ბულდოგების ბრძოლა ხალიჩის ქვეშ – ამბობენ, ასე შეაფასა ჩერჩილმა კრემლის პოლიტიკა. დღეს ბულდოგების დიდი ბრძოლა ონლაინშია გაჩაღებული. კომპანიები ყიდულობენ დადებით და უარყოფით შეფასებებს. დადებითს – საკუთარი პროდუქციისთვის და უარყოფითს, ცხადია, – კონკურენტებისთვის. ამ ცრუ შეფასებებს ყველა ონლაინ მაღაზიაში ნახავთ, მათ შორის ყველაზე პოპულარულ “ამაზონზეც”. არადა, შეფასებები პროდუქტის შეძენისთვის ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტია. წინა მყიდველი უკანა მყიდველის ხიდიაო, ამბობენ. მაგრამ რა ვქნათ, თუკი ეს შეფასებები ნაყიდია?
არის რამდენიმე კრიტერიუმი, რომლითაც პროდუქტის შეფასებების გაფილტვრა და ფსევდო-კომენტარების ამოყრა შეიძლება, მაგრამ ასე სათითაოდ რჩევა-ძიება რთულია და დიდ დროს ითხოვს. არის მარტივი გზა – საიტი Fakespot.com. აკოპორებთ “ამაზონის” ლინკს სასურველ პროდუქტზე, Fakespot ამოწმებს რეალურ თუ ფსევდო-მყიდველთა მიერ დაწერილ შეფასებებს და გამოაქვს ვერდიქტი A–დან (შეფასებები სანდოა) F-მდე (გაყალბებულია).