ამბოხის თეორია
გოგო, სახელად ჯენისი, იმ ზაფხულს შემიყვარდა.
არა, თავიდან, თითქოს, არც მომეწონა. ან რა მოსაწონი იყო – ნარკოტიკებს მიეძალა, სვამდა, ქუჩა-ქუჩა დაპროწიალობდა, ხან სად ეძინა და ხან – სად. მეუცხოვა მისი ჩახლეჩილი ხმა. მეუცხოვა, რომ განსხვავებული იყო. ყველაფერს სხვაგვარად უყურებდა. სხვის ჯიბრზე. ეუბნებოდნენ ისწავლეო – გაკვეთილებიდან გარბოდა. მშობლებს ეურჩებოდა. არც პოლიციის ეშინოდა. ეკლესიაშიც არ დადიოდა.
ამბობდნენ, სულ ასეთი კი არ იყოო. 14 წლამდე საკვირაო წირვას არ აცდენდა და ქოროშიც მღეროდაო ჰიმნებს. კარგად სწავლობდა და მოხუცები ქუჩაზე გადაჰყავდაო. მერე, უცებ, ტვინი გადაუტრიალდაო. ან რა აცვია, ან როგორ იქცევაო, ან უფროსებს როგორ ეპასუხებაო. სახარების ნაცვლად ქერუაქსა და გინზბერგს მიეძალა. ახტაჯანა და ბუნტისთავი გახდა. კლასელები “ღორს” უძახდნენ. ზურგსუკან. ვინც გაუბედა და პირში მიახალა, ჩამოღებულ კბილებს კრეფდა მერე სკოლის ეზოში.