ჩვენი თბილისის, დღესუკვე მერი და მაშინ ჯერკიდევ მერობისთვის შემზადებული დავით ნარმანია დაგვპირდა, მილიონ ხეს დავრგავ ქალაქშიო, გახსოვთ, ალბათ. სიცილი დააყარეს – ავყია ხალხს რა გამოლევს და სულ გოჯა-გოჯა გადაზომეს თბილისის მიწა და ასე თქვეს, მილიონი ხე თუ დარგო, ქალაქში აღარც ქუჩები დარჩება, არც შენობები – აქაურობა უღრან ტყედ იქცევა და ადამიანებიც ვერ ვიცხოვრებთ – მგლები შეგვჭამენო.
მაგრამ ვინ თქვა განა, რომ ბატონი დავითი თბილისის ქუჩების გადათხრასა და მილიონი ხის მიწაში დარგვას გვპირდებოდა? ის პატრიკ ბლანის პროექტის გან(ს)ხეულებას გეგმავდა ქალაქში…
პატრიკ ბლანი ვინ არის? ვინ არის და ფრანგი ბოტანიკოსი და ლანდშაფტის დიზაინერია. მეგაპოლისების “ვერტიკალური გამწვანების” იდეის ავტორი. ბლანის მიერ გამოყვანილი მცენარეები პირდაპირ კედლებზე იზრდება და ხარობს, არც ასფალტის აყრა სჭირდება, არც მიწის მოჩიჩქნა. შენობების დანგრევა ხომ – მითუფრო. პირიქით, რაც მეტი მაღალსართულიანი შენობაა ქალაქში, მით უფრო მეტი ხე იზრდება პატრიკ ბლანის მეთოდით.