ქართ ვონეგათი
იმ მშვენიერ დილას თამფა ბეიში ბაღის გრძელ მერხზე ჩამომჯდარიყო ორი მოხუცი და ფლორიდის მზეს ეფიცხებოდა. ერთი გატაცებით კითხულობდა წიგნს, თან ცდილობდა, წაკითხული არ გაჰბნეოდა, მეორე კი, სახელად ჰაროლდ ქეი ბალარდი, მისი ცხოვრების თავგადასავალს ჩაჰყვიროდა ყურში. ხმამაღლა, ვნებით და გამოთქმით, როგორც საჯარო გამოსვლისას იციან ხოლმე. იქვე წამოკოტრიალებულიყო ბალარდის ლაბრადორი და წიგნის მკითხველის კოჭებს ყნოსავდა ხანგაშვებით. სველი ცხვირის ყოველი შეხება ჟრუანტელს ჰგვრიდა მოხუცს.
ბალარდს ბევრი ჰქონდა მოსაყოლი – სანამ პენსიაზე გავიდოდა, ათასი საქმე გამოიცვალა და ყველგან წარმატება შეხვდა, ამიტომ საკუთარ დიდად საგულისხმო წარსულს რუდუნებითა და წვრილად მიმოიხილავდა ხოლმე.
მაგრამ ის გადააწყდა იგივე პრობლემას, რომელიც ასე კარგად იციან კანიბალებმა – ყოველი მსხვერპლი, სამწუხაროდ, ერთჯერადია და ხელმეორედ ვერ გამოიყენებ. ყველა, ვისაც თუნდაც ერთი საათის გატარება მოუხდა ბალარდთან, მისი და მისი ძაღლის დანახვაზე საგულდაგულოდ იმალებოდა და ვერაფრის დიდებით დაითანხმებდი ერთი მერხის გაზიარებაზე.
ამიტომაა რომ ბალარდი და მისი ძაღლი ყოველდღე გადიან პარკში და დაეძებენ ახალ სახეებს. ამ დილით ძალიან გაუმართლათ – მაშინვე იპოვეს ეს უცნობი, ჯერ კიდევ ბოლო ღილამდე შეკინძული პერანგით, გახამებული საყელოთი და ჰალსტუხით. აშკარაა, ახლახან ჩამოსულიყო ფლორიდაში და წიგნის გარდა, სხვა საქმე არ აჰქონდა.