თომას ედისონის ბომბორა ძაღლი

ქართ ვონეგათი

იმ მშვენიერ დილას თამფა ბეიში ბაღის გრძელ მერხზე ჩამომჯდარიყო ორი მოხუცი და ფლორიდის მზეს ეფიცხებოდა. ერთი გატაცებით კითხულობდა წიგნს, თან ცდილობდა, წაკითხული არ გაჰბნეოდა, მეორე კი, სახელად ჰაროლდ ქეი ბალარდი, მისი ცხოვრების თავგადასავალს ჩაჰყვიროდა ყურში. ხმამაღლა, ვნებით და გამოთქმით, როგორც საჯარო გამოსვლისას იციან ხოლმე. იქვე წამოკოტრიალებულიყო ბალარდის ლაბრადორი და წიგნის მკითხველის კოჭებს ყნოსავდა ხანგაშვებით. სველი ცხვირის ყოველი შეხება ჟრუანტელს ჰგვრიდა მოხუცს.

ბალარდს ბევრი ჰქონდა მოსაყოლი – სანამ პენსიაზე გავიდოდა, ათასი საქმე გამოიცვალა და ყველგან წარმატება შეხვდა, ამიტომ საკუთარ დიდად საგულისხმო წარსულს რუდუნებითა და წვრილად მიმოიხილავდა ხოლმე.

მაგრამ ის გადააწყდა იგივე პრობლემას, რომელიც ასე კარგად იციან კანიბალებმა – ყოველი მსხვერპლი, სამწუხაროდ, ერთჯერადია და ხელმეორედ ვერ გამოიყენებ. ყველა, ვისაც თუნდაც ერთი საათის გატარება მოუხდა ბალარდთან, მისი და მისი ძაღლის დანახვაზე საგულდაგულოდ იმალებოდა და ვერაფრის დიდებით დაითანხმებდი ერთი მერხის გაზიარებაზე.

ამიტომაა რომ ბალარდი და მისი ძაღლი ყოველდღე გადიან პარკში და დაეძებენ ახალ სახეებს. ამ დილით ძალიან გაუმართლათ – მაშინვე იპოვეს ეს უცნობი, ჯერ კიდევ ბოლო ღილამდე შეკინძული პერანგით, გახამებული საყელოთი და ჰალსტუხით. აშკარაა, ახლახან ჩამოსულიყო ფლორიდაში და წიგნის გარდა, სხვა საქმე არ აჰქონდა.

Continue reading “თომას ედისონის ბომბორა ძაღლი”

ჯადოსნური სავაჭრო

ჰერბერთ უელსი

ამ მაღაზიას შორიდან რამდენჯერმე მოვკარი თვალი. ერთი-ორჯერ ახლოსაც კი ჩავუარე. ლამაზი ვიტრინა ჰქონდა, მომაჯადოებელი ნივთებით – ჯადოსნური ბურთები, ჯადოსნური ქათმები, გრძნეულთა ქუდები, თოჯინები მუცლით მეზღაპრეთათვის, შავი ყუთები და ბანქოს ქაღალდი ფოკუსებისთვის, ერთი შეხედვით ჩვეულებრივს რომ ჰგავდა… და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი რამ. მაგრამ არასდროს მიფიქრია შესვლა, სანამ ერთ დღეს ჯიფმა, ისე, რომ არაფერი უთქვამს, თითზე ჩამჭიდა ხელი და პირდაპირ ვეებერთელა ფანჯრისკენ გაიწია. იმდენი ქნა, რომ სხვა არა დამრჩენოდა რა – შიგნით უნდა შემეყვანა. უცნაური რამ იყო ეს მაღაზია რეჯენთ სთრითზე, ნახატების გალერეასა და იმ შენობას შორის, სადაც წიწილებს ჩეკდნენ ინკუბატორში, მაგრამ ამ მისამართზე იყო სწორედ და არა, ვთქვათ, ცირკის გვერდით (სადაც არ გამიკვირდებოდა), ან ოქსფორდის ქუჩის კვეთაზე, ან, თუნდაც – ჰოლბორნში. ჩავუვლიდი ხოლმე და თვალს შევავლებდი გზის გაღმიდან. იდუმალი, მიუწვდომელი მეჩვენებოდა, თითქოს, ოდნავ, დანისლულიც იყო, ახლა კი აგერ არის, ჩემს წინ, ხელით ვეხები და ჯიფი კი საჩვენებელი კოტიტა თითით ვიტრინის შუშას ფხაჭნის. Continue reading “ჯადოსნური სავაჭრო”

ღიმილი

რეი ბრედბერი

ქალაქის მოედანზე ნელ-ნელა თავს იყრიდა ხალხი. დილის ხუთი საათი იყო. შორს, სოფლის მხარეს, დათრთვილულ ველებს გაღმა ყიოდნენ მამლები და საკვამურებიდან ჯერ არსად ჩანდა კვამლი. მხოლოდ ნისლი ეხურა ჩამოშლილ შენობებს.

მზე ამოიწვერა და გადაყარა ბინდი. კიდევ მეტი ადამიანი გამოვიდა სახლიდან გარეთ. მოდიოდნენ მოედნისკენ. მოუყვებოდნენ გზას წყვილად თუ სამ-სამად. შვიდი საათი შეიქნა. დღეს ბაზრობის დღე იყო. ზეიმის დღე.

პატარა ბიჭი იდგა მარტო, ორი მამაკაცის ზურგს აფარებული. კაცები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, პირიდან ორთქლი სდიოდათ და მათ ხმას დილის სუსხში გაჰქონდა ჭახანი. ბიჭი ფეხიდან ფეხზე გადადიოდა. აწითლებულ, აქერცლილ ხელებს უბერავდა, ითბობდა. ხანდახან წინა კაცების ჭუჭყიან, ჯუთის ტანსაცმელს გახედავდა ხოლმე და კიდევ წინ რიგში მდგომ მამაკაცთა და ქალთა თვალუწვდენელ მძივს. Continue reading “ღიმილი”

გრძნობა, რომელსაც მხოლოდ ფრანგული სახელი ჰქვია

სთივენ ქინგი

„ფლოიდ, რა ხდება? ფუი, შენი…“

მამაკაცის ხმა, რომელიც ამას ამბობდა, ბუნდოვნად ეცნო, მაგრამ თავად სიტყვები საიდანღაც ამოგლიჯესო, თითქოს, არც თავი ჰქონდა, არც – ბოლო. იმას ჰგავდა, პულტს რომ მოიგდებ ხელში და არხიდან-არხზე ხტი. ვინ არის ფლოიდი? ეგეთი ვერვინ გაიხსენა. ასე დაიწყო ყველაფერი. შემდეგ დაინახა პატარა გოგონა წითელ სარაფანში.

ჯერ იყო სიტყვები. მაგრამ გოგონას დანახვამ ის გრძნობა კიდევ გაუმძაფრა.

– აი, ის გრძნობა… – ჩაილაპარაკა ქერალმა.

სოფლის მაღაზია აბრაზე წარწერით Carson’s – ლუდი, ღვინო, საყასბო, თევზის სატყუარა, ლატარიის ბილეთები. და ზღურბლთან ჩაცუცქული გოგონა სარაფანში, ღია წითელი ფერის კაბის კალთები თეძოებს შორის ამოედო, თოჯინათი თამაშობდა. ხამი ქსოვილისგან შეკერილი, ჭუჭყიანი ტიკინა იყო, თივით გატენილი. ყვითელი დალალები ჰქონდა.

– რა გრძნობა? – ჰკითხა ბილმა.

– შენ იცი… რომელსაც ფრანგული სახელი ჰქვია… სიტყვა დამავიწყდა…

– Deja vu, – ბილმა შეახსენა.

– ჰო, ეგა, – თქვა და კიდევ ერთხელ გახედა გოგონას, – ახლა თოჯინას ცალ ფეხში ჩაავლებს ხელს… თავდაყირა, – ფიქრობდა ქერალი, – თავდაყირა დაიჭერს ცალი ფეხით და ყვითელი თმები მიწაზე დაეფინება.

მაგრამ გოგონამ თოჯინა მაღაზიის ნაცრისფერ კიბეებზე მიაგდო და ძაღლის სანახავად გაიქცა, რომელსაც ყურები დაეცქვიტა და ავტომობილის უკანა ფანჯრიდან იცქირებოდა.

Continue reading “გრძნობა, რომელსაც მხოლოდ ფრანგული სახელი ჰქვია”

აპრილი პარიზში

ურსულა ლე გუინი

პროფესორი ბარი ფენიუითერი გრილ, დაჩრდილულ სხვენში იჯდა და დაჰყურებდა მაგიდას, რომელზეც წიგნი იდო. ირგვლივ პურის ქერქი ეყარა. პური მისი ვახშამი იყო, წიგნი კი – საქმე. ორივე გამხმარი ეჩვენა. ამოისუნთქა დარდით, შემდეგ ჟრუანტელმა დაუარა. ბინები ამ ძველი სახლის ქვედა სართულებზე კეთილმოწყობილი კი იყო, მაგრამ გათბობას, რა ამინდიც უნდა ყოფილიყო გარეთ, 1 აპრილს თიშავდნენ. გათენდა 2 აპრილი. თოვლი და წვიმა ერთმანეთს ცვლიდა. მოსაღამოვდა. დოქტორ ფენიუითერს სციოდა. ოდნავ რომ აეწია თავი, ფანჯრიდან დაინახავდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ბინდში გახვეულ ორ კოშკს, ისე ახლოს, იფიქრებდი, ხელით შეძლებდი შეხებას. პროფესორი სენ-ლუის კუნძულზე ცხოვრობდა, რომელიც პატარა კარჭაპს ჰგავს, იმ კუნძულს[1] რომ მისდგომია, სადაც ღვთისმშობლის ტაძარი აღუმართავთ. მაგრამ თავი არ აუწევია. სიცივე ძვალ-რბილში ატანდა. Continue reading “აპრილი პარიზში”

ძაღლი წითელ ბენდენაში

რეი ბრედბერი

პაციენტმა საავადმყოფოში სამი, უსაშველოდ გრძელი და სევდიანი დღე დაყო და კვირას, როდესაც ექიმები, მეტწილად, ადგილზე არ არიან ხოლმე და ექთნებსაც საქმე არაფერი აქვთ, საოცრება მოხდა.

ამ ამბის მოახლოება გაიგო მანამ, სანამ დაინახავდა. ჯერ ქვედა სართულიდან სხვა პაციენტების შეძახილები და სიცილის ხმა შემოესმა. საოცრება ნელ-ნელა უახლოვდებოდა მის პალატას.

შემდეგ ზღურბლზე წარმოუდგა კაცი. ხელში ეჭირა თოკი და ძაღლი hყავდა ჩაბმული. გოლდენ რეტრივერი. ყველაზე ლამაზი რეტრივერი, რაც კი ოდესმე ენახა. კოხტად დავარცხნილი ფაფუკი ბეწვით. მოვლილი. გონიერი თვალები ჰქონდა და ყელზე კოხტად შეკრული ბენდენა. სისხლის ფერისა.

ხშირად მოდიოდა ავადმყოფების მოსანახულებლად და ავადმყოფები ასე ამბობდნენ – იმ დღეს, როდესაც ძაღლი სტუმრობდათ, სიხარული და შვება მოჰქონდა ხოლმე.

პაციენტსაც ყური მოეკრა ამ ამბისთვის. მხოლოდ უკვირდა, რატომ არ ჰყავთ მსოფლიოში ბევრი ასეთი ძაღლი, ვისაც შეუძლია, დავრდომილს გული გამოუკეთოს, ხალისი დაუბრუნოს და, ეგებ, ჯანიც მისცეს.

ძაღლი წითელი ბენდენით პალატის კართან შეყოვნდა წამით, შეიხედა, შევიდა შიგნით, მიუახლოვდა საწოლს და დადგა, დაელოდა, სანამ მოეფერებოდნენ. Continue reading “ძაღლი წითელ ბენდენაში”

მამა კანიუსი

რეი ბრედბერი

The Dog in the Red Bandana

ახალგაზრდა მამა ქელი მამა გილმანის კელიაში შევიდა. შეჩერდა. თვალი მოავლო. ყოყმანობდა. თითქოს, გასვლაც დააპირა, მაგრამ შემდეგ ისევ უკან შებრუნდა.

გილმანმა საბუთებიდან ასწია თავი და ჰკითხა:

– მამა ქელი, მოხდა რამე?

– არც კი ვიცი, როგორა ვთქვა, – უთხრა ქელიმ.

– ჯერ ის მითხარი, შემოდიხარ თუ გადიხარ? გთხოვ, შემოხვიდე და დაჯდე.

მამა ქელი ფეხაკრეფით შევიდა, ჩამოჯდა და მოხუც მღვდელს შეხედა.

– გისმენ, – შეაგულიანა მამა გილმანმა.

– კარგი, – თქვა მამა ქელიმ, – ეს ამბავი ძალიან სულელური და უცნაურია… ალბათ, თქვენს ყურადღებადაც არ ღირს…

გაჩუმდა. მამა გილმანი კი მოთმინებით დაელოდა.

– იმ ძაღლის ამბავია, მამაო. Continue reading “მამა კანიუსი”

კოლექციონერის ვნება

როჯერ ზელაზნი

– მანდ რას აკეთებ, ადამიანო?

– გრძელი ამბავია.

– კარგია, მიყვარს გრძელი ამბები. დაჯექი და ისაუბრე. არა – ჩემზე არა, გვერდით ჩამოჯექი!

– მაპატიე… ეს ყველაფერი ბიძაჩემის ბრალია, ზღაპრულად მდიდარი…

– მოიცადე, ჯერ ეგ მითხარი, რას ნიშნავს „მდიდარი”?

– შეძლებული…

– რას ნიშნავს „შეძლებული”?

– ჰმ, ბევრი ფული ჰქონდა…

– რა არის „ფული?”

– ამბის მოსმენა გინდა, თუ – არა?

– მინდა, მაგრამ ისიც მინდა, რომ გავიგო…

– ბოდიშს გიხდი, ქვაო, მაგრამ ყველაფერი მეც არ მესმის.

– ლოდი დამიძახე.

– კარგი, ლოდო, იმას გეუბნებოდი, რომ ბიძაჩემს, რომელსაც ყველგან სიტყვა ეთქმის, კოსმოსურ აკადემიაში უნდა გავეგზავნე, მაგრამ – არ გამაგზავნა. მიიჩნია, რომ ჰუმანიტარული განათლება უფრო შემეფერებოდა. ასე მოვხვდი შინაბერების იმ უნივერსიტეტში, არამიწიერი ცივილიზაციების შემსწავლელ ფაკულტეტზე… ლოდო, ხომ მომყვები?

Continue reading “კოლექციონერის ვნება”

უთქმელი სიბრძნე

რეი ბრედბერი

ოთახი დიდ კერიას ჰგავდა, უხილავი, მათრობელა ცეცხლით გამთბარს და განათებულს. ბუხარში ალი, ლამის, ჩაფერფლილიყო უკვე, მხოლოდ მიმქრალი ენები ჯიუტად ეპოტინებოდა რამდენიმე სველ მორსა და ტორფს, თავს ადგა კვამლად. ნაღვერდალი ზანტად ახამხამებდა ნარინჯისფერ ცხრა თვალს. ისმოდა მუსიკის ჰანგები – ნელ-ნელა იღვრებოდა, მიიზლაზნებოდა სადღაც, კვლავ ბრუნდებოდა უკან და ავსებდა ოთახს. შორეულ კუთხეში სანათი აანთეს და ლიმნისფერი შუქი ყვითლად შეღებილ კედლებს დაეფინა. ხის იატაკი ლაპლაპებდა, როგორც მდორე მდინარე. ზედ გაშლილი ფარდაგი მოგაგონებდათ ტივს, რომელზეც შემომსხდარიყვნენ ამაზონის უცხო ჩიტები, აფოფრილი ლურჯი, თეთრი, მწვანე ბუმბულით. ოთხ პატარა მაგიდაზე შემოედოთ თეთრი ფაიფურის ვაზები, სავსე ახლადმოჭრილი ყვავილებით ორანჟერეიდან. ბუხრის თავზე ახალგაზრდა მამაკაცის პორტრეტი ეკიდა. ლაჟვარდისფერი თვალები ჰქონდა, გონიერი და სიცოცხლით სავსე.

ოთახში შესულს, შეიძლება ვერც შეგემჩნია ორნი. ერთი ქათქათა, თეთრ დივანზე იჯდა. თვალები დაეხუჭა. მეორე იწვა და თავი პირველის კალთაში ედო. მასაც დაეხუჭა თვალები, უსმენდა მუსიკას და წვიმას. Continue reading “უთქმელი სიბრძნე”