილეში მათი რიცხვი 27 იყო… ამიტომ, თავაზიან უარსაც მიეჩვია, მაგრამ გულმა მაინც არ მოუთმინა, უჯრიდან ქაღალდის საჭრელი დანა ამოიღო და კონვერტი გახსნა. ნაწარმოები მოეწონათ და ავტორს გამომცემლობაში ელოდნენ.

ასე გაუმართლა უმუშევარ და BBC-დან სკანდალით გამოპანღურებულ ჟურნალისტს – ფრედერიქ ფორსაითს (Frederick Forsyth) და ასე გაუმართლა The Viking Press-ს, რომელმაც  ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკური თრილერის, “ტურის დღის” გამოცემის უფლება შეიძინა.

Continue reading