ქუჩის კატა, სახელად ბობი

ერთ ძველ პოსტში ვწერდი, რომ მწერლების უმრავლესობა, ალბათ, სულკატიანია. მწერლობა მშვიდ გარემოს, ფურცელთან (საბეჭდ მანქანასთან, კომპიუტერთან) დიდხანს ჯდომას ითხოვს და კატა ამ გარემოს უფრო უხდება, ვიდრე ძაღლი. ამიტომ უმართლებთ კატებს მწერალ-პატრონებში. და რამდენიმე ძალიან კარგი ლიტერატურული ნაწარმოების გმირებადაც იქცნენ. ჯანი როდარის ფეხცანცარა ციცუნია. ბულგაკოვის კატა ბეჰემოთი. ჩაპეკის ფილოსოფოსი კატა და ლუის ქერალის ჩეშირელი კატა.

ბობი ლონდონელი ქუჩის კატა იყო, სანამ ჯეიმს ბოუენს გადაეყრებოდა. ახლა რამდენიმე წიგნისა და ერთი ფილმის პერსონჟია.

Bob & Bowen (3)

Continue reading

იუბერი და ოდრი

მათი სიყვარულის ისტორია ისე დაიწყო, როგორც სიყვარულის ისტორიები მთავრდება ხოლმე – უარით. როცა იუბერ დე ჟივანშის უთხრეს, რომ მის ატელიეს ქალბატონი ჰეფბერნი უნდა სწვეოდა ახალი ფილმისთვის ტანსაცმლის შესარჩევად, დიზაინერს ოდრის სახელი გაგონილიც არ ჰქონია და ქეთრინს ელოდა. ხელთ შერჩა სიფრიფანა ქალი, ლამაზი თვალებით, მოკლედ შეჭრილი თმით, ხშირი წარბებით, პაწია შარვალში, მაისურსა და ბალეტის ფეხსაცმელში. თავზე გონდოლიერის ფართოფარფლებიანი ჩალის ქუდი ეხურა, წითელი ლენტით და დიდრონი წარწერით “ვენეცია”.

ამ ქალს გემოვნების ნატამალი არ აქვს, – იფიქრა იუბერ დე ჟივანშიმ, მე კი – დასაკარგი დრო.

არა, მე თქვენ ვერ ჩაგაცმევთ! – ცივი უარი.

Continue reading

საიმპერატორო ყველი

სუფთა “ნასკი” და მყრალი ყველი – კულტურული ერის ნიშანია.
აფორიზმი Soffi Meloman-თან დიალოგში რომ მომაფიქრდა და ამ პოსტს დააკვდა, როგორც ყველს კეთილშობილი ობი

ეკითხებოდნენ ხოლმე. თამაში იყო ასეთი – სადმე კუნძულზე რომ მოხვდე, რომელ ათ ნივთს წაიღებდიო. დღეს იოლი წარმოსადგენია, რაკი ამ კარანტინმა თითქმის კუნძულზე გადაგვსხა ყველა. ყველზე რომ მიდგება არჩევანი – როკფორს ავირჩევდი, მითუფრო რომ, თუ გაჭირდა, ბევრი სხვა ყველის ადგილზე ამოყვანას მოახერხებ (ძროხა, ცხვარი ან თხა თუ დარბის იმ კუნძულზე), მაგრამ როკფორისა – ვერა. ცხვრის რძის გარდა, როკფორს ის უნიკალური მიკროკლიმატი, მიკროგარემო სჭირდება, რაც აქცევს როკფორს როკფორად და მხოლოდ როკფორის მღვიმეებში მოიძებნება.

Continue reading

აინ რენდი და ლედი გოდივა

ამბოხის თეორია

ვინ არის აინ რენდი, ყველამ იცის. გამოჩენილ ლიბერტარიანელ ქალებს შორის, რენდი, ალბათ, ყველაზე ცნობილია და ყველაზე გავლენიანიც. მიუხედავად იმისა, რომ თავად თავს ლიბერტარიანელებს არ აკუთვნებდა.

არ ვიცი, რა მსოფლმხედველობის მიმდევრად მიაჩნდა თავი გედაივას – იმ დროს ლიბერტარიანიზმი რა იყო ჯერ არ იცოდნენ და არც ეს ცნება არსებობდა, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, იყო მასშიც რაღაც ლიბერტარიანული.

ლედი გედაივა (ან, როგორც ვუძახით ხოლმე – ლედი გოდივა Lady Godiva) მიურშიას საგრაფოს მმართველის, ლეოფრიქის მეუღლე იყო. საგრაფოს სახელი ესპანურ მურსიას კი ჰგავს ჟღერადობით, მაგრამ ბრიტანეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა და შვიდ სამთავროს შორის ერთი იყო. ლეოფრიქი ტახტზე რომ აბრძანდა, მაგ დროისთვის ნორმანდიელებს უილიამ დამპყრობელს მოთავეობით ანგლო-საქსური სამეფოების დამორჩილება ჯერ არ ჰქონდა დაწყებული, ამიტომ საკუთარ საგრაფოს განაგებდა, როგორც მოეპრიანებოდა.

Continue reading

ქალი, რომელსაც უყვარდა ტოსტი, მაგრამ გასუქების ეშინოდა

უკვე გამომცხვარი პურის ხელახლა შებრაწვა – დატოსტერება კაცობრიობას მრავალი და მრავალი ასეული წლის წინ მოაფიქრდა. უძველესი რეცეპტი 6 საუკუნეს ითვლის და ლუდსა და ზეითუნის ზეთში დატოსტერებული პურის ნაჭერია ხახვით.



ტოსტი უნივერსალური რამეა, უთვალავნაირად შეიძლება მოამზადო და მაცივარს რომ გამოაღებ, რასაც მოიძიებ, პრაქტიკულად, ყველაფრით შეგიძლია “მორთო”, ყველაფერი უხდება. მაგრამ ასე იზამ თუ ისე, კალორიულობას ვერ გაექცევი. ერთი რომ პურია თავად კალორიული, მეორე ზეთის ან კარაქის გარეშე ტოსტი ვერ ტოსტობს და ეგეც თქვენ დამატებითი კალორიები და ცხიმები.

ალბათ, ასე ფიქრობდა მელბა, რომელიც უარს ამბობდა ტოსტზე, თუმცა კი ნამეტნავად უყვარდა.

Continue reading

იტალიიდან გაერთიანებულ სამეფოში გაგზავნილი წერილი: ის, რაც ჩვენ ვიცით თქვენი მომავლის შესახებ

ფრანჩესკა მელანდრი

თვითიზოლაციაში მყოფი რომაელი ავტორი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს იმის შესახებ, თუ რას უნდა ველოდოთ.

ამ წერილს იტალიიდან გწერ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმას გაგონებ შენი მომავალიდან. ჩვენ ახლა იქ ვართ, სადაც რამდენიმე ხანში თქვენ იქნებით. ეპიდემიის მრუდი გვიჩვენებს, რომ ხელგადახვეულნი ვცეკვავთ.

სულ რამდენიმე ნაბიჯით გისწრებთ, ისე, როგორც ვუჰანი იყო რამდენიმე კვირით ჩვენს წინ. თვალს გადევნებთ და თქვენ ახლა იქცევით ისე, როგორც ვიქცეოდით ჩვენ. თქვენც იგივე არგუმენტები გაქვთ, რაც, სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ გვქონდა. ახლა მათ შორის დგახართ, ვინც ჯერ ისევ ამბობს: ”ეს ხომ უბრალოდ გრიპია, რა საჭიროა ამხელა აურზაური?” და ვინც უკვე გაიგო.

Continue reading

მფრინავი კატა და მისი 9 სიცოცხლე

ბელკა და სტრელკა ვინ იყვნენ, ყველამ იცოდა ჩემ ბავშვობაში – ორი ძაღლი, ვინც პირველებმა იმოგზაურეს კოსმოსში. გაგარინზე ადრე.

ქიდდო – ასე ერქვა კატას, რომელიც 1910 წლის 15 ოქტომბერს დირიჟაბლში ჩაჯდა, რომ ატლანტის ოკეანეზე გადაეფრინა. პირველს, კატებს შორის. კატებს რა – ყველა სულიერს შორის პირველს (ჩიტები გამოვრიცხოთ) რაკი ეს ატლანტის ოკეანეზე გადაფრენის პირველი მცდელობა იყო ისტორიაში.

ამ ამბის სულისჩამდგმელი უოლთერ უელმენი (Walter Wellman) იყო, ამერიკელი ჟურნალისტი, მოგზაური და ავიატორი. შეიამხანაგა მელვინ ვენიმენი (Melvin Vaniman) ინჟინერი, ავიატორი და იმ დროის სახელგანთქმული ფოტოგრაფი – დღეს ასეთ ადამიანებს ექსტრემალებს უძახიან, იმ დროს კი აკრობატ-ფოტოგრაფად იცნობდნენ – ყველანაირ სარისკო ნაბიჯზე იყო თანახმა, ოღონდ კი კარგი კადრი მოეხელთებინა.

ამ ორის გარდა, ექსპედიციის მონაწილეთა შორის იყვნენ რადიო-ტექნიკოსი ჯექ ირვინი (Jack Irwin) ბრიტანელი შტურმანი მიურეი საიმონი (Murray Simon) და სხვა ორი წევრი. დაკიდევ ჟღალბეწვა კატა ქიდდო (Kiddo the Cat).

Continue reading

აუსტერლიცის მზე და მარენგოს ქათამი

ფრანგების იმპერატორი არასდროს უჩიოდა უმადობას. მეტადრე – ბრძოლის შემდეგ. მოგებული ბრძოლის შემდეგ ხომ – მითუფრო.

ასე იყო 1800 წლის 14 ივნისს, მარენგოს მახლობლად. ნაპოლეონმა, რომელსაც წესად ჰქონდა, არაფერი ეჭამა, სანამ ბრძოლას უძღვებოდა, ავსტრიელების დამარცხების შემდეგ ქათმის კერძი მოისურვა. ფრანგული არმიის სურსათ-სანოვაგის კარვები ბრძოლის ველიდან საკმაოდ მოშორებით იყო გამართული, იმპერატორი კი ვერ ითმენდა, ამიტომ მისმა პირადმა მზარეულმა დუნანმა (Dunand) იქვე უახლოეს სოფელში შეგირდები აფრინა პროვიანტის შესაძენად და რაც მიუტანეს, იმისგან მარტივი და გემრიელი კერძი შექმნა, მარენგოს ქათამი ან ნაპოლეონის ქათამი (Poulet de Napoléon) რომ ჰქვია.

Continue reading

ქანდაკებების მიერ მოყოლილი მადრიდული ამბები

დრო იყო, თბილისში მხოლოდ ორი ყაიდის ქანდაკება ვიცოდით – ცხენიანი კაცების ან პოეტების. დღეს ქალაქმა ცოტა გამოიხედა. რა შედარებაა. თბილისის არ იყოს, ცხენიანი კაცები სხვაგანაც ბევრია. პოეტებიც. მაგრამ მე უსახელო სკულპტურები მიყვარს. მაინცდამაინც სერვანტესი, გოია, ან ლოპე დე ვეგა ხომ არ უნდა იყოს. უსახელო, უცხო ქანდაკებები უფრო საინტერესოა. ის ამბებიც, ამ სკულპტურებს რომ სურთ, მოგიყვნენ.

Julia student from Madrid

გოგონა, რომელიც Malasaña-ს უბანში, Calle del Pez და Calle de San Bernardo ქუჩების კვეთაზე დგას, კედელს მიყრდნობია და წიგნი აქვს გადაშლილი. ეს ჯულიაა, პირველი ქალი სტუდენტი ესპანეთში. როდესაც სწავლა-განათლება ქალის საქმედ არ მიიჩნეოდა, მამაკაცად გადაიცვა და ასე, მოტყუებით გახდა მადრიდის უნივერსიტეტის სტუდენტი 1841 წელს. უნივერსიტეტის ძველი შენობა აქ, ამ უბანში მდებარეობდა.

Continue reading

ყველაზე ტკბილი წმინდანი

St. Honoré – სენ ონორე ასე ქვია პოპულარულ და გემრიელ ნამცხვარს, რომელიც პარიზელთა საყვარელი ტკბილეულია და აგერ, თბილისამდეც ჩამოაღწია.

ორიგინალი რეცეპტი კულინარიულ წიგნებში 1882 წელს შეიტანეს, ნამცხვარი კი 1847 წელს შეუქმნია შიბუსტს (Chiboust), სენ ონორეს ქუჩაზე მდებარე საკონდიტროს მფლობელსა და კონდიტერს.

ბევრი ვარიაცია გვაქვს დღეს, კლასიკური შესრულებით კი ფენოვანი ნამცხვარია კარამელითა და ორი ტიპის ათქვეფილი კრემით – ნაღებისა და შიბუსტის (შიბუსტი – შიბუსტის მიერ შექმნილი თეთრი კრემია კვერცხის ცილით). კონდიტერმა ნამცხვარი წმინდა ონორეს საპატივცემულოდ და მისი ხსენების დღეს გამოაცხო – 16 მაისს. აქედანაა – სახელიც.

Continue reading

ლოლიტა

ფლორენს სალი ჰორნერი ნიუ ჯერსის შტატის ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა. ახლა ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური ქალაქია, უმუშევრობის მაღალი დონით, იმ დროს კი ათასი ქარხანა გუგუნებდა და ეკონომიკური ცხოვრება ყვაოდა. სალის მდიდარი მშობლები არ ყავდა, მამით ობოლს დედა ზრდიდა, მაგრამ არ უჩიოდა ცხოვრებას – სხვაც ბევრი იყო ასე: ახალი დამთავრებული იყო ომი. იმ დღეს მაღაზიაში საქურდლად შევიდა. ბევრი არაფერი, რამე იაფი, წვრილმანი რამ უნდა მოეპარა. კი არ ჭირდებოდა რამედ – ნიძლავი ჰქონდა წაგებული. ბოლოს ბლოკნოტი შეარჩია. 5 ცენტი ღირდა სულ, პატარა ზომის იყო და იოლად გააყოლებდა ხელს, ასე იფიქრა. სასკოლო ჩანთაში მოათავსა მალულად და სალაროს ფრთხილად აუარა გვერდი. 5 ცენტი 5 ცენტად, მაგრამ გული კი უცემდა. რომ ეგონა, ქუჩაში, სამშვიდობოს გამოვედიო, მკლავში სტაცა ვიღაცამ.

  Florece Sally Horner Continue reading