ადამიანად დაბადებული

Joy and Elsaლაღად შობილი” (Born Free, 1960) ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ლომის ბოკვრის, ელზას ამბავს მოგვითხრობს. ნამდვილი ამბავია. ინგლისელმა რეინჯერმა ჯორჯ ადამსონმა (George Adamson) კენიაში ახალგაზრდა ძუ ლომი მოკლა. ლომს სამი პატარა ბოკვერი ჰყავდა. ადამსონმა ბოკვრები შინ წამოიყვანა. მან და მისმა მეუღლემ, ჯოიმ (Joy Adamson) ლომები გამოზარდეს. მოგვიანებით ორი როტერდამის ზოოპარკს გადასცეს, მესამე კი, სახელად ლიზა, დაიტოვეს. ჯოი ადამსონმა გადაწყვიტა, ლომი ველურ ბუნებაში დაებრუნებინა. ყველა, მათ შორის მეუღლეც, უმტკიცებდა, რომ ეს შეუძლებელი იყო, რომ დედის გარეშე დარჩენილი ბოკვერი ვერ შეძლებდა ნადირობას, ან მშიერი მოკვდებოდა, ან სხვა ლომები დაგლეჯდნენ, ან მონადირეთა წერა გახდებოდა, მაგრამ ჯოიმ არ დაიშალა. სამი თვის განმავლობაში სწავლობდა ლომის ბოკვერი ლიზა დედობილისგან, თუ რას ნიშნავს იყო ლომი. ჯოი არც ზოოლოგი იყო განათლებით, არც – ბიოლოგი, არც – ვეტერინარი. კენიიდან შორს, ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში დაიბადა. ებრაული ოჯახიდან იყო – გვარად გესნერი. მუსიკალურ სასწავლებელში დადიოდა და პიანისტის კარიერაზეც ოცნებობდა. შემდეგ სწავლობდა ფსიქოანალიზს. ხატავდა. ბოლოს არჩევანი მედიცინაზე შეაჩერა, მაგრამ არ დასცალდა. ავსტრია ნაცისტებმა დაიპყრეს. ევროპაში დიდი ომი ახლოვდებოდა. თავი შორს, აფრიკას შეაფარა. ცოლად რეინჯერს გაჰყვა და ახლა ძუ ლომად გარდასახვაც მოუწია.
Continue reading

ისინი, ვინც (ვერ) მოვიშინაურეთ

ერთმა ძალიან კარგმა კაცმა და შესანიშნავმა მწერალმა თქვა – “პასუხს ვაგებთ მათზე, ვინც მოვიშინაურეთო”. და ვინც არ მოგვიშინაურებია იმათზეც ვაგებთ პასუხს. იმიტომ რომ ადამიანი ერთადერთი ცხოველია, რომელმაც გარემოსთან მშვიდობა ვერ ნახა. ჩვენ ერთადერთნი ვართ, ვისაც ბუნების განადგურება შეგვიძლია, რასაც წარმატებით ვახერხებთ.

თან გადადნობილ ზარებზეც ვფიქრობთ…

ბევრმა მოაწერა ხელი ზოოპარკის დახურვის და გადარჩენილი ცხოველების გაჩუქების პეტიციას. მეც მიმიწვიეს, მაგრამ არ მომიწერია ხელი. მანამ, სანამ დახურვის და გაუქმების ალტერნატივა არის.

ეს არის თბილისის ახალი ზოოპარკის პროექტი. აგერ – ლინკიც.

პროექტი რამდენიმე წლის წინ მოამზადა ბრიტანულმა კომპანიამ Proctor and Matthews. მათ რამდენიმე ზოოლოგიური პარკი აქვთ დაპროექტებული, მათ შორისაა ლომების საფარი-პარკი ინგლისში.

Continue reading

კარლ დიბიჩი – მივიწყებული გენიოსი

Karl Diebitschორიოდ წლის წინ მსახიობმა რასელ ბრენდმა GQ Magazine-ის მამაკაცის დიზაინერთა წლის დაჯილდოებაზე სკანდალი მოაწყო… არა, ჩანგალი არვისთვის ჩაურტყამს, უბრალოდ სცენაზე ავიდა და განაცხადა, Hugo Boss-ის წარმომადგენლებს ვხედავ აქ და რა ჯილდოებს ელიან, ნამუსი დაუკარგავთ, მას შემდეგ, რაც SS-ის ფორმა შექმნეს აქ გამოსაჩენი ცხვირ-პირი არ აქვთო…

ჰუგო ბოსისა და ჰიმლერის მეგობრობის ამბავი ბევრჯერ მოგვისმენია ან წაგვიკითხავს. თუმცა ეს მხოლოდ ნახევარი სიმართლეა. კომპანია Hugo Boss ნამდვილად კერავდა ფორმებს SS-ისთვის, მაგრამ დიზაინერი ჰუგო ბოსი ამ ფორმების შემქმნელი არ ყოფილა. SS-ის ფორმებს, ისევე როგორც სხვა ატრიბუტიკას, თავისი ავტორი ყავს. დღეს უკვე ბევრისგან მივიწყებული… არცაა გასაკვირი. თუ ჰუგო ბოსი მუშაობდა SS-ისთვის, ეს ადამიანი თავად იყო SS. კარლ დიბიჩი (Karl Diebitsch) ვაფენ-სს-ის ობერფიურერი (მიახლოებით ბრიგადის გენერლის სამხედრო ჩინს უთანაბრდება), მხატვარი, სკულპტორი, დიზაინერი და ხელოვნების ისტორიკოსი, პროფესორი.

Continue reading

მაიმუნის პროცესი

ამბოხის თეორია

John T Scopesდღეს ჯაზს უკრავ, ხვალ კი სამშობლოს გაყიდიო – ასე ამბობდნენ საბჭოელ სტილიაგებზე. გასული საუკუნის 20-იანები ამერიკაში სწორედ ასე, ჯაზისა და თავისუფლების და იმავდროულად რელიგიურ-ფუნდამენტალისტური ჯგუფების მომძლავრების ეპოქად იქცა. ფუნდამენტალისტებს ასე ეგონათ, ქვეყანა საფრთხეშია და ჩვენ თუ არ დავიცავით, რა კაცები ვიქნებითო. ახალგაზრდები გადაჯიშების გზას დგანან და იმ ტრადიციებსა და ფასეულობებს ანგრევენ, რაზეც ოდითგანვე დგას ამერიკაო. ფუნდამენტალისტები  საქმის ხალხი იყო და დროს უქმად არ ფლანგავდნენ – დასხდნენ და კრეაციონისტული კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც დარვინიზმის სწავლებას კრძალავდა. ლოგიკა მარტივი იყო – თუ ადამიანი ღვთის შვილია, ჯაზის ჰანგებზე არ ატლინკავდება, ყველის ვაჭარივით არ გაიკრიჭება და შორტებს არ ჩაიცვამს მაიმუნიშვილივით. დაწერეს ეს კანონპროექტი და 2 შტატში კანონადაც დაამტკიცეს. კიდევ 15-ში განხილვა მიმდინარეობდა.

1925 წელს ჯერი თენესიზე მიდგა. ფუნდამენტალისტების ლიდერმა, ორგანიზაცია “მსოფლიოს ფუნდამენტალისტ ქრისტიანთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, სენატორმა ჯონ ბათლერმა კრეაციონისტული კანონპროექტი ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში გაიტანა და კენჭისყრაშიც იმარჯვა. გუბერნატორს ეს ამბავი გულზე არ ეხატებოდა, მაგრამ ვეტოს გამოყენება ვერ გაბედა და კანონს ხელი მოაწერა. მაშინ ავანსცენაზე არასამთავრობო ორგანიზაცია “ამერიკის სამოქალაქო უფლებათა კავშირი” გამოვიდა – ასე თქვეს, თუ გამოჩნდება მასწავლებელი, რომელიც არ დაემორჩილება კანონს, ჩვენ დავიცავთო (ბათლერის კანონი დარვინიზმის პროპაგანდისთვის 100-500 დოლარიან ჯარიმას აწესებდა).  და აი, პატარა ქალაქ დეითონში, სადაც სულ 1800 მაცხოვრებელი იყო, გამოჩნდა ასეთი ჯორჯ რაფლეია, ნიუ იორქში დაბადებული კაცი, დეითონში რომ გამოეგზავნათ მაღაროს სამართავად. მას ადგილობრივ ჩინოვნიკთან, უოლთერ უაითთან, ვინც სკოლებისა და განათლების საქმეს უძღვებოდა, კამათი შეემთხვა ანტი-დარვინისტულ კანონზე და რაფლეიამ უთხრა – მოდი, პროცესი მოვაწყოთ და ვნახოთ ერთი, რა გამოგვივაო. რაფლეიამ და უაითმა მონახეს მასწავლებელი ჯონ სქოუფსი, ვინც დასთანხმდა სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო. სთენლი ქრემერის ფილმში “მოიმკი ქარიშხალს” უაითი მგზნებარე და იდეური დარვინისტია, სინამდვილეში კი ბიოლოგიც არ ყოფილა. დამხმარე პედაგოგად მუშაობდა სკოლაში და მეტწილად გეოლოგიას ასწავლიდა, თუმცა ერთი-ორჯერ ბიოლოგიის გაკვეთილიც ჰქონდა ჩატარებული. მან საჯაროდ აღიარა, რომ “ბათლერის კანონის” აკრძალვა დაარღვია და დარვინიზმის დებულებები გააცნო მოსწავლეებს (არადა, ახლა ვიცით, რომ ეს ამბავი განგებ დაიბრალა). შტატი იძულებული გახდა მის წინააღმდეგ სარჩელი შეეტანა სასამართლოში და, ოსტაპის თქმისა არ იყოს, პროცესიც დაიწყო – როგორც ვხედავთ, სასამართლო პროცესი, რომელსაც დღეს “მაიმუნის პროცესად” ვიცნობთ, დიდწილად დადგმული იყო, უფრო ზუსტად – ხელოვნურად პროვოცირებული, მაგრამ შედეგები კი ძალიან მნიშვნელოვანი დადგა… თუმცა ამაზე – ქვემოთ.

Continue reading

ეტიუდი სადო-მაზო ფერებში

ამბოხის თეორია

Portrait-of-the-Marquis-de-Sadeეს პოსტი, ალბათ, ბევრად უფრო მყვირალა, ხმაურიან და სკანდალურ სათაურს იმსახურებდა, მაგრამ მისი სათაური ისეთივე მოკრძალებულია, როგორიც იყო თავად დონასიენ ალფონს ფრანსუა დე სადი (Donatien Alphonse François de Sade), რომელიც მსოფლიო ლიტერატურისა და ფილოსოფიის ისტორიაში მარკიზ დე სადის (Marquis de Sade) სახელითაა ცნობილი.

არისტოკრატი და პატრიოტი

ის ფრანგი არისტოკრატული ოჯახის წარმომადგენელი იყო, მამა – დიპლომატი და მაღალი თანამდებობის პირი (მეფისნაცვალი და დესპანი, ერთი პირობა რუსეთშიც იყო ელჩად), დედა კი – პრინც კონდეს ფრეილინა. ფსიქოანალიზით გატაცებული მკვლევარნი, მოგვიანებით, დე სადის ცხოვრებისეულ კრედოსა და გატაცებებს მის ბავშვობაში მოუძებნიან გასაღებს – სადაც მომავალი მწერლის სწავლა-განათლებას ბიძამისი – ცნობილი ლიტერატორი და თეოლოგი აბატი დე სადი კურირებდა, სადაც ის იეზუიტთა სასწავლებელში მიაბარეს, სადაც მისი მშობლების ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ…   ასე იყო თუ ისე, ფრანსუა დე სადმა ბავშვობიდანვე გამოავლინა ჯიუტი და ფეთქებადი ხასიათი – მისი პირველი მსხვერპლი პატარა პრინცი კონდე გახლდათ, რომელიც დე სადს შემოელახა (მოგვიანებით, დე სადისა და კონდეს ოჯახები დამოყვრდება, როდესაც მარკიზის ვაჟი არმანი პრინცესა კონდეზე იქორწინებს). შვიდწლიანი ომის დროს (მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი საფრანგეთ-ავსტრია-ესპანეთსა და პრუსია-ბრიტანეთს შორის) მისი შეუპოვრობა და მრისხანება უკვე პრუსიელებს დაატყდათ თავს და ფრანსუა დე სადი ომის დასრულებას კაპიტნის ჩინითა და ჯილდოებით დამშვენებული შეხვდა… მოგვიანებით მაიორის, დაბოლოს პოლკოვნიკის ჩინიც დაიმსახურა.

მოსიყვარულე შვილი, მეუღლე, სოდომიტი და კანონისგან დევნილი

Continue reading

მიშელი, მილენი, ბებე…

მათ მთელ თაობებს შეაყვარეს ფრანგული კინო. სწორედ მათ და – არავინ სხვამ. 60-იანების სამმა დივამ, რომელთა გავლენა, ცხადია, სინემატოგრაფის საზღვრებს კარგა შორსაც გასცდა.

Michele Mercier 4მიშელ მერსიეს ფილმოთეკაში 50-ზე მეტი როლია. იქამდე  ბალერინა იყო და ნიცის ოპერის თეატრის სცენაზე ცეკვავდა. ერთი-ორ გახმაურებულ საბალეტო დადგმაში მიუღია მონაწილეობა და რამდენიმე ძალიან ცნობილ რეჟისორსაც გადაუღია ფილმში, მაგრამ ეს ყველა ფერმკრთალდება ანჟელიკას როლთან შედარებით, რომელმაც მიშელ მერსიე 60-იანების ერთ-ერთ სექს-სიმბოლოდ აქცია. ანჟელიკა (არ წამიკითხავს, მაგრამ ვვარაუდობ, რომ) დიდივერაფერი წიგნების დიდივერაფერი ეკრანიზაციაა. სულ სამი – “ანჟელიკა – ანგელოსთა მარკიზა”, “შესანიშნავი ანჟელიკა” და “ანჟელიკა და მეფე”. მაგრამ ამ ფილმებმა ისეთი ფურორი მოახდინა, რომ ბარე ბევრს შეშურდება. ამ ყველაფერში დამნაშავე მიშელ მერსიეს გარეგნობაა. Continue reading

პატიმარი No5

– არაფერში ვარ დამნაშავე, მე ხომ ასე მასწავლიდნენ.
– ყველას ასწავლიდნენ, მაგრამ პირველი მოწაფე რად იყავი?!
ევგენი შვარცი. “დრაკონი”

Albert Speer ნიურბერგის ტრიბუნალის განსასჯელებმა განსხვავებული ტაქტიკა აირჩიეს – ერთნი ბრალს აღიარებდნენ და მსაჯულთ შეწყალებას სთხოვდნენ, მეორენი მზადყოფნას გამოთქვამდნენ, პასუხი ეგოთ, მესამენი – ყველაფერს უარყოფდნენ… ალბერტ შპეერი თავს დამნაშავედ ცნობდა და წუხდა მხოლოდ იმაზე, რომ ჰოლოკოსტისა და პატიმართა განადგურების შესახებ არაფერი იცოდა. რომ ცოდნოდა – წამითაც არ დარჩებოდა ჰიტლერის გვერდით. რომ ცოდნოდა – პირველი ეცდებოდა ამ სადიზმის შეჩერებას.

თუ ჰიტლერს ჰყავდა მეგობარი – ეს, ალბათ, ალბერტ შპეერი იყო. მასა და ფიურერს ბევრი საერთო ინტერესი ჰქონდათ, პირველ ყოვლისა კი – ხუროთმოძღვრება. ჰიტლერი, როგორც ცნობილია, ხატავდა და არქიტექტორობას აპირებდა, მაგრამ ვენის სამხატვრო აკადემიაში არ მიიღეს. შპეერმა კი წარმატებით დაასრულა უნივერსიტეტი და 1933 წელს, როდესაც მისი და ფიურერის გზები პირველად გადაიკვეთა, ნიჭიერ და იმედისმომცემ არქიტექტორად ითვლებოდა. 1934 წლის ნიურნბერგის პარტიული კრების ტრიბუნის მშენებლობა პირველი საპასუხისმგებლო დავალება და ალბერტ შპეერის კარიერის დასაწყისი იყო. 1937 წელს უკვე სრულიად ბერლინის სახის შეცვლა დაავალეს. ახალ ბერლინს ძველი ბერლინის ნანგრევებზე აგებდნენ. მანამ, სანამ 1945 წელს დედაქალაქის დაბომბვას საბჭოთა არტილერია დაიწყებდა, ბერლინის ნგრევას ახორციელებდა შპეერი – 20’000-ზე მეტი შენობა დაანგრია, რომ ახალი ნაგებობებისთვის ადგილი გაეთავისუფლებინა. მან ააგო რაიხსკანცელარიის გრანდიოზული შენობა და, შემოქმედებითთან ერთად, დიდი საორგანიზაციო ნიჭიც გამოავლინა –  გიგანტური მშენებლობა სულ რაღაც ერთ წელიწადში დაასრულა.

Continue reading

ჩემი სახელია სტრონგი, ჯეკ სტრონგი!

ჯაშუშთა თამაშები

1972 წელს აშშ სამხედრო ატაშემ ბონში მიიღო უცნაური წერილი, რომელშიც ვინმე, ვინც საკუთარ თავს წარადგენდა როგორც პატრიოტსა და ოფიცერს კომუნისტური ქვეყნიდან, გამოთქვამდა სურვილს გადაეცა ამერიკელი სამხედროებისთვის Kuklinski-docმნიშვნელოვანი ინფორმაცია და ითხოვდა შეხვედრას. ასეთი შეხვედრა მართლაც შედგა. ქალაქ ჰააგაში. და ადამიანი, რომელიც ამ შეხვედრაზე მივიდა, სულ მალე იქცა დასავლეთის ერთ-ერთ ყველაზე ფასეულ პარტნიორად ვარშავის ბლოკში. მას კოდურ სახელად შეურჩიეს ჯექ სთრონგი, ხოლო ნამდვილი სახელი იყო რიშარდ ეჟი კუკლინსკი (Ryszard Jerzy Kukliński), პოლონეთის არმიის პოლკოვნიკი, გენერალური შტაბის სტრატეგიული თავდაცვის დაგეგმვის ცენტრის ანალიტიკოსი.

კუკლინსკის ხელი მიუწვდებოდა ზესაიდუმლო სამხედრო ინფორმაციაზე. ის იყო ერთ-ერთი, ვინც მონაწილეობდა ოპერაცია “დუნაის” დაგეგმვაში (საბჭოთა და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების სამხედრო ნაწილების ინტერვენცია ჩეხოსლოვაკიაში,  ე.წ. “პრაღის გაზაფხულის” სისხლიანი დასასრული), წარმოადგენდა პოლონეთის არმიას და ახორციელებდა ოპერატიულ კავშირს საბჭოთა გენერალურ შტაბთან.

Continue reading

ტრანსგენდერები პოდიუმზე

Lea T by Duranმე იმ ქვეყნისა რა ვთქვი, სადაც ყველაზე მაგარი ნაშა კაციაო – იხუმრა ვინმემ. კესარიას გულისხმობდა და საქართველოს.

მაგრამ “ჟივანშის” სახლის აზრით, გაგიკვირდებათ და ასეთი ქვეყანა ბრაზილიაა. მოდის ინდუსტრიის ამ გიგანტის კრეატიული დირექტორი, რიკარდო ტიში მოხიბლულია ბრაზილიელი მოდელების სილამაზით, მაგრამ მისი მუზა, აგერ უკვე რამდენი წელია, არის არც ადრიანა ლიმა, არც ალესანდრა ამბროზიო, არც ჟიზელი, არც ემანუელა დე პაულა და არც ლაის რიბეირო. მისი შთაგონების წყარო არის ლეა ტი (Lea T), რომლის ნამდვილი სახელიც ლეანდრო მედეიროშ სერეზოა, ცნობილი ფეხბურთელის, ტონინიო სერეზოს შვილი. ლეანდრო მამაკაცის სახელია და ლეა ტიც ერთ დროს მამრი იყო. შემდეგ – ტრანსგენდერი. 2011 წელს სქესის გამოცვლის ოპერაცია ჩაიტარა და ამჟამად უკვე ქალია. რიკარდო ტიშის გემოვნებით, ყველაზე ლამაზი ქალი ბრაზილიაში. და – არამხოლოდ ბრაზილიაში. სხვათა შორის, თავად იუბერ დე ჟივანშის მუზა, შეგახსენებთ, ოდრი ჰეფბერნი იყო.

Lea Tby Karel LosenickyLea T by Stefano Moro 3

Continue reading

Just Do It!

ის არ არის ყველაზე კარგი მომღერალი, ვისთვისაც მომისმენია. გულწრფელად ვთქვა და არც ვუსმენ. 🙂 ნამდვილად კარგი მსახიობია, მაგრამ, რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესი მსახიობებიც მინახავს. თან – ძალიან ბევრი. ვერც იმას ვიტყვი, რომ ყველაზე ლამაზი ქალია. უამრავი სხვა, გამაოგნებლად ლამაზი ქალია კინოსა თუ სცენაზე… მაგრამ, როდესაც ქალი და ორი შვილის დედა 45 წლის ასაკში გამოიყურება აი – ასე

Continue reading

წინასწარმეტყველი

Hanussenავსტრიიდან გააძევეს. ჩეხეთში დაპატიმრეს და ყალთაბანდობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგა. უნგრეთში ეკლესია აუმხედრდა და ჯადოქრობა დასწამა. ლიტვაში პოლიციამ ჰიპნოზის სეანსების ჩატარება აუკრძალა. მაგრამ ბევრი მისი წინასწარმეტყველება, რომელსაც საჯაროდ აკეთებდა, ახდა და რაც მეტს დევნიდნენ, მეტად იზრდებოდა მისი პოპულარობა.

მან იწინასწარმეტყველა ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლა და სტალინის სიკვდილი. მეორე მსოფლიო ომის დაწყება და მესამე რაიხის კრახი. მაგრამ ვერ განჭვრიტა საკუთარი ბედ-იღბალი. ერიკ იან ჰანუსენმა (Erik Jan Hanussen), რომელიც თავს არტისტსა და ფაკირს უწოდებდა, თანამედროვენი კი უდიდეს წინასწარმეტყველად მიიჩნევდნენ.

ამბობენ რომ ერთხელ, პატარაობისას შუაღამისას გაეღვიძა, გააღვიძა სახლის მეპატრონის პატარა შვილი, მოჰკიდა ხელი და ეზოში გაიყვანა. ამ დროს სახლში გაზი აფეთქდა და ყველაფერი ცეცხლში გაეხვია.

ამ ამბიდან ბევრი წლის შემდეგ ის და მისი მეგობარი ტერეზა ლუკაში (ლიზა ლუქსი) კაფეში ისხდნენ. უცებ ჰანუსენი წამოდგა, ქალს ხელი მოჰკიდა და აიძულა მაგიდა გამოეცვალათ.  ამ დროს კაფეში ჩოჩქოლი ატყდა, სამზარეულოდან გამოვარდა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც დამბაჩამომარჯვებული მეუღლე მოსდევდა. სამი გასროლიდან ერთმა ტყვიამ სწორედ იქ ჩაიზუზუნა, სადაც წუთის წინ ტერეზა იჯდა.

30-იანებში ჰანუსენმა ბერლინში დაიდო ბინა. მართავდა თეატრალურ-ოკულტურ წარმოდგენებს, კითხულობდა აზრებს, ცნობდა ჩაფიქრებულ ბანქოს ქაღალდს, პოულობდა დამალულ ნივთებს… მას ასისტენტთა მთელი დასი ჰყავდა, რომლებიც მაყურებლებს შეერეოდნენ ხოლმე და ფარული მინიშნებით ეხმარებოდნენ წინასწარმეტყველს… ამიტომ უწოდებდა ჰანუსენი თავს არტისტსა და ფაკირს. საცირკო ხელოვნებას ყმაწვილობაშივე დაეუფლა – მისი მშობლებიც მსახიობები იყვნენ. მაგრამ ერთი იყო საცირკო წარმოდგენა და მეორე მომავლის წინასწარ ჭვრეტის უნარი. ეს უცაბედად ხდებოდა. ჰანუსენის გონებაში ანაზდად წამოიშლებოდნენ სურათები. იმ ამბავთა სურათები, რაც არ მომხდარიყო ჯერ. წინასწარმეტყველურ განცხადებებს ღიად და საჯაროდ აკეთებდა. ბეჭდავდა პრესაში, მათ შორის Hanussen Magazin-სა და Berliner Wochenschau-ში. ასე სცდიდა ბედს. და მისი არაერთი წინასწარმეტყველება მართლაც ახდა.

Continue reading