შობას იგებ, როცა…

შემოდგომას სულ პირველად რუსთაველზე გაიგებ.
ქარი ფოთლებს, ჭადრის ფოთლებს გაშლის, ფეხქვეშ გაიგებს.
იოსებ ნონეშვილი

შემოდგომა და რუსთაველი არ ვიცი და ახალი წლის მოახლოებას ბავშვობაში რამდენიმე ნიშანი მოუძღოდა: სკოლის არდადეგები იწყებოდა. ნაძვის ხე ამოგვქონდა სარდაფიდან და სათამაშოები – კარადიდან. ბაზრიდან მოიტანდნენ ნიგოზს, საგანგებო საგოზინაყე თაფლს. ჩურჩხელას (რომელიც დიდად არ მიყვარდა და ამიტომ, შოკოლადისგან განსხვავებით, სადღესასწაულო სუფრამდე გადამალვა არ უხდებოდათ ხოლმე).

მაგრამ ყველაზე ადრე ახალი წლის მოახლოებას “ვიგებდი”, როცა ღია ბარათებისა და მისალოცი წერილების მომზადებას ვიწყებდით. გურიაში ვაგზავნიდით. რუსთავში. ბათუმში. სამტრედიაში. ფოსტა ჩემს ბავშვობაში ისეთი “სწრაფი” იყო, რომ ერთი ქალაქიდან მეორემდე ზოგჯერ მთელი თვე მოგზაურობდა წერილი. ქალაქამდე კიარა მეზობელ უბნამდეც, შეიძლება, ამდენი ეჩანჩალა. ამიტომ მისალოცი ბარათების დაგზავნა ყველას უსწრებდა – ჩურჩხელასაც, ნაძვის ხესაც და არდადეგებსაც. ჰოდა, მაგიდას რომ მივუჯდებოდი და მისალოცი ბარათების წერას ვიწყებდი, აი, ახალ წელს სულ პირველად ვიგებდი მაშინ.

Continue reading

კატალონიელი ქვეშაჯვიები

შაბათის პოსტი

ვინც არა ჰგავს ქვეშაჯვიას, მე ვერ ვიტყვი ქვეშაჯვიად.
კატალონიური ანდაზა

როგორი დღესასწაული არ გამიგია. შობა გამიგია. ახალი წელი გამიგია. ოქტომბრის რევოლუციის წლისთავიც კი გამიგია, მაგრამ ეს მოჯმის დღესასწაული რაა, არ გამეგონა.

არადა, ასეთიც არის.

კატალონიაში. და სწორედ შობის მოახლოებას ამცნობს იქაურებს.

Caganer-Magnumპირველი ქვეშაჯვიები კატალონიაში მე-16 საუკუნეში გამოჩნდნენ. თავდაპირველად გლეხები იყვნენ და მიწას ანოყიერებდნენ. მაგრამ შემდეგ ქვეშაჯვიამ ფრთები გაშალა და დღეს უკვე დღესასწაული არ დღესასწაულობს მის გარეშე. მეტადრე ხომ – შობა.

შობის ხის, გირლიანდების, ელფებისა და თოვლის კაცების კატალონიელებს არ სწამთ, ან თუ სწამთ, მხოლოდ ქვეშაჯვია კაცის შემდეგ. ქვეშაჯვია თუ არ მოვიდა, ისეთი დღესასწაულის თავზეც გავიარეთო, ასე ამბობენ.

Continue reading

დღე, როცა ლუდი მდინარედ მოედინება

St.Patrick-festწინა პოსტში ბლუმსდეიზე ვწერდი.

თქმა არ უნდა, ჯოისი დღეს ირლანდიელების ეროვნული სიამაყეა, თუმცა მათ ბლუმსდეიზე უფრო საყვარელი დღესასწაულიც აქვთ – ეს სენფათრიქია, ირლანდიის მფარველის, წმინდა ფათრიქის ხსენების დღე, რომელიც 17 მარტს აღინიშნება.

წმინდა ფათრიქი (Saint Patrick) ირლანდიის განმანათლებელი და ირლანდიის პირველი ეპისკოპოსია. უცნაურია, მაგრამ, როგორც ჩანს, (ირლანდიელებმა არ გაგვიგონ და) ის არა ბრიტი (ანუ კელტი), არამედ რომაელი ბრძანდებოდა, რომის იმპერიის პროვინცია ბრიტანეთში დაიბადა და 16 წლისა იყო, როცა ირლანდიელმა მომხდურებმა (ინგლისელი ისტორიკოსები მათ უბრალოდ ზღვაოსან-ყაჩაღებს უწოდებენ) მოიტაცეს და სხვა ტყვეებთან ერთად ირლანდიაში წაასხეს. 6-წლიან მონობას გაქცევით დააღწია თავი, სამშობლოში დაბრუნდა და ღვთის სამსახურში ჩადგა. ქრისტიანულ სწავლებას გალების პროვინციაში (თანამედროვე საფრანგეთი) ლერინისა და ოსერის მონასტრებში დაეუფლა და ირლანდიაში უკვე როგორც ქრისტიანობის მქადაგებელი, ისე დაბრუნდა – ალბათ, ირლანდიის მიწას განსაკუთრებული ხიბლი და მიზიდულობა აქვს, არ ვიცი… ყოველ შემთხვევაში, წმინდა ფათრიქი სრულად გაირლანდიელდა – წერილებში თავს ირლანდიელს უწოდებს და ირლანდიული (ოღონდ – ლათინურენოვანი) ლიტერატურის ფუძემდებლადაც მიიჩნევა.

Continue reading

ჩასაყლაპი დღესასწაულები

შობა-ახალ წელს ბლოგები თოვლით გადაიპენტება ხოლმე, ჰელოუნზე – გოგრებით, ვალენტინობაზე კი – გულებით… (სხვათა შორის, ეს სამი აღდგომასთან ერთად დიდი ოთხეულია, როდესაც საფულეები ცარიელდება და მაღაზია-რესტორნების სავაჭრო ბრუნვა ასტრონომიულ ციფრებს აღწევს).

მაგრამ ამათ გარდა ბევრი კარგი და საყვარელი რამის დღე აღინიშნება მსოფლიოში, ჩვენ რომ არ ვიცით და არ აღვნიშნავთ, არადა, ზოგიერთი ისეთია, გამოგვადგებოდა, რომ ვიცოდეთ.

აი, ასეთი სასარგებლო და გამოსადეგი დღეა “ციფრული ორშაბათი” – მადლიერების დღის (ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათი) შემდეგ პირველ ორშაბათს აღინიშნება. ამერიკულმა ონლაინ-მაღაზიებმა “ციფრული ორშაბათი” პირველად 2005 წელს დააწესეს და მას შემდეგ ის ონლაინ-შოფერთა საერთაშორისო დღედ იქცა. ამ დღეს ონლაინ-მაღაზიები გრანდიოზულ ფასდაკლებებს გვთავაზობენ… ოღონდ, ისეთ “გრანდიოზულს” კი არა, ჩვენთან რომ იციან, მართლა გრანდიოზულს. 🙂 კლიენტებს ეს ფასდაკლებები ძალიან მოსწონთ და შედეგად – მხოლოდ აშშ-ში მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავენ ონლაინ. ჩემი რჩევაა – ეს დღე კალენდარში წითლად შემორკალოთ და აღარ გამოგეპარებათ. 🙂

Continue reading