1915 წელს კაზიმირ მალევიჩმა შავი კვადრატი დახატა და ყველამ თქვა და დღემდე ამას ამბობენ – განა, მე ვერ დავხატავდიო.
კი, ყველა დახატავდა, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ მალევიჩმა დახატა და არა სხვამ. მალევიჩმა მოიფიქრა, დაეხატა ყველაზე ცნობილი ნახატი მსოფლიოში (შეიძლება, მხოლოდ “მონა ლიზა” ჯობნის ცნობადობით). ტილოს ესთეტიკურ-მხატვრულ მნიშვნელობაზე არ ვამბობ – იდეა იყო მარტივი და გენიალური.

ასეა “ლუბუტანებიც”. სტილეტოს ძირის წითლად შეფერვა გენიალური იდეა იყო. შეიძლება, ბევრს მოსვლოდა თავში, მაგრამ კრისტიან ლუბუტანს მოაფიქრდა და მისი კოპირება იგივეა, რაც “შავი კვადრატის” – უკეთეს შემთხვევაში პლაგიატია, უარეს შემთხვევაში – ყალბისმქმნელობა და მოტყუება.
კრისტიან ლუბუტანი ფეხსაცმლის ფილოსოფოსია და ატელიეც ჟან-ჟაკ რუსოს ქუჩაზე აქვს.
სამი ქალი შემხვდა, მისეირნობდნენ და მათგან ერთი ბორბლებიან სავარძელში იჯდაო. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვაო. ბუნუელის ფილმის სცენას ჰგავდაო, – იგონებს ლუბუტანი, – მაშინ მივხვდი, რომ ფეხსაცმელი მეტია, ვინემ მხოლოდ ჩაიცვა და გაიაროო. ქალს, რომელიც პარალიზებულია და ეტლში ზის, სურს ფეხზე სტილეტოები ეცვასო.
Continue reading “წითელი წკაპუნები შავ კვადრატში”