როგორ?

გამიგონია, თეატრი გარდერობიდან იწყებაო. არ ვიცი, ვინ თქვა. კიდევ პიესაში პირველ მოქმედებაში თუ კედელზე თოფია, მესამეში გაისვრისო – ეს, მგონი, ანტონ პალიჩის სიტყვებია… არ ვიცი, მართლა ისვრის, თუ არა – მე ერთი დოუხვეწავი და ხეპრე ადამიანი ვარ, თეატრში და ოპერაში სიარულს “ავატარის” ყურება და პოპ-კორნის კნატუნი მირჩევნია.

კიდევ იმას იტყვიან ხოლმე – ქვეყანა ვაგზლიდან იწყებაო… აი, ეს კი სიმართლეა. ფრანკფურტში ვინც მატარებლითაა ჩაგრიხინებული, რკინიგზის სადგურიდან გამოხვალ და – ერთ მხარეს სექს-შოფებია, მეორე მხარეს ბანკების ცათამბჯენები მოჩანს და მესამე მხარეს კი დიდი პარკია, საიდანაც შილერის და გოეთეს ქანდაკებები გიმზერენ. ჰოდა, ლუდსა და ღორის კანჭს თუ დაამატებ – მთელი გერმანიაც ეგაა, მეტი კი არაფერი…

თუმცა, ძაან შორს წავედი. მოკლედ, თეატრი არ ვიცი და ჩემი ბლოგ(ებ)ი ნამდვილად Windows Live Writer-იდან იწყება.პოსტებს რამდენიმე სხვადასხვა ბლოგზე ვაქვეყნებ. ამასთან, თითო პოსტისთვის დაწერიდან სანამ ის on-line სინათლეს იხილავდეს საშუალოდ 5 დღე მაინც მჭირდება – უნდა მოვიფიქრო, დავწერო, დავასურათო, გადავიკითხო და გამოვაქვეყნო… რაკიღა, ეს დღეები ერთმანეთის მიწყობილი არაა – ერთი ალთასაა – მეორე ბალთას, ხშირად ერთდროულად 10-20 დაუმთავრებელი პოსტი (დრაფტი) მიგროვდება ხოლმე (ამ წუთას – 16 მაქვს… თუმცა, ახლა ამ პოსტს საბოლოოდ ჩავასწორებ, გამოვაქვეყნებ და 15 დარჩება :)), თან – სხვადასხვა ბლოგისთვის… ჰოდა, ჩემნაირი (ალბათ, მოუწესრიგებელი ქვია) ბლოგერისთვის Windows Live Writer მისწრებაა – არ მჭირდება სხვადასხვა ბლოგის სხვადასხვა არქივში ქექვა საკუთარი დაუმთავრებელი პოსტების მოსაძებნად – ყველა აგერ მაქვს – ცხვირწინ… თუ თვალწინ. ძალიან მოსახერხებელია. ცხადია, წერითაც Live Writer-ში ვწერ და გამოქვეყნებითაც პირდაპირ Live Writer-იდან ვაქვეყნებ.

პროგრამა უფასოა და საიტზე უამრავი დამატებითი ფლაგინიც აქვს – ყველა იპოვის საკბილოს. პირადად მე სმაილიკების დამატების, სურათების მოძიების, სქემებისა და გრაფიკების ფლაგინებს ვიყენებ. მოძიებული სურათები შეგიძლიათ სხვა ინტერნეტ-წყაროებიდან დაურთოთ პოსტს ბლოგზე აუტვირთავად, ატვირთოთ თქვენს ბლოგზე ან Windows Live-ის სერვერზე საკუთარი საქაღალდე გახსნათ და იქ შეინახოთ – და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, Windows Live Writer-იდან გაუსვლელად.

პროგრამას სინქრონიზაციის ფუნქციაც აქვს – ანუ, არა მხოლოდ ოფლაინ დრაფტებთან შეგიძლიათ იმუშაოთ, არამედ ბლოგზე უკვე ატვირთული გამოქვეყნებული თუ გამოუქვეყნებელი პოსტებიც შეგიძლიათ, ჩაასწოროთ, მიშალოთ-მოშალოთ და რაც გაგეხარდებათ. სფელინგიც აქვს – თუმცა, ეს მხოლოდ ინგლისურენოვანი პოსტებისთვის გამოგადგებათ. ქართულიზა – ბოდიშიო.

Windows Live Writer-ისთვის სულ ერთია, რა პლატფორმაზე დგახართ: ვორდპრესელი ხართ, ბლოგგერელი თუ სადღაცსხვაგანელი – ნებისმიერს ცნობს და მშვენივრად ერგება.

***

ბარემ აქვე დავწერ, რომ სხვისი ბლოგები ჩემთვის Bloglines-ით იწყება. ბევრმა წაიკითხეთ ალბათ Dodka-ს პოსტი-გამოკითხვა, რომელ ინტერნეტ-გვერდებს სტუმრობთ ყოველ დღეო. მაშინ დავფიქრდი და ესეთი ჩემთვის მხოლოდ http://www.bloglines.com/myblogs-ი აღმოჩნდა. იქ გადავავლებ ხოლმე დილაობით თვალს დაფავორიტებულ ელექტრონულ მედიას და დაფავორიტებულ ბლოგებსაც. მინდა გითხრათ, რომ ეს ბლოგიც სწორედ  იკითხება ყველაზე გემრიელად).

გუგლ რიდერიც ვცადე, ნეთვორქ ბლოგებიც (ფეისბუქზე სულაც ნეთვორქ ბლოგების ხათრით დავრეგისტრირდი) და, სულ ბოლოს, ბლოგროლ.ჯი და ბლოგროლ.დიზაინ.ჯიც (ნუ, ესენი მაინც უფრო ლოკალური მოხმარებისაა)… შემდეგ მივხვდი, რომ რაღაც ვერ ვკითხულობ გემრიელად – ისევ ბლოგლაინს დავუბრუნდი და სხვებს თავი დავანებე. ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელია.

  • თუმცა, კიდევ არსებობს Netvibes. ესეც ძალიან კარგია. ცოტათი გადატვირთულია ზედმეტი ოფციებით, იმჰო, მაგრამ ამათგან ბევრი მართლა საინტერესო ფუნქციაა.

დაბუკმარკებულ ბლოგებს არ ჩამოვთვლი… გემოვნებას რას გაუგებ, ჩემო ოლღა, ზოგს მღვედლი მოწონს, ზოსაც, მღვდლის ცოლი ურჩევნია, მაგრამ კომუნა.ჯი კი აუცილებლად უნდა დააფავორიტოთ თქვენც. ალბათ, გაქვთ კიდეც დაფავორიტებული – კომუნა ქართული ბლოფოსფეროს რიდერს დაიჯესტია. ბევრი ბლოგის შესახებ სწორედ მათი წყალობით გავიგე. ბევრი პოსტი სწორედ მათი წყალობით წავიკითხე. ძალიან სასარგებლო ქართული რესურსია… და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემმა პოსტებმაც მიიპყრეს კომუნარების ყურადღება. 🙂 კომუნა.ჯი ნამდვილად იმსახურებს ბლოგერებისა და ბლოგის მკითხველების მადლობას.

P.S.

ბლოგერმა kevana-მ დამიკომენტა, “საინტერესო თემაა, როგორ წერ პოსტებს”-ო და ა.შ. აი, ასე ვწერ ჩემ პოსტებს და ასე ვკითხულობ სხვის პოსტებს.

P.P.S.

Windows Live Writer-ით სხვადასხვა ბლოგისთვის დაწერილ-გამოქვეყნებული პოსტები:

ფისი-ფისი ბიჭები …და ტრუსჩახდილი გოგონები
დიადი რუსი ჯუჯა
გუტენბერგის აღსასრული
გალაქტიკური ისტორია: ზავი იმპერიასთან

What Nabucco means for Georgia?

10 thoughts on “როგორ?

  1. You signed in successfully with a blog account, but you do not have a blog with this service provides. Check with the blog service provides and then try again.
    ამას მიწერს შესვლისას. არადა გადმოვიწერე და მეგონა მეშველა-მეთქი.

    Like

    • ლინკი კი ილინკება, ბლოგი არ ჩანს 🙂

      ვორდპრესის მისამართი ჩაწერე კომ არა. დამერე შეხვალ.
      მეც ვორდპრესი მაქვს მითითებული და არა ნეტი.

      Like

    • ჰოდა მანდ სრული მისამართი ჩაწერე ვპ-ის და სერვერად ვორდპრეს.კომ

      Like

Comments are closed.