იაკობის დასაცავად

არც ერთ ამბავს აქვს დასაბამი. მხოლოდ ათვლის წერტილი, საიდანაც მთხრობელი ამბის მოყოლას გადაწყვეტს.
უილიამ ლენდეი. “მიშნ ფლეთს”

ტყეში 14 წლის ბიჭის გვამს პოულობენ. მკერდზე სამი ჭრილობა აქვს, თითქოს, სამკაპი დაარტყეს. სინამდვილეში დანაა. სამი სიმეტრიული ჭრილობა. სამივე – სასიკვდილო. გამოძიებას ოლქის პროკურორის პირველი მოადგილე, ენდი ბარბერი ხელმძღვანელობს. სულ მალე ეს გამოძიება ყველაზე დიდ კოშმარად ექცევა – ყველა სამხილი ჯეიქობ ბარბერზე მიანიშნებს – გარდაცვლილის თანასკოლელსა და ენდი ბარბერის ვაჟზე. ამავე დროს, საქმე ისე მიდის, რომ ენდი ბარბერი იძულებულია, მისი ოჯახის ბნელი წარსული ამოქექოს და ის ჩონჩხები გადმოალაგოს კარადიდან, საგულდაგულოდ რომ დაუმალავს. რა არის ოლქის პროკურორის პირველი მოადგილის პირველი რიგის ამოცანა? საქმის გამოძიება? საკუთარი წარსულის დაფარვა? შვილის გამოხსნა? წიგნი სასამართლო დეტექტივია. “თორმეტი განრისხებული მამაკაცი” თუ გინახავს – რაღაც მსგავსი. თუმცა იქ ამბავი ნაფიცი მსაჯულების სათათბირო ოთახში ვითარდება, აქ კი – სასამართლო დარბაზში, მანამ, სანამ მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად წავლენ. თუ ავტორის ოდნავ ზანტ თხრობის სტილს მიყვები და სხვადასხვა დეტალებით დახუნძლულ თხრობაში არ ჩაიკარგები – რამდენიმე სიუჟეტური მალაყი და მოულოდნელობა გელის.

Continue reading “იაკობის დასაცავად”

თერაპია

ახლა თავყბას დამამტვრევენ – გაუელვა თავში პაულ ჰერცფელდს.
სებასტიან ფიცეკი. “ჩამოკვალვა”.

პაულ ჰერცფელდს თავყბა არ დაუმტვრიეს. ქალიშვილი გასტაცეს და 48 საათი აქვს, სანამ გოგონა სერიული მოძალადისა და მკვლელის ხელში აღმოჩნდება. ჰერცფელდი გერმანიის კრიმინალური პოლიციის ფედერალური ოფისის ექსტრემალური დანაშაულების სპეციალური განყოფილების უფროსია, პათოლოგანატომი. მას ორი გზა აქვს – ან გამტაცებლის მოთხოვნები შეასრულოს, ან გზა ნახოს, როგორ დაიხსნას შვილი.

Continue reading “თერაპია”

ნუარის ოთხი გვარდიელი

ჟაკ დერეს “მარტოხელა”, “ბანდა”, “პოლიციური ისტორია”, “აურზაური ტოკიოში”, “სხვის ტყავში”, ედუარდ მოლინაროს “მძევალთა ბანდა”, დენი დე ლა პატელიერის “აურზაური პანამაში” თერენს იანგის “ცივი ოფლი”, ჟორჟ ლოტნერის “ფაშა”, ჟან ბეკერის “მომხიბლველი ნაძირალა”, “კაცი, სახელად როკა”, ჟაკ ბეკერის “ხელი არ ახლო ნადავლს”, “ხვრელი”, ჟორჟ ლოტნერის “მსტოვრები”, “ბატონი განგსტერები”, ანრი ვერნეის “მელოდია სარდაფიდან”, “სიცილიური კლანი”, ნილ ჯორდანის “კარგი ქურდი”, ჟილ გრანჟიეს “წითელი შუქი ანთებულია”, კლოდ სოტეს “აწონე ყველა რისკი” ჟან-პიერ მელვილის და ალენ კორნოს “მეორე სუნთქვა”, რობერ ენრიკოს “თავგადასავლის მაძიებელნი”, ჟოზე ჯოვანის და რაშიდ ბუშარების “ორნი ქალაქში”, ჟოზე ჯოვანის “მკვლელის შავი მანტია”, მგლები მგლებს შორის”, “მტაცებელი”…

ამ ფილმებს, იმის გარდა რომ ფრანგულია (თითქმის ყველა), ძველია (უმრავლესობა), საკულტოდ იქცა თავის დროზე (ბევრი), ნანახი არ გექნება (თითქმის არც ერთი) Smile … კიდევ ოთხი საერთო აქვს – ალფონს ბუდარი, ალბერ სიმონენი, ოგიუსტ ლე ბრეტონი და ჟოზე ჯოვანი – ფრანგული ნუარის, პოლარისა და კრიმინალური რომანის ოთხი გვარდიელი.

მუშკეტერი შემეძლო, მეთქვა. სტერეოტიპულად: თუ ფრანგები არიან და თან – ოთხი (სამიც შეიძლება), აუცილებლად მუშკეტერს მოაყოლებენ ხოლმე. თუმცა ამათ მუშკეტერობისა არაფერი სცხიათ, იმის გარდა, რომ ავანტიურისტი იყო ოთხივე და ნიჭიერი. მაგრამ ისეთები აქვთ ჩადენილი ახალგაზრდობაში, უკანასკნელი გვარდიელიც არ იკადრებდა.

ციხეში დაიწყო წერა ოთხივემ (სხვადასხვა დროს) და დიდწილად საკუთარ გამოცდილებას აღწერდნენ.

გვარდიელი პირველი.

Continue reading “ნუარის ოთხი გვარდიელი”

კატებისა და ლოკოკინებისთვის მოყოლილი ამბები

ქალმა, რომელიც (მისივე თქმით) მიზანთროპი და კაცთმოძულე იყო და ადამიანებზე ბევრად კატები უყვარდა, იდეალური მკვლელობა მოიფიქრა. განხორციელებით არ განუხორციელებია, მაგიერ – წიგნად შეკრა. ერთი წელიც არ გასულა, სხვა მიზანთროპმა ფილმად გადაიღო.

უცხო თანამგზავრები” (“უცნობები მატარებელში” – Strangers on a Train) ამ ნაწარმოებზე ვამბობ. ფათრიშა ჰაისმითის (Patricia Highsmith) სადებიუტო რომანია და ალფრედ ჰიჩქოქისეული ეკრანიზაცია. შედევრია ორთავ. ჰაისმითს მისთერ რიფლით უფრო ცნობენ, მაგრამ ჩემი გემოვნებით მაინც “უცხო თანამგზავრები” სჯობს.

მეეჭვება, იყოს ვინმე, ამ პოსტს კითხულობდეს და ან წიგნი, ან ფილმი არ იცოდეს, ამიტომ

Continue reading “კატებისა და ლოკოკინებისთვის მოყოლილი ამბები”

ძილქუში

აბიგელმა ის იყო მოასწრო და გაიფიქრა, რომ მის გვერდით ურჩხულია… შემდეგ შავმა ხვრელმა შთანთქა და სხეულის ყოველი წერტილი დავიწყებამ მოიცვა.
ფრანკ ტილიე. “ზმანება”

Frank Thilliezქინგს ადარებდნენ. მწერლებს არ უყვართ ასეთი შედარებები, თუმცა, ვინც შეადარა – ქათინაურად. და რეკლამად კარგი სტარტისთვის – “ფრანგი ქინგი” ჟღერს. ხმაურობს…  თუმცა, ეს ყველაფერი ადრე იყო. დღეს ფრანკ ტილიე (Franck Thilliez) უკვე ბრენდია. არვისთან შედარება ჭირდება – მისი სახელი წიგნის გარეკანზე საკმარისი მიზეზია, იყიდო/ჩამოქაჩო და წაიკითხო.

ზმანება” (Rêver) მისი ახალი რომანია, და ბოლო, რომელიც წავიკითხე, თუმცა ტილიესთან ნაცნობობის გასაბმელადაც გამოდგება. ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც დაუწერია და ძალიან “ქინგური”. “ზმანებაში” ბევრი ფარული თუ ღია ციტირებაა და გადაძახილი ქინგთან და სხვა მწერლებთან და – არამხოლოდ. მოპასანი. გოია. გრანჟე. უეს ქრეივენი. ფაბულაც, თითქოს, ნაცნობია – მწერალი, რომელიც საკუთარ დემონებს ხვდება. პოლიციის ფსიქოლოგი, ვინც თავადაც იტანჯება ფსიქიკური აშლილობით. მანიაკი, ვინც ბავშვებს იტაცებს. საიქიოდან გამოგზავნილი კრიპტოგრამა. კოშმარული სიზმრები, რეალობად რომ იქცევა… მაგრამ ტილიე ისე წერს ამ, თითქოს უკვე ნანახ და წაკითხულ მოყირჭებულ ამბებს, არ გბეზრდება და ძნელია მოწყდე. ისე, როგორც ქინგმაც იცის.

Continue reading “ძილქუში”

რექვიემი მონაზონისთვის

წარსული არასდროს კვდება. წარსული არასდროსაა წასული.
უილიამ ფოლქნერი. “რექვიემი მონაზონისთვის”

Requiem for a Nun-Coverპიესებს დიდად ვერ შევეწყე. არა ვწყალობ. რომ იტყვიან, მძიმედ მიდის. ჭრიალით. მაგრამ “რექვიემი მონაზონისთვის” (Requiem for a Nun) წაკითხული მაქვს. თან – ორჯერ. ისეთი “ხმაურიანი” საავტორო დუეტი ყავს: ფოლქნერი და კამიუ, ნებისმიერ ლიტერატურის გურმანს შეაცდენს. გვერდს ვერ ავუქცევდი.

“რექვიემი მონაზონისთვის” სასამართლო დეტექტივია. ფაბულა ბევრ სხვა წიგნსა ჰგავს, რაც წაგვიკითხავს თუ გაგვიგონია ან ფილმად გვინახავს – რესპექტაბელური თეთრკანიანი ამერიკელების ოჯახში მომუშავე შავკანიან გადიას (დღეს რომ აფრო-ამერიკელს იტყოდნენ და ფოლქნერისა და კამიუს დროს ფერადკანიანს ან, სულაც – ზანგს) ბავშვის მკვლელობისთვის ასამართლებენ.

Continue reading “რექვიემი მონაზონისთვის”

…ფილმი მაქვს ნანახი

– ეს წიგნი წაკითხული გაქვს?

– ფილმი მაქვს ნანახი.

რამდენჯერ უთქვამთ. მაგრამ, მაინც წაკითხვა სჯობს. წიგნი, როგორც წესი, უკეთესია ხოლმე ეკრანიზაციაზე (“კანი, რომელშიც ვცხოვრობ”). თანაბარია – ზოგჯერ (“ბეჭდების მბრძანებელი”). უკეთესია – იშვიათად (“ნათლია”). ძალიან იშვიათად.

თუმცა, მარტო წიგნის ნახვა კიარა, ფილმის წაკითხვაც შეიძლება. კინოსცენარიც ლიტერატურის ჟანრია. მე არ ვკითხულობ. პიესებსაც ვერ ვკითხულობ, არათუ კინოსცენარს. ძალიან ბორინგია. მაგრამ ფილმისთვის დიდი ფასი აქვს. თუ კარგი სცენარი არ გაქვს, კარგ ფილმს ვერ გადაიღებ.

რატომ ვიბოდიალე ახლა ამდენი. იმიტომ რომ, არის სცენარისტი, ვისი კინოსცენარიც ხარისხის ნიშანია. ეტალონი. თუ მის გვარს დაინახავ პოსტერზე – იცი, ფილმი უნდა ნახო და არ გაგაწბილებს. ჰანს რუსენფელტი (Hans Rosenfeldt) – ჩაინიშნეთ! “ხიდის” ავტორი (ამ ფილმზე დავწერე ადრე).

Continue reading “…ფილმი მაქვს ნანახი”

ვინ მოკლა ნოლა ქელერგანი?

– წიგნის ბოლო მკითხველისთვის მოულოდნელი უნდა იყოს.

— რატომ?

— რატომ? იმიტომ რომ მკითხველს არ ჩამოეძინოს. ეს ბანქოს თამაშივითაა – ყოველთვის უნდა შემოინახო კოზირი.

ჟოელ დიკერი. “სიმართლე ჰარი ქვებერთის საქმეზე” (III-4)

1449568770329ბავშვობაში წიგნის ან ფილმის შუა გზაში მიტოვება არ მიყვარდა. დღეს ბევრად დაუნდობელი გავხდი. პირველი აბზაცები, პირველი წუთები თუ არ მომეწონა, თავს ვანებებ. თუ შენც ასე ხარ – აქედანვე გეუბნები, ეს წიგნი ბოლომდე უნდა წაიკითხო. 🙂  არითმიული წიგნია. ადგილ-ადგილ ისე ნელდება, ცოტაც და, შეიძლება, ჩამოგეძინოს, მაგრამ უეცრად ისე შემოგილაწუნებენ, რომ ერთბაშად გამოფხიზლდები. ფლეშბექები. დროში გადასვლა. ხან ოცდაათი წლის ამბებს გვიყვებიან, ხან ოცი წლის წინანდელს, ხან – სულ ცინცხალს. ეს ყველაფერი შენ უნდა შეკრა და თავი მოუყარო. ისე, როგორც “ნამდვილ დეტექტივშია”. ეს წიგნიც დეტექტივია და “სიმართლე ჰარი ქვებერთის საქმეზე” მხოლოდ ბოლოს გახდება ცნობილი. იქამდე ბევრი ვერსიაა და ბევრი ეჭვმიტანილი. როგორც დეტექტივის წესია.

ეს არის ისტორია მამაკაცისა და არასრულწლოვანი გოგონას აკრძალულ სიყვარულზე, რომელიც მკვლელობით მთავრდება. მკვლელობა ამ ისტორიის დასასრულიცაა და დასაწყისიც.

Continue reading “ვინ მოკლა ნოლა ქელერგანი?”

იაპონელი პო

Edogawa Rampoტარო ჰირაის ლიტერატურული ფსევდონიმი მისი ამერიკელი კერპის  სახელის და გვარის იაპონური ალიკვალია. ედოგავა რამპო – ასეთ მეტყველ ფსევდონიმს პასუხისმგებლობაც დიდი აქვს. აწევა უნდა შეგეძლოს.

ედოგავა რამპო დიდი მწერალია. კლასიკური დედუქციურ-ფსიქოლოგიური დეტექტივის ოსტატი. ვისაც წაკითხული არ გაქვთ, მოსალოცად გქონიათ საქმე. ნამდვილი სიამოვნება გელით წინ. პირველად წაკითხვის სიამოვნება. უცნაურია, რომ ჩვენში ნაკლებად პოპულარულია და ნაკლებად იცნობენ. აღმოსავლური მითოლოგია, მისტიკური შეფერილობა, დეტექტური ისტორია, მოულოდნელი ფინალი – ყველაფერია, რომ გეგემრიელოს. Continue reading “იაპონელი პო”