როდესაც მან საფოსტო ყუთი გამოაღო და გამომცემლობა Viking Press-ის კონვერტი შენიშნა, არცკი გახარებია. “კიდევ ერთი უარი” – ასე გაიფიქრა. მიჩვეული იყო. რომ გეკითხათ, თუ რამდენმა რედაქტორმა დაუწუნა ხელნაწერი, ვერც გეტყოდათ. თხუთმეტმა? ოცმა? ოცდახუთმა? სინამდვილეში მათი რიცხვი 27 იყო… ამიტომ, თავაზიან უარსაც მიეჩვია, მაგრამ გულმა მაინც არ მოუთმინა, უჯრიდან ქაღალდის საჭრელი დანა ამოიღო და კონვერტი გახსნა. ნაწარმოები მოეწონათ და ავტორს გამომცემლობაში ელოდნენ.
ასე გაუმართლა უმუშევარ და BBC-დან სკანდალით გამოპანღურებულ ჟურნალისტს – ფრედერიქ ფორსაითს (Frederick Forsyth) და ასე გაუმართლა The Viking Press-ს, რომელმაც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკური თრილერის, “ტურის დღის” გამოცემის უფლება შეიძინა.